#კულტურა #საზოგადოება

ხელოვნება და მოდა, როგორც სოციალური პროტესტის ფორმები

გაზიარება:

| ანნა მათიაშვილი |

სოციალური, პოლიტიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, მხატვრები და მოდის დიზაინერები უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ თავიანთ ხელობას, როგორც სოციალური პროტესტისა და აქტივიზმის საშუალებას. შემოქმედებითი გამოხატვის ფორმების მეშვეობით ისინი ამაღლებენ ცნობიერებას, ყურადღების ეპიცენტრში აყენებენ საზოგადოებისგან მიყრუებულ საკითხებს, მარგინალიზებული თემების პრობლემებს, ადამიანთა უფლებებს და მხარს უჭერენ სოციალურ ცვლილებებს.

ხელოვნება და მოდა, ოდესღაც მხოლოდ ესთეტიკურ მისწრაფებებად მიიჩნეოდა, თუმცა დრო მოვიდა, მოვიშოროთ წარსულის შეხედულებები და ვაღიაროთ, რომ ისინი სოციალური ტრანსფორმაციისა და პროტესტის მძლავრი იარაღებია.

მუსიკა, კინო, მხატვრობა, მოდა - ხელოვნების ყველა სფერო ადამიანის ემოციების, პირადი თუ საზოგადო მდგომარეობის, პრობლემებისა თუ მისწრაფებების გამომხატველია. შეგვიძლია 21-ე საუკუნე სოციალური აქტივიზმის ეპოქად მივიჩნიოთ, თუმცა არც წინა საუკუნეებში გვაკლდა აქტივიზმისა და ხელოვნების შერწყმა. ჯონ ლენონი, “The Scorpions" თუ ბობ მარლი პაციფისტურ იდეებსა და ადამიანის უფლებებზე, საზოგადოების ერთიანობასა და ტოლერანტობაზე მღეროდნენ და მათ სიმღერებში წარმოსახული სამყარო მშვიდობიანი და სიყვარულით სავსეა. ხშირად ადამიანები ამტკიცებენ, რომ ხელოვნებაში, მუსიკაში, სპორტში ან მოდაში არ არის პოლიტიკისა თუ სოციალური პრობლემების ადგილი, თუმცა ეს ასე არ არის.

რაც საზოგადოების წევრებს ერთად თუ ცალ-ცალკე აწუხებთ, საჭიროა ითქვას, ყველგან, ყველა სფეროში.

guernica, picasso,

სოციალური პროტესტისა და პაციფიზმის თემაზე პირველ რიგში, პაბლო პიკასოს ნახატები გამახსენდა. “გერნიკაზე” პიკასომ ესპანური ქალაქის დაბომბვა ასახა და მტკიცედ გამოთქვა წინააღმდეგობრივი პოზიცია სისასტიკისა და ომის წინააღმდეგ. მისი ნახატი მშვიდობის მტრედი პაციფიზმის სიმბოლოც გახდა.

ხელოვნება, როგორც აქტივიზმის საშუალება, განსაკუთრებით საპროტესტო აქციების პერიოდში იკვეთება. არ გვიკვირს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზეც ხშირად იყენებენ სიმღერებს, ფერად პოსტერებს, პრინტებიან მაისურებს, წარწერებს, რომლებიც მონაწილეების შეხედულებებს ასახავს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი აზრის გამოხატვა ყველანაირად შეგვეძლოს, ხელოვნებაზე მშვიდობიანი პროტესტის ფორმა კი ნამდვილად არ არსებობს.

 

სოციალურ ქსელებში, ალბათ უკვე შეგხვედრიათ ანნა ბოტკოველის ნახატი, რომელზეც აქციის ცნობილი ფოტოა გამოსახული. ფოტოზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშებში გახვეული ორი ბავშვი დგას, მათ წინ კი სპეცრაზმია. ტილოზე გადმოტანილი სცენა ბევრ რამეზე მეტყველებს. იმაზე, რომ ახალგაზრდა ადამიანები ქვეყნის ბედისთვის იბრძვიან, რომ ევროკავშირი მათი მთავარი მიმართულებაა და რომ მათი პროტესტი სრულიად მშვიდობიანია. ასეთ შემთხვევებში ხელოვნებას კიდევ უფრო ბევრ ადამიანამდე მიაქვს სიმართლე, რეალობა.

