ბოლო დროს წითელ ხალიჩებზე, სოციალურ მედიასა და საჯარო ღონისძიებებზე ხშირად ვხედავთ ვარსკვლავებს ჩაღრმავებული ლოყებით, გამოკვეთილი ლავიწებით და საგანგაშოდ გამხდარი სხეულით. ისეთი შთაბეჭდილება ჩნდება, თითქოს ჩვენს თვალწინ ადამიანები ნელ-ნელა ქრებიან.
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ „Body Positivity“ ერა დასრულდა და 90-იანებისა და 2000-იანების სტანდარტი, უკიდურესი სიგამხდრე, ე.წ. „Heroin chic“ რებრენდირებული სახით დაბრუნდა.
ამერიკის პლასტიკური ქირურგების საზოგადოების (ASPS) მიხედვით, ახალი იდეალი „ბალეტის სხეული“ გახლავთ. ამ ესთეტიკის, რომელიც გამხდარი, ოდნავ კუნთიანი სილუეტით ხასიათდება, ტრენდად ქცევამ ლიპოსაქციასა და მკერდის გადიდების ოპერაციებზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია. ბალეტის სამყარო კი ცნობილია კვებითი დარღვევებითა და არარეალისტური სტანდარტებით, რასაც ტიკ-ტოკსა თუ ინსტაგრამზე გავრცელებულ ტრენდში არავინ ახსენებს.
სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ცვლილება მოულოდნელი ნამდვილად არ არის. კარდაშიან-ჯენერების კლანმა 2010-იანებში სრული ანუ „Curvy“ ფორმების კულტი დაამკვიდრა, რასაც BBL-ის რევოლუცია მოჰყვა. ახლა კი, თავად ეს ოჯახი საპირისპირო მიმართულებით მიდის. ამ ცვლილების ერთ-ერთი სიგნალი კიმ კარდაშიანმა მოგვცა, როდესაც 2022 წელს მეტ გალაზე მერილინ მონროს კაბის ჩასაცმელად 8 კილო დაიკლო და ყველა ინტერვიუში ამაყად საუბრობდა, რამდენად მკაცრ დიეტას იცავდა 3 კვირის განმავლობაში. მაშინ უკვე ყველამ იცოდა, რომ მოდის ცვლილების ციკლის მომსწრენი გავხდებოდით.
Vogue Business-ის თანახმად მოდის ინდუსტრიაში „განსაცვიფრებლად გამხდარი მოდელები“ დაბრუნდნენ. როგორც ერთ-ერთმა ინსაიდერმა განაცხადა, ზომები ზოგადად შემცირდა, ბევრმა მოდელმა, რომელიც ადრე პლას-საიზის კატეგორიაში იყო, ახლა საშუალო ზომის კატეგორიაში გადაინაცვლა.
ეს ტრანსფორმაცია მხოლოდ ჯანსაღ კვებასა და ვარჯიშს არ უკავშირდება. ამ ამბის მთავარი გმირი ისეთი წამლებია, როგორიცაა Ozempic, Wegovy და Mounjaro. თავდაპირველად დიაბეტისთვის შექმნილი პრეპარატები წონის დასაკლებად ჰოლივუდის ყველაზე ცნობილ „საიდუმლოდ“ იქცა.
მაგალითად, ოპრა უინფრიმ და ილონ მასკმა წამლების გამოყენებაზე ღიად ისაუბრეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრეპარატები ჭარბი წონის სამედიცინო მიზეზებით დასაკლებად ეფექტურია, მათი გამოყენება მხოლოდ ესთეტიკური მიზნებით საშიშ შედეგებს იწვევს. ექიმები უკვე საუბრობენ იმ პაციენტებზე, რომლებიც ამ წამლების არასათანადო გამოყენების გამო გვერდითი ეფექტებით იტანჯებიან.
