#ჯანსაღი ცხოვრება #სალზამთრო

ვაშლის ძმრის დადებითი თვისებები

გაზიარება:

ვაშლის ძმარი, 2000 წელზე მეტია რაც გამოიყენება როგორც სამკურნალო, ასევე კულინარიული მიზნებისთვის.  არსებობს ცნობები ვაშლის ძმრის ანტიმიკრობულ და ანტიოქსიდანტურ თვისებებზე, ასევე ხშირად იყენებენ  წონის კლების მიზნით და დიაბეტის დროს. დღეს სალზამთრო ძმრის დადებით, ასევე უარყოფით მხარეებზე მოგვიყვება. 

სხვადასხვა წყარო დამატებით მიაწერს ვაშლის ძმარს უამრავ დადებით თვისებას, თუმცა აღმოჩნდა, რომ  ვაშლის ძმრის მნიშვნელობა ხშირად გადაჭარბებულია. მაგალითად, არ არსებობს სარწმუნო მეცნიერული დასკვნები მის ეფექტურობაზე  ანტი-ინფექციური მიზნით პერორალურად ან ტოპიურად მიღებასთან დაკავშირებით. ხოლო, ქოლესტერინისა და სისხლის წნევის შემამცირებელი ეფექტი კი, მხოლოდ ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებშია დადასტურებული.

თუმცა, ბევრი კვლევა არსებობს ვაშლის ძმრის მიერ სისხლში შაქრის დონის დაბალანსების და წონის კორექციის შესახებ.

ვაშლის ძმარი  შესაძლოა ეფექტური იყოს მეორე ტიპის დიაბეტის დროს

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ვაშლის ძმარი 19-34%-ით აუმჯობესებს ინსულინის მიმართ მგრძნობელობას თუ კი ნახშირწყლების მაღალი შემცველობის მქონე საკვებს მივიღებთ, რადგან ამ დროს ხდება შაქრის ეფექტური გადასვლა უჯრედებში და მცირდება მისი დონე სისხლში. როდესაც, ვაშლის ძმრის მიღება ხდება  მაღალი ნახშირწლოვანი საკვების მიღების წინ, ის ამცირებს კუჭის დაცლის პროცესს და შესაბამისად სისხლში შაქრის გადასვლა ხდება ნელა. ამიტომ, ვინც სვამთ სისხლში შაქრის დამაბალანსებელ მედიკამენტებს, ვაშლის ძმრის სამკურნალო მიზნით მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს.

ვაშლის ძმარი შესაძლოა დაგეხმაროთ წონის კლებაში

• ვაშლის ძმარი ზრდის სისავსის შეგრძნებას, ამიტომ ერთ-ერთი კვლევისას, მონაწილეები რომლებიც იღებდნენ ვაშლის ძმარს, დღის განმავლობაში 200-275 კალორიით ნაკლებ საკვებს იღებდნენ.

• ვაშლის ძმარი იწვევს კუჭის მიერ ჰიდროქლორის მჟავის გამოყოფის დაბალანსებას. ჰიდროქლორის მჟავის ადექვატური რაოდენობა აუცილებელია ნაღვლის გამოსვლისათვის, რომელიც იწვევს პანკრეასის ცხიმის დამშლელი ლიპაზის გამოყოფის გააქტიურებას. შედეგად ცხიმები იშლება ცხიმოვან მჟავებად და ცხიმში ხსნადი ვიტამინები ეფექტურად მოინელება.

• ასევე, ორგანული ვაშლის ძმარი შეიცავს დედა ნივთიერებას. დედა წარმოადგენს ცილების, ფერმენტების და ჩვენი მეგობარი ბაქტერიების ნაკრებს. ეს ნივთიერებები, ეხმარება ჩვენს ორგანიზმს საკვების უკეთ გადამუშავებაში.

გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი კვლევები დროის ხანმოკლე პერიოდით ტარდება და ერთეული პროდუქტი ვერ გამოიწვევს ხანგრძლივი ეფექტის მქონე შედეგს. სასურველი მიზნის მისაღწევად, აუცილებელია ცხოვრების სტილის და მთლიანად კვების რაციონის დაბალანსება

ვაშლის ძმრის მიღების რეკომენდირებული დოზაა 1-2 ჩ.კ-დან 1-2 ს.კ-მდე დღეში, ამასთან, აუცილებლად უნდა იყოს წყალში გახსნილი.

როდის ვიყოთ ფრთხილად

ყოველდღიურად მისი დიდი რაოდენობით მიღება (დღეში 200 მლ და მეტი) შესაძლოა კალიუმის დეფიციტის და ძვლების გამოფიტვის მიზეზი გახდეს. ასევე, ვინც იღებს მედიკამენტებს სისხლში შაქრის დონის  შემცირების მიზნით, ან მედიკამენტებს, რომელსაც გამოაქვს ორგანიზმიდან კალიუმი (მაგალითად, ზოგიერთი შარდმდენი) მიღებამდე, სასურველია გაიაროთ ექიმის კონსულტაცია.

ვაშლის ძმარი საკმაოდ ძლიერი მჟავაა, ამიტომ აუცილებლად გახსენით წყალში და საწრუპით მიირთვით, რადგან შესაძლოა კბილის ემალის გარკვეული დაზიანება გამოიწვიოს. 

ინტერნეტში ხშირად ვხვდებით რეკომენდაციას, თითქოს ვაშლის ძმარი აკნეს ან ეკზემას  სამკურნალო გამოიყენება. მართალია, მას აქვს ანტიბაქტერიული თვისება, მაგრამ, მაღალი მჟავიანობის გამო, შესაძლოა გამოიწვიოს კანის დამწვრობა და რეალურად გააუარესოს მდგომარეობა.

ვაშლის ძმარს, თავისი თვისებებიდამ გამომდინარე, ძალიან ბევრ სფეროში იყენებენ:

• კულინარიაში: ვაშლის ძმარი შეგიძლიათ მოასხათ სალათს, გამოიყენოთ სადილში ან მცენარეული საკონდიტრო ნაწარმის მომზადებისას. თუმცა მოერიდეთ მის მიღებას სახამებლის შემცველ პროდუქტთან ერთად, რადგან ხელს უშლის სახამებლის ორგანიზმის მიერ დაშლას.

როგორც კონსერვანტი:  ვაშლის ძმარი საკვების შენახვას უწყობს ხელს, შესაბამისად კულინარიაში, გამოიყენება როგორც კონსერვანტი.

საოჯახო პროდუქცია: ვაშლის ძმრისგან, შესაძლებელია სხვადასხვა ზედაპირის გამწმენდი საშუალების მომზადება. ნახევარი ჭიქა ვაშლის ძმარი ერთ ჭიქა წყალში გახსენით და გამწმენდი საშუალება მზად არის! 

ვაშლის ძმარი ნამდვილად არის ძალიან ჯანმრთელი პროდუქტი, თუმცა სხვადასხვა მიზნით გამოყენებისას, აუცილებელია ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინება და შესაბამის სპეციალისტთან გასაუბრება.

ზევით