#დეკორი

მოდის სახლები მილანის დიზაინის კვირეულზე

გაზიარება:

| ანნა მათიაშვილი |

მოდის იტალიურმა ქალაქმა დიზაინის წლის მთავარ ღონისძიებას უმასპინძლა. Salone del Mobile როგორც წინა სტატიაში გითხარით, წელს 62-ე გამოშვებით დაგვიბრუნდა, რეკორდული რაოდენობის სტუმარი ჰყავდა.

მილანის დიზაინის კვირეულისა და ავეჯის გამოფენის მთავარი ჰაილაითები:

Bottega Veneta

ბოტეგა ვენეტამ მილანის დიზაინის კვირეულზე ავეჯის იტალიურ მწარმოებელთან Cassina-სთან თანამშრომლობით შექმნილ გამოფენას on the rocks-ს უმასპინძლა. საგამოფენო სივრცე ბრენდის მომავალ სათავო ოფისში, „Palazzo San fedele“-ში მოეწყო. იტალიურმა მოდის სახლმა ინსპირაცია Le Corbusier-ის სახელით ცნობილი შვეიცარიელ-ფრანგი დიზაინერის სკამებიდან აიღო და ტყავის ელემენტების დამატებით LC14 Tabourete Cabanon-ს ახალი სიცოცხლე შთაბერა. Le Corbusier-ის თავდაპირველი დიზაინი გამოიყენებოდა როგორც მაგიდად, ისე სკამად. უბრალოების მიუხედავად, ავეჯი დახვეწილობით გამოირჩეოდა.

დიზაინის სიმარტივის მიუხედავად, Tabouret Cabanon დახვეწილობითაც არანაკლებ გამოირჩევა. 

LC14 Tabouret Cabanon, Le Corbusier, bottega veneta,

Bottega Veneta-ს კრეატიულმა დირექტორმა მატიე ბლეიზიმ სკამების რეპროდუქციები პირველად წლევანდელ ზამთრის ჩვენებაზე გააცნო მოდის ენთუზიასტებს. იტალიურის ბრენდის გათანამედროვებული დიზაინი le Corbusier-ის სკამებისგან არა მხოლოდ ტყავის მატერიით, არამედ სიფერადითაც გამოირჩევა. ყუთები წითელ, მწვანე, ლურჯ და ყვითელ ფერებშია გადაწყვეტილი, ხეზე სამუშაოდ კი სპეციალური ნახშირბადის ტექნიკაა გამოყენებული. სკამების თითოეული წახნაგი ზედმიწევნითაა გაფორმებული ხელით ნაქსოვი Intreccio Foulard ტყავით, რომელსაც Bottega Veneta ხშირად ჩანთებსა და ქამრებზე იყენებს.

bottega veneta, milan design week, on the rocks, salone del mobile, მილანის დიზაინის კვირეული, ბოტეგა ვენეტა, დეკორი

Gucci

საბატო დე სარნოს კრეატიული დირექტორობის პერიოდში Gucci-ს მთავარი ფერი კენკრის წითელია, რომელსაც დიზაინერი Ancora red-ს უწოდებს. კურატორ მიკელა პელიცარისა და არქიტექტორ გიერმო სანტომასთან თანამშრომლობით იტალიურმა ბრენდმა Via Montenapoleone Boutique მუზეუმისმაგვარ სივრცედ გადააქცია. გუჩიმ ხუთი ლეგენდარული დიზაინი გამოიყენა, რომლებიც ღია მკვეთრ მწვანეშია გადაწყვეტილი და წითელი ავეჯის მკაფიო ხაზებს, ფორმასა და მრუდებს უსვამს ხაზს. 

ancora red, gucci, gucci red, milan design week, gucci decor

Loewe

თუ loewe-ს კრეატიული დირექტორის ჯონათან ანდერსონის ავეჯითა და დეკორის ნივთებით აკვიატებას გავითვალისწინებთ, სულაც არ არის გასაკვირი ბრენდის გამოფენაზე გამოჩენა. წელს “Loewe Lamps” Palazzo Citterio-ში გაიმართა და 24 არტისტის დეკორის დიზაინებს წარმოგვიდგენს. ისეთი დიზაინერები, როგორებიც ენრიკო დავიდი და ჰაფუ მაცუმოტო არიან, ყურადღებას ამახვილებენ ნივთების მატერიაზე. ისინი ბამბუკის, შუშის, მეტალისა და ტილოს გამოყენებით სინათლისა და ბუნებრივი მატერიების ინტერაქციას გვთავაზობენ. სანათების გარდა, ჰაფუ მაცუმოტოსთან თანამშრომლობით ბრენდმა ორი ახალი  ჩანთის დიზაინი Hammock Bag და Puzzle Bag შექმნა. გამოფენის კოლექციაში აგრეთვე კერამიკის ნივთები, დაწნული კალათები და სურნელოვანი სანთლები გვხვდება.

