ვიზიარებთ დრეიკის მწუხარებას… თუ ამ ფრაზის მნიშვნელობას ვერ მიხვდით, ე.ი. პოპ კულტურაში ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან გარჩევას თვალს არ ადევნებთ, რომლის მთავარი გმირებიც თანამედროვე ჰიპ-ჰოპ ლეგენდა - კენდრიკ ლამარი და კანადელი მუსიკოსი, დრეიკი არიან. ამჯერად კი ზემოხსენებული გარჩევის კულმინაციაზე გიამბობთ.
ფოტო: Jamie Squire - Getty Images
9 თებერვალს, ნიუ ორლეანში, Caesars Superdome-ზე ისტორია დაიწერა და კენდრიკ ლამარი პირველი სოლო ჰიპ-ჰოპ არტისტი გახდა, რომელსაც Super Bowl Halftime Show-ზე სიმღერის საშუალება მიეცა. 13 წუთიანი შოუ ცნობილი, თუ ახალი მელოდიებისა და სოციალური კომენტარის კომბინაციას წარმოადგენდა, რომელიც ლამართან ერთად მოწვეულ სტუმრებს აერთიანებდა.
სცენაზე პირველი სემუელ ელ ჯექსონი გამოჩნდა, რომელმაც შოუსთვის ბიძია სემის როლი მოირგო და გამოსვლის დროს კენდრიკს კომენტარებით ერთვებოდა. ლამარმა შოუ ახალი სიმღერით - "Bodies" გახსნა. მოგვიანებით სცენაზე მუსიკოსს SZA შეუერთდა, რომელმაც კენდრიკთან ერთად სიმღერები "Luther" და "All the Stars" შეასრულა.
კენდრიკ ლამარი და SZA; ფოტო: Bob Kupbens - Icon Sportswire via Getty Images
სიმღერების ისედაც შთამბეჭდავი ჩამონათვალის მიუხედავად, სტადიონზე შეკრებილები განსაკუთრებით ერთ ტრეკს ელოდნენ, რომელიც ჰიპ-ჰოპ არტისტმა შოუს ბოლოსთვის შემოინახა. მოგეხსენებათ, რომ "Not Like Us" 2024 წელს გამოსული ე.წ. დის ტრეკია (diss track), რომელიც კენდრიკ ლამარმა დრეიკის ერთ-ერთი სიმღერის პასუხად შექმნა.
ფოტო: Patrick Smith - Getty Images
გარდა იმისა, რომ Not Like Us-ის გამოსვლის შემდეგ, დრეიკისგან “არსაიდან ხმა, არსით ძახილი” ისმოდა, სულ ცოტა ხნის წინ, კანადელმა შემსრულებელმა სასამართლოში Universal Music Group-ისა (UMG) და Spotify-ს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო, რომელიც ზემოხსენებული სიმღერით დრეიკის უფლებების დარღვევასა და მიყენებულ ფინანსურ ზარალს ეხება. მთავარი კი ისაა, რომ სასამართლოში საქმე Super Bowl Halftime Show-მდე სულ ცოტა ხნით ადრე შევიდა. ინდუსტრიაში ფიქრობენ, რომ ეს NFL-თვის დისკომფორტის შესაქმნელად წინასწარ გათვლილი ნაბიჯი იყო, თუმცა, ჰოი საოცრებავ?!
“Not Like Us” Halftime Show-ზე ყველაზე ხმამაღლა გაისმა!
ამავე ჰანგებზე ვიხილეთ c-walk-ით აცეკვებული ჩოგბურთის ლეგენდა - სერენა უილიამსიც. სიმღერა DNA-ის შესრულების დროს კი კენდრიკს სცენაზე DJ mustard შეუერთდა.
DJ Mustard და კენდრიკ ლამარი; ფოტო: Jamie Squire - Getty Images
საბოლოოდ არტისტმა 13 წუთში 11 სიმღერა ჩაატია ("Bodies (GNX Snippet)"; "Squabble Up"; "Humble"; "DNA"; "Euphoria"; "Man at the Garden"; "Peekaboo"; "Luther" (SAZ-თან ერთად); "All the Stars" (SZA-თან ერთად); "Not Like Us"; "TV Off"), შოუ კი ჯერ კიდევ გამოუცემელი სინგლით - "TV Off" დაასრულა.
ფოტო: Christopher Polk
წლევანდელი შოუს კრეატიული მიმართულება Roc Nation-ის ანგარიშზეა. Jay Z-ის მიერ დაარსებულმა სააგენტომ NFL-თან პარტნიორობა 2019 წელს გააფორმა და მას მერე ღონისძიების შემოქმედებით მიმართულებას კურირებს.
საბოლოოდ, კენდრიკის შოუმ არაერთგვაროვანი რეაქციები დაიმსახურა.ზოგი ლამარის ინტელექტუალურ და პროვოკაციულ მიდგომას ამართლებს, ზოგიც თვლის, რომ არტისტმა Halftime Show-ს სტანდარტული ფორმატიდან ზედმეტად გადაუხვია. ფაქტი კი ისაა, რომ კენდრიკის გამოსვლას მილიონობით ადამიანი ელოდა და მუსიკოსმაც იმედები არ გაგვიცრუა.
ზაკ ეფრონი იბიცაზე, აუზზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. წყაროს ცნობით, ჰოლივუდელი მსახიობი, რომელიც ევროპაში ოლიმპიადის დაწყებიდან მოყოლებული იმყოფება, აუზიდან ორი პირის დახმარებით ამოიყვანეს.
წლების წინ, როცა სოციალური მედია არ არსებობდა, არც “გადახვევით” შეგვეძლო ტელევიზორის ყურება და ვერც დილით “დავგუგლავდით” გამარჯვებულების სიას, მილენიალები ერთ ღამეს ჩვენს მკაცრ მშობლებთან ერთად “ვათენებდით” და კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიალს (ქართული თარგმანით) დიდი მონდომებით ვუყურებდით. დღეს, ძილსაც სხვა ფასი აქვს და “ოსკარების” მნიშვნელოვანი მომენტების მიმოხილვასაც სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. თუმცა…
იმ ქალაქების შემოსავალი, რომლებიც Eras ტურნეს კონცერტებს მასპინძლობს, საღამოზე დასასწრებად ჩამოსული ასი ათასობით ტურისტის გამო ყოველდღიურად იზრდება. ფინანსური ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში Eras ტურნე სამომხმარებლო ხარჯებით 5 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს.