გია ყანჩელი - გენიოსი კომპოზიტორი საქართველოდან

| ნანკა კიკალია |

რიცხოვნობით პატარა ერი რომ ვართ ვიცით, მაგრამ რიცხვებს განა მნიშვნელობა აქვს, როდესაც ისეთი დიდი ადამიანებით შეგვიძლია დავიკვეხნოთ, როგორიცაა შოთა რუსთაველი, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა, აკაკი, გალაქტიონი, ღმერთო, რა მოსთვლის... ანდაც რიცხვებს რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც ჩვენია ფიროსმანი და სულხან საბა ორბელიანიც. დასაკვეხნის მეტი რა გვაქვს, ქვევრის ღვინოც ჩვენია და თაფლიც, პირველი ევროპელებიც აქ ცხოვრობდნენ, ზეზვა და მზიაც დაგემოწმებათ და აქ გავჩერდები. დღევანდელი სტატია მინდა მივუძღვნა ადამიანს, რომელმაც ჩემს, თქვენს ეპოქაში იცხოვრა და არაერთი საოცარი მუსიკა გვაჩუქა, არამხოლოდ ჩვენ, ქართველებს, არამედ მსოფლიოს, დედამიწას, კოსმოსს, გალაქტიკას.

გია ყანჩელი

გია ყანჩელი დედაქალაქში დაიბადა, ალექსანდრე ყანჩელის ოჯახში. კომპოზიტორმა საკუთარი მეხუთე სიმფონია, რომლის ქართული პრემიერა 1978 წლის 27 თებერვალს თბილისში შედგა, სწორედ მშობლებს - აგნესა და ალექსანდრე ყანჩელებს მიუძღვნა.

ზრდასრულობის ცინიზმისა და ახალგაზრდობის იდეალიზმის კონფლიქტი, ჭეშმარიტი ღირებულებების ჭიდილი უიმედობასთან, გია ყანჩელმა სწორედ ამ, მშობლების ხსოვნისადმი მიძღვნილ სიმფონიაში #5 გადაიტანა. ამ გენიალურ კომპოზიტორს აქვს გასაოცარი უნარი თავის მუსიკალურ თემებს უცნაური და საიდუმლოებით მოცული განწყობა მიანიჭოს.

მომავალი კომპოზიტორი მამასთან, ალექსანდრე ყანჩელთან ერთად

ყმაწვილ გიას, თავდაპირველად გეოლოგიის სწავლა ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ, იგორ სტრავინსკის „ კურთხეული გაზაფხულის“ მოსმენით შთაგონებულმა, თბილისის კონსერვატორიაში ჩააბარა და 1959 წლიდან ოთხი წლის განმავლობაში სწორედ აქ სწავლობდა. ვერასდროს გავიგებთ თუ როგორი გეოლოგი გამოვიდოდა ყანჩელი, მაგრამ რაც დანამდვილებით ვიცით, ეს ასეც რომ მომხდარიყო და ყანჩელს არასწორი გზა აერჩია, არ გვექნებოდა მუსიკა, რომელიც 40-ზე მეტ გენიალურ ქართულ ფილმში ჟღერს და მათ შორის არის „მიმინო“, „ქინ-ძა-ძა!“ და სხვა კინომუსიკა პაროდიული, დისტოპიური, სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებისთვის, რომელიც ასევე გენიალურმა რეჟისორმა გიორგი დანელიამ შექმნა.  

ყანჩელის ყველაზე აღიარებული კომპოზიციები, თუმცა ქართული ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი, მისი სტუდენტობის პერიოდით თარიღდება, მათ შორის არის 1961 წელს შექმნილი „ქარის კვინტეტი". ყანჩელის კომპოზიციები ამ დროს არაერთ კრიტიკას იწვევდა, მიზეზი კი კომპოზიტორის ჯაზისადმი დიდი ინტერესი იყო. ეს ინტერესი არაერთი განხილვის თემა ყოფილა საბჭოთა კავშირის ავტორიტეტების თემში, როგორც დასავლეთის ხელოვნების მიმართ გაჩენილი საშიში ინტერესი. თუმცა, გიას შემთხვევაში მუსიკამ იმარჯვა და ამავე დესპოტურმა მმართველობამ გია ყანჩელს სახალხო არტისტის წოდებაც მიანიჭა.