loewe, milan design week, loewe lamps

Louis Vuitton

Louis Vuitton-ის Salone ბრენდის ცნობილ bed-trunk-ს წარმოგვიდგენს, რომელიც მოგზაურთათვის თან სატარებლადაა შექმნილი. საწოლი თავდაპირველად 1865 წელს შექმნა გუჩის დამფუძნებელმა, მილანის დიზაინის კვირეულზე კი ნივთის ისტორიული დიზაინი თანამედროვე ესთეტიკას ერწყმის. ერთი შეხედვით, შეიძლება იფიქროთ, რომ საწოლს მხოლოდ მისი სილამაზე გამოარჩევს, თუმცა, გეტყვით, რომ ლუი ვიტონის მატრასი შეუდარებელი კომფორტულობით გამოირჩევა. Bed-trunk-ის გარდა, ბრენდმა ყოველდღიური მოხმარებისთვის კვირეულზე ჭურჭლის კოლექცია გამოფინა, რომელიც ლუი ვიტონის მონოგრამითაა დამშვენებული და ზღვის ლურჯ და კლასიკურ ბეჟ ფერებშია გაწყობილი.

louis vuitton, bed-trunk, milan design week, salone del mobile
Louis Vuitton bed-trunk

louis vuitton, tableware, milan design week, salone del mobile

La DoubleJ

La doubleJ მილანის ავეჯის გამოფენაზე უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი. მისი დეკორის დიზაინების დათვალიერებისას ნათლად ჩანს ბრენდის კრეატიული დირექტორის ჯ.ჯ. მარტინის სიყვარული ფერებისა და ორნამენტების მიმართ. მილანის დიზაინის კვირეულზე წარმოდგენილი კოლექცია ინსპირირებულია სევილიაში მოგზაურობით და ესპანური მოზაიკის ფილების გარდა, ამაზე მეტყველებს დეკორის მთავარი ფერები - დაჟანგული ტერაკოტა და ნათელი ყვითელი. La DoubleJ-ს გამოფენა, რომელმაც ჩვენი ყურადღება მიიზიდა Dancing Plates-ის სახელითაა ცნობილი. თეფშების ცეკვის ეფექტის შესაქმნელად, მარტინმა და დიზაინერმა მაქს სიტენტოფმა ბორბლებისა და მბრუნავი ფირფიტების მორევის ინსტალაცია გამართეს.

la doubleJ, milan design week, tableware, dancing plates

Prada

ბრენდი უკვე მესამედ Prada Frames სიმპოზიუმს მასპინძლობს, რომელიც ინტერიერის დიზაინისა და გარემოს ურთიერთობაზე მართავს დისკუსიებს. წლევანდელ გამოშვებას “Being Home” ჰქვია და თავშესაფრის კონცეფციაზეა აგებული. სოციო-ეკომონიკური თუ გარემოს ფაქტორების გათვალისწინებით იკვლევს, თუ რას გულისხმობს დღეს თავშესაფრის ცნება. სიმპოზიუმზე საუბრები იმართება სახლის სხვადასხვა ოთახებში, რომლებსაც განსხვავებული მნიშვნელობები აქვთ მინიჭებული. მაგალითად, მისაღები ოთახი საოჯახო და პოლიტიკურ სივრცედ არის აღქმული, ხოლო საძინებელი ოთახი ძილთან ასოცირდება. პრადას სიმპოზიუმის მთავარ სპიკერებს შორის იტალიელი მსახიობი და მოდელი იზაბელა როსალინი გვხვდება.

prada frames, milan design week

Loro Piana

შემდეგი ბრენდი, რომლის გამოფენაც დიზაინის კვირეულის ჰაილაითებს შორის მოექცა, Loro Piana-ა. ბრენდი იტალიურ ხელობას მიაგებს პატივს და გამოფენაზე ავეჯის დიზაინერს ჩინი ბოერის იხსენებს, რომლის თანამედროვე ფორმებიც დღემდე ახდენს გავლენას იტალიურ დიზაინზე. მისი საკულტო ქმნილებების რეპროდუქციები, მათ შორის Boborelax სკამები და ე.წ. Strips Sofa, Loro Piana-ს გამოფენას ამშვენებენ. ბრენდმა ყურადღება მიიპყრო მისი მაღალი ხარისხის მატერიებით, რომლებიც საკმაო გამძლეობით გამოირჩევა. გამოფენილი ავეჯი ოთახს ქმნის, სადაც სტუმრებს დაჯდომა და ნივთებთან ინტერაქცია შეუძლიათ.

loro piana, milan design week, salone del mobile

ზევით