რა იწვევს ტკბილზე დამოკიდებულებას?

საკმაოდ ბევრი წაგვიკითხავს შაქრის დამოკიდებულების გამომომწვევი ეფექტის შესახებ, თუმცა მეცნიერებისთვის არსებული მონაცემები და კვლევების პასუხი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ საკვების მიერი რაიმე დამოკიდებულება დაადასტურონ. ამის მიზეზი კი კვლევების ჩატარების სირთულე და არაპრაქტიკულობაა.

საკვების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, მასში შემავალ თითოეულ ნუტრიენტზე (მათ შორის შაქარზე) დამოკიდებულების დადგენა საკმაოდ რთულ პროცესს წარმოადგენს. ამიტომ, ამ ეტაპზე ხელთ გვაქვს თაგვებზე ჩატარებული კვლევები, რომლებსაც კვებავდნენ მხოლოდ შაქრით. ასეთი მონაცემის რეალობაზე მორგება კი ძალიან რთულია. დღეს სალზამთროს გოგოები დეტალურად აგვიხსნიან თუ რა არის ტკბილის მოთხოვნილების ძირითადი მიზეზები.

შაქრის მიღება, ნარკოტიკული საშუალებების მსგავსად, იწვევს „ჯილდოს მიღების წრის“ გააქტიურებას და ბედნიერების ნივთიერების გამოყოფას.

ნეირომეცნიერების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ შაქრის და ნარკოტიკული საშუალებების მიღებისას აქტიურდება ტვინის განსხვავებული უბნები, ორივე შემთხვევაში აღინიშნება დოფამინერგული წრის, ე.წ. „ჯილდოს მიღების წრის“ გააქტიურება, საიდანაც გამოიყოფა დოფამინი (ბედნიერების ერთ-ერთი ჰორმონი). განსხვავება ის არის, რომ ნარკოტიკების შემთხვევაში, წამლის განმეორებით მიღებისას, დოფამინი უფრო ნაკლებად გამომუშავდება, რაც მას დამოკიდებულების განვითარების მიზეზია. იმისათვის, რომ იგივე შეგერძნებები განვიცადოთ, როგორც ნარკოტიკის პირველი მირბისას, საჭირო ხდება მეტი დოზის მიღება. ეს ფენომენი შაქრის მიღების დროს არ შეინიშნება, დოფამინის გამოყოფა რეგულარულია შაქრის მიღების სიხშირის მიუხედავად.

ადამიანის ტვინი იმახსოვრებს „ჯილდოს მიღების გზის“ გააქტიურების მარტივ ხერხს და ნებისმიერი ფაქტორის ზემოქმედებისას, გვიბიძგებს ტკბილისკენ.

„ჯილდოს მიღების წრე“ ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და აქტიურდება მაშინ, როდესაც ვვარჯიშობთ, ვაღწევთ წარმატებას, ვაბარებთ გამოცდას, დაკავებული ვართ სქესობრივი აქტით.

საინტერესოა, რომ მაშინ, როდესაც ორგანიზმი სტრესის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება ან სხვადასხვა მიზეზით სჭირდება ენდორფინი და „ჯილდოს მიღების წრის“ გააქტიურება არ ხდება ზემოთ ჩამოთვლილი ჯანსაღი მეთოდებით ,ადამიანის ტვინი ცდილობს მარტივი გზის მონახვას - ამ შემთხვევაში შაქრით მდიდარი საკვების მიღებას. ამ ტიპის ქცევამ თუ მიიღო სისტემატიური ხასიათი, საბოლოო ჯამში, ადამიანი მიდის ჭარბი შაქრის მიღებით გამოწვეულ დარღვევებამდე (უხასიათობა, სიმსუქნე, დიაბეტი).

თუმცა მხოლოდ ენდორფინებს ვერ დავაბრალებთ ტკბილისკენ ლტოლვას, კიდევ რამდენიმე მიზეზი განვიხილოთ, იმისა თუ რატომ შეიძლება გვინდოდეს ტკბილი:

• ციკლის წინა პერიოდი (ლუთეინური ფაზა) ამ დროს დაქვეითებულია ესტროგენის რაოდენობა და მომატებულია პროგესტერონი, ეს კი იწვევს ტკბილის მოთხოვნილებას.
• ჰორმონულ დისბალანსში იყოს საქმე (ინსულინის ჩათვლით)
• ჩვენს ნაწლავში მცხოვრები პათოგენური მიკრობები კუჭ-ნაწლავ ტვინის ღერძის მეშვეობით აწვდიან ტვინს ინფორმაციას რომ სურთ ტკბილი. ამას ჩვენ ისე აღვიქვამთ, როგორც საკუთარს. ისინი ხომ ასეთ გარემოში მრავლდებიან და განსაკუთრებულად კარგად გრძნობენ თავს.
• და რა თქმა უნდა ნუტრიენტების დეფიციტი:
1. ცილების დეფიციტი. თუ რაციონში არ არის ხარისხიანი ცილები და ცხიმები, რომლებიც შაქრის სისხლში თანაბრად გადასვლას უწყობს ხელს, ხდება შაქრის სწრაფი ვარდნა და დაცემა. შაქრის დონის სწრაფი დაცემისას, ვითარდება შიმშილის გრძნობა, შედეგად ორგანიზმი ითხოვს სწრაფ მარაგის შევსებას. შედეგად ტკბილზე/მარტივ ნახშირწყლებზე (ცომეული) მოთხოვნილება იზრდება.

2. რკინის დეფიციტი. რკინას ჟანგბადი გადააქვს, თუ რკინის ნაკლებობა ვითარდება, უჯრედებს არ აქვთ ჟანგბადი, შესაბამისად არც ენერგია წარმოიქმნება, უენერგიობისას კი ვითარდება ანალოგიური მექანიზმი, ორგანიზმი ეძებს სწრაფ ნახშირწყლებს ენერგიის სწრაფად მისაღებად.

3. კალციუმის, თუთიის, ქრომის და მაგნიუმის დეფიციტი ბევრ სხვა ფუნქციასთან ერთად, შაქრის მეტაბოლიზმშიც მონაწილეობენ. მათი ნაკლებობდა შეიძლება გახდეს შაქრის მოთხოვნილების მიზეზი.

შაქარზე დამოკიდებულება ამ ეტაპზე მეცნიერების მიერ დამტკიცებული არ არის, თუმცა არსებობს რამდენიმე საგულისხმო ფაქტი, თუ რატომ შეიძლება მოუნდეს ადამიანს შაქარი. ზოგიერთ შემთხვევაში ამას მივყავართ მანკიერი წრის ჩამოყალიბებამდე, რომლის ბოლოც შეიძლება, ჭარბი არაჯანსაღი კვებით გამოწვეული დარღვევები იყოს. ზოგიერთ შემთხვევაში კი, ტკბილის მუდმივი მოთხოვნებილება, შესაძლოა სხვადასხვა დეფიციტის ნიშანი იყოს.

იკვებეთ ჯანსაღად და მრავალფეროვნად და აუცილებლად მოუსმინეთ საკუთარ ორგანიზმს!

ზევით