დღევანდელობაში ხელოვნება და მოდა ახალ საფეხურზეა აყვანილი. ყოველდღიური ჩაცმულობა ბევრმა ადამიანმა ხელოვნებად აქცია, თვითგამოხატვის მთავარ საშუალებად. განსაკუთრებით ნათელია ეს ყველაფერი Gen Z-ის სამოსში - გვაცვია იმის მიხედვით, თუ რას ვგრძნობთ და განვიცდით, რა გვიხარია, რა გვაბრაზებს და რა მოგვწონს. ამას ვხედვთ როგორც რიგითი ადამიანების, ისე სელებრითებისა და მოდის დიზაინერების მაგალითზე.  

vivienne westwood, climate revolution, fashion show, global warming,

ბრიტანელი დიზაინერი ვივიენ ვესტვუდი ცნობილია მისი გარემოს დაცვითი კამპანიებითა თუ პოლიტიკური განცხადებებით იყო. კამპანია “კლიმატის რევოლუცია” ლონდონის 2012 წლის პარაოლიმპიადის დასასრულს წარადგინა. თავად, ეკო-მებრძოლის ფორმაში გამოწყობილს, დიდი თეთრი პოსტერი ეჭირა წარწერით “Climate Revolution”. 2013 წელს კი იმავე კამპანიის ფარგლებში მოდის ჩვენება გამართა. შოუ ლონდონის მოდის კვირეულის დროს ჩატარდა და კოლექციის სამოსი კლიმატის დაცვისა და გარემოს შენარჩუნების სლოგანებს შეიცავდა. ვესტვუდმა პოდიუმი პოლიტიკური, სოციალური, თუ კლიმატური პრობლემების სცენად აქცია. მის კამპანიებში ხშირად A-Lister-ებიც ერთვებოდნენ, რაც კიდევ უფრო მეტი ადამიანის ყურადღებას ამახვილებს მნიშვნელოვან გამოწვევებზე.

demna gvasalia, vetements, vetements 2019, fashion show

ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას შემოქმედებას თუ გადავავლებთ თვალს, ხშირად ვნახავთ მის პოლიტიკურ განცხადებებს ოკუპაციის ტრაგედიასა თუ აფხაზეთზე.

მისი სამოსი მუდმივად სოციალურ გამოწვევებზე ყვება, იმ გამოწვევებზე, რომლებთან გამკლავებაც თავად მოუწია, როგორც სოხუმიდან დევნილს.

demna gvasalia, hoodie, vetements 2019, vetements fashion show

2019 წლის VETEMENTS ჩვენებაზე დემნას კოლექცის არაერთ ქართულ ელემენტს შეიცავდა, საქართველოს დროშით დაწყებული რუსეთის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებით დამთავრებული. მგონია, რომ დიზაინერმა დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ დღეს საქართველოს მეტი ადამიანი იცნობს მსოფლიოს გარშემო და ჩვენი პოლიტიკური მდგომარეობის შესახებაც უფრო და უფრო მეტ ხალხთან მიდის ინფორმაცია. თანამედროვე ეპოქაში კი, როცა ინფორმაციული ომი მიმდინარეობს, მნიშვნელოვანი იარაღია ცნობილი ადამიანებისგან გაზიარებული სიმართლე.

კიდევ ერთი ქართველი დიზაინერი, ლუკა მიქაძე მოექცა ყურადღების ცენტრში მისი სოციალურ-პოლიტიკური მესიჯების გამო. როგორც თავად ამბობს, სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირება თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, განურჩევლად მისი საქმიანობისა. ლუკა მიქაძის ხელით მოხატული სამოსით ყოველდღიურად შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიცია და ვთქვათ ჩვენი სათქმელი, რომ აფხაზეთი საქართველოა, რუსეთი ოკუპანტია - კი ევროკავშირს, არა რუსეთს!

 

ცნობილი ადამიანებისგან არც ისე იშვიათია პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ხშირად ეს ყველაფერი სოციალურ ქსელებს არ სცდება. რამდენიმე შემთხვევა მახსენდება, როდესაც სელებრითმა საკუთარი პოზიცია სამოსით გამოხატა.

Alexandria Ocasio-Cortez, tax the rich,

ალექსანდრია ოკასიო კორტესი, მემარცხენე პოლიტიკოსი და აქტივისტი წითელ ხალიჩაზე თეთრი კაბით წარსდგა, რომელსაც წითლად “Tax the Rich” ეწერა. წარწერამ, რა საკვირველია, უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო, არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

lady gaga, lady gaga trump shirt, love trumps hate

ლეიდი გაგას ცნობილი გამოსვლა, ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ. 2016 წელს არჩევნების მოახლოებისას ის ტრამპის საწინააღმდეგო მაისურით გამოჩნდა. Love Trumps hate კამპანია არაერთი ადამიანის ყურადღების ქვეშ მოექცა. მსახიობისა და მომღერლის წინააღმდეგობა სრულიად ნათლად გამოხატა მისმა სამოსმა. 

მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ სოციალური პროტესტი საზოგადოების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ის შეუძლებელია ხელოვნებასა და მოდას არ ერწყმოდეს. 

ზევით