3 დეკემებრს ნიუ-იორკის Bowery-ს მეტროსადგური ფრანგული მოდის სცენაც იქცა. აქ შანელის Métiers d’Art კოლექციის ფარგლებში, მეთიუ ბლაზიმ სიურრეალური სამყარო შექმნა და ქალაქის ყოველდღიური ქაოსი კინემატოგრაფიულ სანახაობად აქცია.
Courtesy of Chanel
ბლაზის ხედვა მარტივი და გენიალურია: ამბიციური, მოდური და მუდამ სადღაც მიმავალი ნიუ-იორკელი ქალი კოლექციის მუზაა. ის ტვიდის კოსტიუმებში, ჯინსებსა და Chanel-ის სტილის კაბებშია გამოწყობილი. კოლექციის წარსადგენად კი იდეალური სივრცე აირჩა. მეტრო სწორედ ის ადგილია, რომელიც ნებისმიერი ქალაქის მთლიან სოციალურ სპექტრს აერთიანებს, აქ სტუდენტიდან დაწყებული, ცნობილი მოდელებითა და პოლიტიკოსებით დამთავრებული, ყველას შეხვდებით.
Courtesy of Chanel
ერთ ჩვეულებრივ დღეს, ნიუ-იორკის მეტროში შეიძლება ქალაქის მერს, ზოჰრან მამდანისაც კი გადააწყდეთ. მეტრო ის ადგილია, სადაც სხვადასხვა ისტორიები და ამბები ხვდება ერთმანეთს, მეთიუ ბლაზიმ ამ პროცესს „მხიარული ქაოსი“ უწოდა და სწორედ ეს ენერგია გადმოსცა კოლექციაშიც.
Courtesy of Chanel
შოუს ინსპირაციის წყარო კი უფრო ღრმაა და გაბრიელ შანელის მემკვიდრეობიდან იღებს სათავეს. კოკო შანელი ნიუ-იორკის ხშირი სტუმარი იყო და ხშირად აკვირდებოდა, თუ როგორ ატარებდნენ სხვადასხვა სოციალური კლასის ნიუ-იორკელი ქალები შანელის ესთეტიკას ქალაქის ქუჩებში. Bowery-ს სადგური კი იდეალური სცენა აღმოჩნდა კოკოსდროინდელი პოდიუმის აღსადგენად.
Courtesy of Chanel
კოლექციის ბირთვი შანელის დნმ-ის ნაწილი – ტვიდი იყო, თუმცა განახლებული სახით. ბლაზიმ ცხოველის პრინტების ტვიდის სამოსი შემოგვთავაზა. კრეატიული დირექტორის თქმით, კოკო ხშირად ირგებდა ასეთ პრინტებს ნიუ-იორკში ვიზიტების დროს.
Courtesy of Chanel
გამორჩეული ლუქი იყო საკულტო „I love NY“ მაისური. ვიხილეთ ნაქარგი და ნაქსოვი სამოსი, ბუმბულები, ტყავი, სტრუქტურირებული და თავისუფალი დიზაინები. კოლექციის პალიტრაში ჭარბობდა ამერიკული ფერები: წითელი, ლურჯი, თეთრი. ნიუ-იორკის კულტურულ მრავალფეროვნებას ხაზს უსვამდა მოდელი უგბად აბდი, რომელმაც ჰიჯაბი, შავი სამოსი, წელზე მოხვეული წითელი შარფი და დიდი მარგალიტის სამკაულები მოირგო.
2026 წლის Métiers d’Art არ იყო უბრალო კოლექციის პრეზენტაცია, ეს იყო ნიუ-იორკული ცხოვრების დროში გაყინული ერთი წუთი. შოუს არ ჰქონდა ხელოვნური, სტატიკური ხასიათი. ეს იყო დინამიკური, ენერგიული და გულწრფელი ჩვენება, რომელიც დამსწრეების ოვაციებით დასრულდა.
Courtesy of Chanel
ყოველი მოდელი პერსონაჟს ჰგავდა, რომელიც თავის საქმეზე მიიჩქარის, გაზეთს კითხულობს ან ტელეფონზე საუბრობს. მეტრო კი ის ლიმინალური სივრცეა, სადაც ყოველდღიურობის რამდენიმე წუთს სხვა ნიუ-იორკელებთან იზიარებს.
Courtesy of Chanel
ბლაზიმ არა მხოლოდ სამოსი წარმოადგინა, არამედ მოძრაობაში მყოფი თანამედროვე ქალის ხასიათი გადმოსცა. ეს იყო ყოველდღიური რეალობისა და მაღალი მოდის უნიკალური სინთეზი – შანელის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და რელევანტური შოუ.
Delfos-ის საზაფხულო კამპანია ამჯერად ცნობილ იტალიურ ბრენდს - Boccadamo-ს ეძღვნება, რომლის სახეც ლიკა ქორქიაა. ბრენდის კოლექციების მთავარი ხიბლიც მის მრავალფეროვნებასა და უნივერსალურობაშია.
ლუპიტა ნიონგომ ლოს-ანჯელესის სახლი Crate & Barrel-ის დიზაინის გუნდთან ერთად განაახლა. ინტერიერში მთავარი ადგილი ბუნებრივ ხედებსა და მყუდრო გარემოს ეთმობა.