2025 წელი ის იშვიათი შემთხვევა აღმოჩნდა, როდესაც ისტორია ჩვენ თვალწინ, ყოველთვიურად იწერებოდა. მალე უკან მოვიტოვებთ ქაოსურ და მოულოდნელობებით სავსე 12 თვეს, რომლის განმავლობაშიც ყველაფერი ვიხილეთ: დაწყებული ამერიკელი პაპის არჩევით, დამთავრებული კოსმოსში გაფრენილი პოპ-ვარსკვლავებით. წლის მიწურულს TheDiary-ს რედაქცია 2025-ის შეჯამებას გთავაზობთ.
ტრამპის დაბრუნება
წლის დასაწყისშივე მსოფლიო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა. ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მეორედ დაბრუნებას შეძლებდა, თუმცა ის ამჟამად აშშ-ის 47-ე პრეზიდენტია.
კენდრიკ ლამარის „შამათი“ სუპერბოულზე
ნიუ-ორლეანში, Super Bowl-ის შესვენებაზე, კენდრიკ ლამარმა საუკუნის ტრიუმფი მოაწყო. კანადელ მუსიკოსთან, დრეიკთან ისტორიული ჰიპ-ჰოპ დაპირისპირების შემდეგ, კენდრიკმა სუპერ-ბოულზე ე.წ. დის ტრეკის, Not Like Us-ის შესრულებით საბოლოოდ დაიდგა გამარჯვებულის გვირგვინი. ეს არ იყო მხოლოდ მუსიკალური ნომერი, ამით კენდრიკმა რეპ-ისტორიაში ყველაზე გახმაურებულ ომს სიმბოლურად წერტილი დაუსვა.
Ph: Mike Segar
კეტი პერი კოსმოსში
წელს პოპ-კულტურა დედამიწის საზღვრებს გასცდა. კეტი პერიმ ასტრონავტის როლი მოირგო და Blue Origin-ის ხომალდით კოსმოსში 10 წუთზე მეტი გაატარა. უწონადობის მდგომარეობაში მყოფმა მომღერალმა პირდაპირ ეთერში თავისი მომავალი ტურნეს სიმღერები დააანონსა და თავის შვილს კამერით გვირილა აჩვენა, ნიშნად იმისა, რომ ყველა ჩაფიქრებული ოცნების ასრულებაა შესაძლებელი.
პირველი ამერიკელი პაპი ვატიკანში
ვატიკანში ორდღიანი კონკლავის შემდეგ, კათოლიკური ეკლესიის 267-ე ლიდერად ჩიკაგოელი კარდინალი, რობერტ ფრენსის პრევოსტი აირჩიეს. მან ლეო XIV-ის სახელი მიიღო. ეს ისტორიული მომენტია, რადგან ეკლესიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც წმინდა პეტრეს ტახტს ამერიკელი წინამძღოლი იკავებს.
დემნა გვასალია Gucci-ს სათავეში
მოდის სამყაროში ნამდვილი რევოლუცია მოხდა, 10-ზე მეტ მოდის სახლს ახალი კრეატიული დირექტორი ჰყავს. მათ შორისაა ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია, რომელიც Gucci-ს კრეატიულ დირექტორად დაინიშნა. Balenciaga-ში გატარებული წლების შემდეგ, იტალიურ მოდის სახლში დემნას გადასვლა წლის ერთ-ერთი მთავარი ტრანსფერია, მეთიუ ბლაზის Chanel-ში გადასვლასთან ერთად.
მატილდა გვარლიანი დემნას Gicci-ს პირველ კოლექციაში
Coldplay-ს სკანდალი: ღალატი პირდაპირ ეთერში
ბოსტონში, Coldplay-ს კონცერტზე, ყველასთვის კარგად ნაცნობი „კოცნის კამერა“ (Kiss Cam) კორპორაციულ კოშმარად იქცა. კამერამ შემთხვევით დააფიქსირა კომპანია Astronomer-ის აღმასრულებელი დირექტორი და ამავე კომპანიის ადამიანური რესურსების მენეჯერი ჩახუტებულ მდგომარეობაში. სკანდალს სოციალურ ქსელებში „მიმების“ ტალღა, ხოლო კომპანიაში სერიოზული საკადრო ცვლილებები მოჰყვა.
სიდნი სუინის ჯინსის რეკლამა
American Eagle-ის სარეკლამო კამპანია სიდნი სუინის მონაწილეობით ნამდვილ სოციალურ პროვოკაციად იქცა. სლოგანმა – Sydney Sweeney Has Great Jeans (სადაც სიტყვა genes, ანუ გენები, გადახაზული იყო და ეწერა jeans, ანუ ჯინსი) – ინტერნეტში დიდი დავა გამოიწვია. აზრი ორად გაიყო, ერთი ნაწილი, სიდნი სუინის მსგავსად აცხადებს, რომ ეს უბრალოდ ჯინსის რეკლამაა, მეორე ნაწილმა კი ეს სლოგანი გენეტიკურ უპირატესობასა და სილამაზის თანამედროვე სტანდარტებზე უხეშ ხაზგასმად აღიქვა.
