კამალა vs ტრამპი - საპრეზიდენტო დებატების ჩემპიონი ვიცე პრეზიდენტია
2024 წლის საპრეზიდენტო დებატებში კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპი "გაანადგურა". ვიცე პრეზიდენტს კი საჯარო მხარდაჭერა ტეილორ სუიფტმა გამოუცხადა.
| ანნა მათიაშვილი |
ვენეციის ბიენალე მე-60 გამოშვებით ბრუნდება. მსოფლიოს სახელოვნებო სივრცის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული ღონისძიება ვენეციაში 1985 წლიდან ყოველ მეორე წელს იმართება, ისტორიული გამონაკლისების გარდა. კულტურისა და ხელოვნების ფესტივალი 8 თვე გრძელდება და ამ პერიოდის მანძილზე სტუმრების რაოდენობა მილიონამდეც აღწევს. წლევანდელი ბიენალე 20 აპრილიდან 24 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ფესტივალის ბრაზილიელმა კურატორმა, ადრიანო პედროსამ ფესტივალის თემატიკად “Foreigners Everywhere” დაასახელა და აღნიშნა, რომ ბიენალეს წლევანდელი გამოშვება ხალხის ყურადღებას განსაკუთრებით ისტორიულად მარგინიზებული ერების არტისტებისკენ მიაპყრობს. როგორც ადრიანო პედროსამ განაცხადა, თემატიკა ორი მთავარი კონცეფციის მატარებელია. პირველის მიხედვით, თანამედროვეობაში ყველგან შეხვდები უცხოელს, ანუ “უცხოელები ყველგან” არიან, მეორე კონცეფციის თანახმად კი თითოეული ჩვენგანი, სადაც არ უნდა წავიდეთ, შინაგანად მუდმივად უცხოდ ვგრძნობთ თავს.
კინოს, მუსიკის, არქიტექტურის, ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალი, რომელიც ხელოვნების სამყაროს ოლიმპიადად მოიხსენიება ხოლმე, სამ ნაწილად იყოფა. პირველი ცენტრალურ გამოფენას მოიცავს, რომელიც ჯიარდინის საჯარო ბაღებში გაიმართება. მეორე ნაწილი ნაციონალური პავილიონების სერიას ეთმობა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების მიერაა ორგანიზებული, ხოლო მესამე - “Collateral Events”-ითაა ცნობილი და ქალაქის სხვადასხვა მონაკვეთში პატარ-პატარა გამოფენებსა და pop-up ღონისძიებებს მოიცავს. ბიენალეს პერიოდში ხშირად იმართება სხვადასხვა გამოფენები მუზეუმებსა თუ კომერციულ გალერეებში. ეს ყველაფერი აცოცხლებს არა მარტო ვენეციის სახელოვნებო სცენას, არამედ მთელი მსოფლიოსას.
წელს გამოფენაზე 331 არტისტის ნამუშევრების ხილვაა შესაძლებელი. ფესტივალზე მონაწილე ყველა ქვეყანას საკუთარი პავილიონი მიანიჭეს. ნაციონალური პავილიონები 1907 წლიდან იღებს სათავეს და პირველი მონაწილე ბელგია გახლდათ, მას შეუერთდნენ გერმანია, უნგრეთი, დიდი ბრიტანეთი და შემდგომში აშშ-ც. ჩვეულებრივ, ნაციონალურ პავილიონებს ქვეყნის მთავრობა აფინანსებს, თუმცა აშშ-ს პავილიონი იმითაა ცნობილი, რომ ნიუ-იორკის ხელოვნების გალერეების მიერ დაფინანსდა.
წარმოგიდგენთ რამოდენიმე ხელოვანს, რომელიც ვენეციის ბიენალეს სტუმრებს დახვდებათ. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მხატვრის უილემ დე კოონინგის ნამუშევრები მისი იტალიაში ცხოვრების პერიოდს ასახავს. ფესტივალზე მხატვრის ყველაზე დიდი იტალიური გამოფენა დაგხვდებათ მისი 75 ნამუშევრით. გამოფენის დამსწრეებს გარდაცვლილი ამერიკელი ფოტოგრაფის პიტერ ჰუჯარის ფოტოგამოფენა დახვდებათ. ფოტოგრაფი ნიუ-იორკის ავან-გარდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო 1960-70 წლებში. ფესტივალზე შეკრებილია “Portraits of Life and Death” სერიის 41 ფოტო.
გამოფენაზე ისეთი ფოტოგრაფების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. როგორიცაა სინდი შერმანი და ირვინგ პენი.
აგრეთვე აღსანიშნავი ფაქტია, რომ ჯუდეკას ქალთა ციხის პატიმრების მონაწილეობით შექმნილი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. გამოფენა ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებებსა და საზოგადოებისგან მოშორებით მცხოვრები ადამიანების გამოცდილებებზე. 12 წუთიანი ვიდეო, რომელიც მსახიობმა ზოი სალდანამ და მისმა პროდიუსერმა მეუღლემ გადაიღეს, თავისუფლების კონცეფციის გარშემო ტრიალებს და პატიმრების კონკრეტულ ისტორიებს ყვება.
ბრიტანეთის პავილიონში წარმოდგენილი იქნება ჯონ აკომფრას ვიდეო ინსტალაციები, რომლებიც რასობრივ უსამართლობაზე, უთანასწორობაზე, დიასპორულ იდენტობებზე, მიგრაციის პრობლემებსა თუ კლიმატის ცვლილებებზე მოგვითხრობს. გამოფენა შეიცავს თანადროულ ვიდეოებს, ჩანაწერებს და წარმოგვიდგენს, როგორ შეიძლება ხელოვნება აქტივიზმის ფორმად იქცეს. ფესტივალზე ხშირად შეხვდებით პოლიტიკურ თუ სოციალურ განცხადებებს, რადგან, ხელოვნება ყოველთვის ამბობს ხალხის სათქმელს, ყველაზე მშვიდობიანად და ეფექტურად.
ვენეციის ბიენალეს ფესტივალი ხელოვანების, რეჟისორების, სკულპტორებისა თუ მხატვრების დაჯილდოებასთანაც მოიცავს. “Golden lion”-ის ჯილდო გადაეცემა მთავარი შოუს საუკეთესო მონაწილეს, ხოლო “Silver Lion”-ის გამარჯვებულად საუკეთესო დამწყები ხელოვანი გამოცხადდება. წლევანდელ ფესტივალსა და დაჯილდოებას მოუთმენლად ელის მსოფლიოს ხელოვნების სამყარო.