ეს შემაშფოთებელი ტრანსფორმაცია ყველაზე ნათლად არიანა გრანდეს მაგალითზე ჩანს. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მიუზიკლ „ალქაჯის“ პრეს ტურების დროს, არიანას შესახებ დისკურსი მუსიკის ინდუსტრიიდან მისი გარეგნობის, განსაკუთრებით სხეულის ცვლილების ანალიზზე გადავიდა. მსახიობის რამდენიმე წლის წინანდელ და ამჟამინდელ სურათებს შორის განსხვავება შოკისმომგვრელია.
ინტერნეტში არიანას ფანები ღელავენ, ზოგიერთი ადამიანი კი კონსპირაციული თეორიებით ხსნის მომღერლის დრამატულ ტრანსფორმაციას.
არიანა გრანდე ბავშვობიდან მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო. მის ყოველ ნაბიჯს მილიონობით ადამიანი აკვირდებოდა. ამიტომაც იგი მუდამ კრიტიკის ობიექტი გახლდათ, ბევრად ადრე, ვიდრე პოპ ვარსკვლავი გახდებოდა და ჯერ კიდევ საბავშვო შოუს ერთ-ერთი პერსონაჟი იყო.
არიანა გრანდე იმ ნიკელოდეონის სატელევიზიო ინდუსტრიის პროდუქტია, რომლის ტოქსიკურობა და სექსუალიზებული გარემო ცოტა ხნის წინ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. არიანამ მთელი ცხოვრება საკუთარი იმიჯის მუდმივ ცვლილებაში გაატარა. ჯერ იყო წითელთმიანი, უმანკო კეტ ვალენტაინი, შემდეგ ჰიპერ-სექსუალიზებული „Blackiana“ ერა, ახლა კი, მომღერალი ფაიფურისავით მსუბუქ, ეთერულ გლინდად გვევლინება.
მისი ყოველი გარდასახვა მთლიანად შთანთქავს მის პიროვნებას, არა მხოლოდ გარეგნობას, არამედ ხმის ტემბრსა და ქცევებს. საინტერესოა, ახლა ყოველივე რაც მის თავზე ხდება Ozempic-ის ან ვეგანური დიეტის გავლენაა? თუ უბრალოდ მეთოდური მსახიობობის შედეგი? ან იქნებ ეს ყველაფერი იმ ქალის შინაგანი სამყაროს გამოვლინებაა, რომელიც უზარმაზარ, დამანგრეველ ტკივილს განიცდის?
ამას ემატება მისი ყოფილი შეყვარებულის, მაკ მილერის ნარკოტიკებით ზედოზირების ფაქტიც, რამაც დიდი გავლენა იქონია არიანას მენტალურ ჯანმრთელობაზე.
Ph: Pr Newswire
არიანა ცხადი მაგალითია, თუ საითკენ მიდის ჰოლივუდი და რომ ყველაფერი ის, რაც „Body Positivity“ იყო მარკეტინგული კამპანიების ნაწილი გახლდათ და არაფერი სხვა. ციკლი ისევ ბრუნავს და უკიდურესი სიგამხდრე მოდაში ბრუნდება, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენ წინააღმდეგობის გაწევას კვლავ ვერ შევძლებთ.
დღევანდელ ბიზნესგარემოში მთავარი გამოწვევა მხოლოდ გაყიდვების ზრდა ან ბაზარზე ადგილის დამკვიდრება აღარ არის. რეალური სირთულე კომპანიის შიგნით იწყება, ამ სირთულეების მოგვარებაზე კი, 5 წელია კოპანია „ინვენტერი“ ზრუნავს.
მზია ამაღლობელი და საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობა პრაღაში გამართულ „ფორუმ 2000“-ზე საერთაშორისო ჯილდოთი დაჯილდოვდნენ. ჯილდო 2021 წლიდან, სამოქალაქო სიმამაცისთვის, პასუხისმგებლობისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებისთვის გაიცემა.