#ჯანსაღი ცხოვრება #სალზამთრო

ფარული შიმშილი

გაზიარება:

მალნუტრიცია - პრობლემაა, რომელსაც მსოფლიოში 2 მილიარდი ადამიანი განიცდის და საკვების დეფიციტის დროს ვითარდება, მაშინ, როდესაც ადამიანი ვერ იღებს ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას.

როგორც სალმზათროს გოგოები აღნიშნავენ, მალნუტრიცია, მიუხედავად საკვების სიჭარბისა, მაინც შეიძლება განვითარდე და მას ხშირად „ფარულ შიმშილს“ უწოდებენ.

ეს მდგომარეობა ნაცნობია განვითარებული ქვეყნებისათვის და ვითარდება მაშინ, როდესაც ადამიანი იღებს ენერგიით (კალორიით) მდიდარ, მაგრამ საკვები ნივთიერებებით ღარიბ საკვებს (განსაკუთრებით: რკინა, თუთია, იოდი და A ვიტამინი)

მსოფლიოში მალნუტრიციით გამოწვეული ჯანმრთელობის დარღვევების ტენდენცია იმდენად მატულობს, რომ ევროკავშირმა შეიმუშავა პროექტი და მუშაობს იმაზე, რომ 2030 წლისთვის ეს პრობლემა აღმოიფხვრას.

ფარული შიმშილის ერთერთი სერიოზული გამომწვევი მიზეზი კვების ინდუსტრიაა.

გაერთიანებული ერების კვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის კვლევით (FAO 2004) დღეს, მსოფლიო საკვების 75 % იქმნება მხოლოდ 12 მცენარისგან და ჯიშების 90% გამქრალია.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ  ფერმერებმა, სხვადასხვა მცირე და მრავალფეროვანი ჯიშების ადგილზე, დაიწყეს მხოლოდ მაღალმოსავლიანი, მომგებიანი ჯიშების მასობრივი მოყვანა, რადგან ეს უფრო ეკონომიური და პრაქტიკულია. სწორედ ამიტომ, ჯიშების მრავალფეროვნებაც შემცირდა. 250 000 - 300 000 საკვები მცენარის სახეობიდან, თანამედროვე ადამიანი მხოლოდ 150-200 გამოიყენებს საკვებად. მათ შორის, კი დომინირებს ოთხი პროდუქტი, ეს არის: ბრინჯი, ხორბალი, სოიო და სიმინდი.

ჩამოთვლილი ოთხი პროდუქტი ადამიანის დღიური კალორიების საშუალოდ 70 %-ს წარმოადგენს.

ეს მდგომარეობა სერიოზულ, უარყოფით  გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ვითარდება ნუტრიენტების დეფიციტი. იმისათვის, რომ ორგანიზმმა მიიღოს სათანადო რაოდენობის საკვები ნივთიერებები, რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი, რადგან არ არსებობს ერთი პროდუქტი, რომელიც შეიცავს ყველა საკვებ ნივთიერებას ორგანიზმისთვის ოპტიმალური რაოდენობით. მათ შორის არც ეს ოთხი პროდუქტი.

-ვითარდება საკვებისმიერი აუტანლობა. არჩევანის არ არსებობის გამო, გვიწევს მივირთვათ ერთი და იგივე პროდუქტი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველა პროდუქტს აქვს თავისი უარყოფითი მხარე, რომელიც ძირითადად ასეთი პროდუქტის დიდი რაოდენობით მოხმარებისას ვლინდება, აღარ გაგვიკვირდება, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იტანჯება სხვადასხვა პროდუქტის აუტანლობით (მაგალითად გლუტენის მიმართ მგრძნობელობა).

ოქსფორდ ბრუკის უნივერსიტეტის ადამიანის ნუტრიციოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის განცხადებით, საკვებისმიერი ალერგია და აუტანლობა ხშირად განპირობებულია სწორედ მიღებული ალერგიული ნივთიერების რაოდენობით.

დამატებით, კი ასეთი ფართოდ მოხმარებადი პროდუქტი ძირითადად დაბინძურებულია პესტიციდებით, რაც ასევე რისკის შემცველია ჯანმრთელობისთვის.

მრავალფეროვანი საკვები ნივთიერებების მიღება, მხოლოდ მრავალფეროვანი რაციონითაა შესაძლებელი. აღმოაჩინეთ ახალი პროდუქტი და მოამზადეთ მისგან კერძები.

ასევე, უპირატესობა მიანიჭეთ ადგილობრივ, სეზონურ და ორგანულ პროდუქტს. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, ასეთი პროდუქტი 1-4-ჯერ მეტ საკვებ ნივთიერებას შეიცავს.

ამით თავიდან აირიდებთ როგორც „ფარულ შიმშილს“, ისე შეამცირებთ თითოეული პროდუქტის უარყოფით გავლენას ორგანიზმზე.

ზევით