ამერიკა ამერიკის წინააღმდეგ

ავტორი: ნანკა კიკალია

 

ამერიკის კაპიტოლიუმი

„ამერიკული დემოკრატია უპრეცედენტო შეტევის ქვეშაა. ესაა თავდასხმა თავისუფლების ციტადელზე“, - ჯო ბაიდენი

ამერიკა თავისუფლებისა და საკუთარი აზრისა თუ შეხედულებების გამოხატვის ყველაზე თავისუფალი სამყაროა. შეერთებული შტატები ჩვენი სამყაროს მამოძრავებელი ღერძია, შესაბამისად ნებისმიერი რყევა, რომელიც მას ეხება, მთელს სამყაროზე აისახება შემდგომ. ამიტომაც ვსხედვართ ჭოგრიტით და სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკური ელიტა თუ უბრალოდ, ადამიანები გაფაციცებით ვადევნებთ თვალს წუხელ ღამე მომხდარ მოვლენებს.

დიახ, ამერიკელი  ხალხი, ამერიკის თავისუფლების სიმბოლოს - კაპიტოლიუმს თავს დაესხა! მსგავსი რამ მხოლოდ ერთხელ 200 წლის წინ მოხდა, როდესაც ბრიტანელებმა სრულად გაანადგურეს კონგრესის შენობა. მაგრამ ეს იყო ბრძოლა ორ სუვერენულ ქვეყანას შორის.

მანამ, სანამ თქვენ, უფრო სწორედ კი სრულიად საქართველოს გვეძინა, მდიდარი ბიზნესმენით ანგაჟირებული ხალხი „საკუთარი ხმების“ დასაცავად საკუთარ თავს დაესხა და კონგრესში შეიჭრა, იქ, საიდანაც დემოკრატია იღებს სათავეს.

ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმს თავს დაესხნენ

 „ისტორიას მუდამ ემახსოვრება კაპიტოლიუმში მომხდარი დღევანდელი ძალადობა, რომელსაც მხარს უჭერს დონალდ ტრამპი. დღეს, რაც აქ მოხდა ეს არის უდიდესი უპატივცემულობა და სირცხვილი სრულიად ერისთვის”, - ბარაკ ობამა

თავდასხმა კონგრესზე მაშინ განხორციელდა, როდესაც ტრამპმა საკუთარ მომხრეებს მიმართა და განაცხადა, რომ არასოდეს დაუთმობდა „სავარძელს” დემოკრატიული გზით გამარჯვებულ, ამერიკის ახალ პრეზიდენტს - ჯო ბაიდენს. ამ დროს ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმისკენ დაიძრნენ და შეტაკებაც მოხდა პოლიციასთან, რომელიც მათ შეკავებას ცდილობდა.

ამ დროისთვის აშშ-ის კონგრესმა სხდომა განაახლა, რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა გახსნა, მან კაპიტოლიუმში მომხდარი ძალადობა დაგმო. ხოლო Twitter-მა და Facebook-მა დონალდ ტრამპის ანგარიშები დროებით დაბლოკა. კომპანიებმა ეს გადაწყვეტილება მოქმედი პრეზიდენტის უსაფუძვლო განცხადებებისა და დედაქალაქში მომხდარი არეულობების ფონზე მიიღეს.

ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმს თავს დაესხნენ

აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ამ არეულობის დროსაც კი, დიდ ამერიკას სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული პარტნიორი - პატარა საქართველო ახსოვს. დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს მთავრობის მშვიდობიანი გზით გადაბარებაზე საუბრისას მაგალითად 2012 წელს საქართველოში ჩატარებული არჩევნები მოიყვანა.

ზევით