1967 და 1986 წლებში გია ყანჩელმა შვიდი სიმფონია შექმნა, სადაც სტრავინსკის გავლენიდან ნელ-ნელა თავს აღწევს, უფრო მეტი თავისუფლებას აძლევს საკუთარ კომპოზიციებს  და სოციალურ თემებსაც მეტად ეხება. ალბათ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ გია ყანჩელის მუსიკა გარკვეული პერიოდით დაიბლოკა. საბჭოთა კავშირმა ტაბუდადებულ მუსიკაში შეიყვანა ყანჩელის გენიალური ნაწარმოებებიც. თუმცა, აქ მუსიკამ კვლავ იმარჯვა (იქ, მაღლა, საბჭოურ ოლიმპზე ვიღაცას მუსიკა თავისუფალი აზრის სიძულვილზე მეტად უყვარდა) და სიმფონიამ No4 (1974წ.) საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიაც მოიპოვა. ამ პრემიის მოპოვებიდან ორ წელიწადში ამავე კომპოზიციის პრემიერა აშშ-იც შედგა.

საბჭოთა კავშირი იშლება, რკინის კარები იღება და გია ყანჩელის მუსიკას ხმამაღლა ისმენს მსოფლიო. სულ უფრო მეტი და მეტი ინტერესი ჩნდება ყანჩელის გენიალური მუსიკისადმი. თუმცა, როგორც ხშირად ხდება, საქართველოში იბადებიან და საქართველოდან გარბიან შემდეგ, არა იმიტომ რომ არ უყვართ, არა იმიტომ რომ არ უნდათ დარჩენა, არამედ იმიტომ რომ საქართველოში ხშირად არ აფასებენ, მანამ, სანამ უცხო ხილი არ გახდება (აქ, კოწია გამსახურდიას დავესესხე, მეფე გიორგი I-ის უკანასკნელი აღსარებიდან). ყანჩელის ემიგრანტი გახდა, ის სამოქალაქო ომის შედეგად დაშლილი საქართველოდან დასავლეთ ევროპაში წავიდა, სადაც გერმანიასა და ბელგიას შეაფარა თავი. მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში გია ყანჩელის მუსიკის გახმაურებული პრემიერები, კონცერტები იმართება ევროპასა და ამერიკაში, თუმცა გადასახლებისა და დანაშაულის გრძნობა ამ პერიოდის  მუსიკაში განსაკუთრებით ისმის და მძაფრდება კონცერტში Abii Ne Viderem (მე შევტრიალდი, რომ არ მენახა, 1992-94 წწ).

ყანჩელის ხმოვან სამყაროში რაღაც წარმოუდგენლად ბუნებრივი ჟღერს, სწორედ ესაა, რაც ასე სულის სიღრმეებში გვწვდება. ყანჩელის მუსიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოსთან, ქართულ ფოლკლორთან. ნოსტალგია და სევდა, საბჭოთა კავშირში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა და სამოქალაქო ომით განადგურებული საქართველო, ყოველივე ამით გამოწვეული მწუხარება მის მუსიკას თან სდევს.

გია ყანჩელი საქართველოში 2019 წელს მსოფლიო აღიარებითა და ქართველი ერის უკიდეგანო სიყვარულის მოპოვების შემდგომ გარდაიცვალა. თუმცა ეს გარდაცვალება ფიზიკურია, ვინაიდან ამ გენიალურმა ადამიანმა უკვდავყო საკუთარი სახელი და ქართველი ერის სახელი. ხოლო იმ ერს, რომელსაც ჰყავდა გია ყანჩელი, გადაშენება არ უწერია, ხომ მეთანხმებით?!   

ზევით