ნიშნობების ბუმი
2025 ვარსკვლავური ნიშნობების წელიც გახლდათ. კრიშტიანუ რონალდუმ ჯორჯინა როდრიგესს ხელი 30-კარატიანი ბრილიანტის ბეჭდით სთხოვა. ინტერნეტი ააფეთქა ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ნიშნობამ. წყვილების ამ „მარათონს“ სელენა გომესი და დუა ლიპაც შეუერთდნენ. წელს სელენასა და ბენი ბლანკოს ქორწილიც ვიხილეთ.
ჩარლი კირკის მკვლელობა
მსოფლიო შეძრა ამერიკელი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობამ. Turning Point USA-ს დამფუძნებელი იუტას უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას მოკლეს. კირკი ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მხარდამჭერი და რადიკალური მოსაზრებების ავტორი იყო ისეთ თემებზე, როგორიცაა აბორტი, ფემინიზმი თუ სექსუალობის საკითხები.
MI6-ის პირველი ქალი ხელმძღვანელი ქართული ფესვებით
ბრიტანეთის დაზვერვის (MI6) ისტორიაში პირველად, უწყებას სათავეში ქალი ჩაუდგა. ბლეიზ მეტრეველის (Blaise Metreweli) ამ თანამდებობაზე დანიშვნა საქართველოში განსაკუთრებული სიამაყით აღნიშნეს, რადგან ბლეიზს ქართველი წინაპრები ჰყავს. ბლეიზი პირველი ხელმძღვანელია, რომელმაც საჯაროობა გადაწყვიტა და „ჯეიმს ბონდის სამყაროს“ კულუარებში შეგვახედა.
საუკუნის ძარცვა ლუვრში
ნამდვილი კინოსცენარივით გათამაშდა ძარცვა პარიზის ლუვრში. მძარცველებმა მუზეუმიდან საფრანგეთის სამეფო გვირგვინის ფასდაუდებელი სამკაულები მოიპარეს. ამ ამბავში ყველაზე კომიკური ის აღმოჩნდა, რომ მუზეუმის უახლესი ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პაროლი უბრალოდ... Louvre იყო.
Wicked და სილამაზის მიუწვდომელი სტანდარტები
მიუზიკლ Wicked-ის პრემიერას თან მოჰყვა აჟიოტაჟი მსახიობების გარეგნობის გარშემო. მაყურებელი არიანა გრანდესა და სინთია ერივოს რადიკალურმა სიგამხდრემ შეაშფოთა. ე.წ. „Wicked Slim“ ფენომენმა ჰოლივუდში „ოზემპიკის“ ეპოქისა და სახიფათო ტრენდების დაბრუნებაზე მწვავე დებატები წარმოშვა.
ანა ვინტურის ახალი ეტაპი და ქლოი მალი Vogue-ში
მოდის სამყაროში დიდი ეპოქა დასრულდა: ანა ვინტურმა ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტი 37 წლის შემდეგ დატოვა. ის Condé Nast-ის გლობალურ Chief Content Officer-ის თანამდებობაზე აგრძელებს მუშაობას, მის ნაცვლად კი Vogue-ს სათავეში ქლოი მალი ჩაუდგა.
ანა ვინტური და ქლოი მალი
2025 წლის კულტურული „უცნაურობები“
6-7 ტრენდი: ამ ტრენდით Gen Z-მ და მილენიალებმა მშობლების თაობის ბედი გაიზიარეს. ტრენდი იმდენად გაუგებარი აღმოჩნდა, რომ მისი არსის ამოხსნა დღემდე ბევრს უჭირს.
Labubu-ს მანია: Pop Mart-ის პატარა მონსტრები წლის მთავარ აქსესუარად იქცა. მათ ნახავდით ყველგან, გიორგი მიქაუტაძის ჩანთაზეც კი.
2025-მა სამყარო იმდენად შეცვალა, რომ 2026-ში სრულიად ახალ რეალობაში მოგვიწევს ცხოვრება. მომავალი წელი ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანური ღირებულებების ირგვლივ კიდევ უფრო მეტ კითხვას გააჩენს. TheDiary კი მოვლენების ეპიცენტრში ყოფნას აგრძელებს. ზემოთ ნახსენები ყველა ამბის დეტალური მიმოხილვა კი ჩვენს პლატფორმაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ.
Amazon Prime-ის ახალი სერიალი Off Campus რომანტიკული დრამების ჟანრს ახალ სიცოცხლეს სძენს. სერიალი ელ კენედის პოპულარულ წიგნებს ეფუძნება და მაყურებელს საინტერესო თინეიჯერულ დრამაში ეპატიჟება.
TheDiary-ის ახალი Cover Story საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება. მისი მთავარი გმირები მსახიობი აპოლონ კუბლაშვილი და „დელფოსის“ გამორჩეული კოლექციაა, რომელიც თითბრისგან შექმნილ მოვერცხლილ და მოოქრულ ფიგურებს აერთიანებს.