დემნა, რომელიც Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის პოზიციას 2015 წლიდან იკავებს, დღეს Gucci-ის ახალ კრეატიულ დირექტორად დაინიშნა. გადაწყვეტილება ბრენდების მმართველმა კომპანია Kering Group-მა გაავრცელა, რომელიც ორივე მოდის სახლის მფლობელია. „მისი შემოქმედებითი ენერგია ზუსტად ის არის, რაც Gucci-ს სჭირდება,“ - განაცხადა Kering-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ფრანსუა-ანრი პინომ.
43 წლის ქართველი დიზაინერი Balenciaga-ს ბოლო haute couture ჩვენებას 6 ივლისს გაუწევს ზედამხედველობას, რის შემდეგაც Gucci-ში გადაინაცვლებს და იტალიური ბრენდის აღმასრულებელ დირექტორ სტეფანო კანტინოსთან ერთად იმუშავებს. Kering-ის ინფორმაციით, დემნას მემკვიდრის ვინაობა Balenciaga-ში მოგვიანებით გამოცხადდება.
„მოხარული ვარ, რომ Gucci-ის ოჯახს ვუერთდები,“ - განაცხადა დემნამ, - „ჩემთვის დიდი პატივია, წვლილი შევიტანო ისეთი ბრენდის განვითარებაში, რომელსაც ძალიან ვაფასებ და მომწონს. მოუთმენლად ველი სტეფანოსთან და მთელ გუნდთან ერთად Gucci-ის ისტორიის ახალი თავის დაწერას“.
დემნა გავსალიას ბრენდის VETEMENTS გაზაფხული-ზაფხული 2019 კოლექცია
დემნას Gucci-სთან პირველი შემოქმედებითი თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2021 წელს შედგა, როდესაც Balenciaga-ს გრაფიკული ელემენტები Gucci-ის ისეთ საკულტო აქსესუარებზე გამოჩნდა, როგორიც Jackie-ს ჩანთაა. ახლა კი მას უკვე მთლიანად ბრენდის შემოქმედებითი მიმართულების განსაზღვრა დაევალება.
Vetements-ის დაარსებიდან Balenciaga-ს ბოლო ჩვენებამდე დემნა ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა ქუჩის სტილს. ათი წლის წინ Balenciaga-ში მისვლისას დიზაინერმა სწორედ ის ქუჩის რადიკალური სტილი, თამამი და ირონიული ესთეტიკა განავითარა, რომელიც მან პირველად 2014 წელს Vetements-ში შექმნა. არსებული მონაცემებით, დემნას პირველ წელს Balenciaga-ს შემოსავალი დაახლოებით 200 მილიონ ევროს შეადგენდა, ხოლო 2021 წლისთვის, HSBC-ის შეფასებით, ეს მაჩვენებელი 1.76 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.
Balenciaga SS 2025
დემნას Gucci-სთან თანამშრომლობა ერთგვარი გამოწვევა და ამავდროულად თავგადასავალია. მის წინაშე დგას ამოცანა, ბრენდის ისტორიული კოდებისა და საკუთარი დიზაინერული ხელწერის ბუნებრივად შერწყმით შექმნას სრულიად ახალი ესთეტიკური რეალობა. მოსალოდნელია, რომ ის Gucci-ს თანამედროვე იდენტობას შესძენს.
დემნას შემოქმედებითი ნიჭის სიდიდე კამათს არ ექვემდებარება. თუმცა არსებობს ერთი პოტენციური რისკიც: როდესაც დიზაინერი მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტილით ერთი მოდის სახლიდან მეორეში გადადის, საჭიროა მისი ესთეტიკა ახალ გარემოსა და ბრენდის კონტექსტს მოერგოს, რათა თავიდან იქნას აცილებული ძველი იდეების მხოლოდ კონტექსტიდან ამოვარდნილი გამეორება. თუმცა Kering-ის ბრენდების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე, ფრანჩესკა ბელეტინი ამ საფრთხეს ოპტიმიზმით აფასებს: „10 წლის შემდეგ დემნა მზადაა ცვლილებებისთვის და ახალი შემოქმედებითი გამოწვევებისთვის. მისი კრეატიულობა მართლაც მრავალფეროვანი და ეკლექტურია“.
პარიზის მოდის კვირეული 2025 კიდევ ერთხელ იქცა კრეატიულობისა და მაღალი მოდის ზეიმად. TheDiary წარმოგიდგენთ ყველაზე გამორჩეულ ლუქებს Saint Laurent, Chanel, Dior, Alaïa, Balmain, Issey Miyake და Valentino-ს კოლექციებიდან.
ყოველდღიურობაში ხშირად ვუშვებთ შეცდომებს თავის მოვლის რუტინაში, რაც კანის ნაადრევ დაბერებას, გამონაყარსა და გამოშრობას იწვევს. გაიგეთ, როგორ აიცილოთ ეს პრობლემები და შეინარჩუნოთ ჯანმრთელი კანი.
Weekend Max Mara-ს თრენჩი ბრენდის მარადიული და უნივერსალური ელემენტია, რომელიც გულმოდგინედ ინაცვლებს სეზონიდან სეზონში და ჩვენს ყველაზე სანდო თანმხლებად რჩება.