ქეით მიდლტონი სოციალური ქსელების ნამდვილ სახეს გვაჩვენებს

სიმსივნის დიაგნოზი მძიმე მოსასმენია. უფრო რთულია საზოგადოებაში ამაზე ხმამაღალი საუბარი. თუმცა როგორც ტრადიციტულის, ასევე სოციალური მედიის ტოქსიკურობამ, უელსის პრინცესა, ქეით მიდლტონი იძულებული გახადა საკუთარ დიაგნოზზე ხმამაღლა ესაუბრა.

კვირების განმავლობაში მთელი მსოფლიო აკრიტიკებდა სამეფო კარის პიარის გუნდს და უამრავ ჭორს თუ შეთქმულების თეორიას აგებდნენ პრინცესას ადგილსამყოფლისა და მდგომარეობის შესახებ. დედის დღეზე გამოქვეყნებული ფოტო, რომელიც ალბათ მიზნად ისახავდა ამ მითქმა-მოთქმის ჩახშობას, პირიქით სიტუაციის გაუარესების მიზეზი გახდა, რადგან სამეფო ოჯახს ფოტოშოპის გამოყენებაში დასდეს ბრალი. 

ქეითი საზოგადოებაში არ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც გავრცელებული ინფორმაციით, იანვარში სამედიცინო ჩარევა დასჭირდა. აი ამ ამბის შემდეგ დაიწყო ჭორების დაუსრულებელი სერია. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობდა, რომ უფრო რთული სამედიცინო პროცედურები უტარდებოდა პრინცესას, ზოგი იმასაც ამბობდა რომ პრინცესა დიანას ამბავი მეორდებოდა და პრინც უილიამი ქეითს ღალატობდა.  

თუმცა, ინტერნეტში გავრცელებულმა ქეითის ვიდეო მიმართვამ ყველანაირ ჭორსა და მითქმა-მოთქმას წერტილი დაუსვა.

სამეფო ოჯახის თქმით, ეს ვიდეო წინასწარ იყო დაგეგმილი და სპეკულაცია, თითქოს ქეითს ვიდეოს ჩაწერა ვინმემ დააძალა, უსაფუძვლოა. მაშინ რატომ გადაწყვიტეს პრინცესა ასეთ რთულ მდგომარეობაში ჩაეყენებინათ და რატომ არ შემოიფარგლნენ მხოლოდ ოფიციალური წერილით? ამაზე პასუხი სერ კრეიგ ოლივერს აქვს:

უელსის პრინცესას გზავნილის ერთ-ერთი ქვეტექსტი აშკარად ასეთია - გთხოვთ, დაფიქრდეთ მანამ, სანამ ამბებით სპეკულირებას დაიწყებთ!

სავარაუდოდ, ქეითისთვის სტრესული იქნებოდა იმის ცოდნა, თუ რამდენ ადამიანს სიამოვნებდა ჭორებით ტკბობა. თანაც ჭორაობდნენ ქუჩებში და ბარებში, ოფისებში და სახლებში. ამ ფერხულში ჰოლივუდიც ჩაერთო და მათ შორის ბლეიქ ლაივლიც, რომელმაც ქეითის ვიდეოს გავრცელების შემდეგ საჯაროდ მოიხადა ბოდიში.

ქეითის ვიდეომ ელისაბედ II-ის სატელევიზიო მიმართვა გაგვახსენა, რომელიც დედოფალმა პრინცესა დიანას გარდაცვალების შემდეგ გააკეთა. დედოფალი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, მას "ხალხის პრინცესას" სიკვდილში დებდნენ ბრალს. სწორედ ამიტომ, ამ მძიმე პერიოდში ელსაბედი იძულებული შეიქმნა საჯაროდ გამოჩენილიყო. მას კი ბუნებრივია, ოჯახის გვერდით ერჩივნა ყოფნა . 

"შენ იქნები მამაცი, რადგან მე ვიყავი. შენც ისე იბრძოლებ, როგორც მე ვიბრძოდი" - 8 წლის მილა.

ეს სიტყვები 8 წლის მილას ეკუთვნის, რომელიც ქეითმა პანდემიის პერიოდში გაიცნო. გოგონა იმ დროს სიმსივნეს ებრძოდა. ახლა კი ის პრინცესას გამხნევებას ცდილობს და მოუწოდებს დაავადებასთან ბრძოლაში სიმამაცე გამოიჩინოს. 

ასეთი ამბები კარგად აჩვენებს სოციალური მედიისა და არა მხოლოდ, მათ შორის ტრადიციული მედიის არაჰუმანურ სახეს. პრესისა და პაპარაცების ნამდვილ სახეს ბრიტანეთის სამეფო ოჯახზე გადაღებული სერიალიც “The Crown” საკმაოდ კარგად ასახავს. ადამიანები ხშირად დაუფიქრებლად განვსჯით სხვებს, გადაუმოწმებელი ფაქტებით ვმსჯელობთ და ვავრცელებთ მათ. შედეგად კი, Cancel Culture - ის ერაში, ჩვენს მიერ გავრცელებულმა ერთმა არასწორმა ფრაზამაც კი შეიძლება იქონიოს ადამიანის ნერვებზე, კარიერაზე და სიცოცხლეზეც გავლენა. 

ჩვენთვის, ყველასთვის მაგალითად უნდა იქცეს ქეით მიდლტონის შემთხვევა. 

ზევით