#ტექნოლოგიები

ისტორიულ ვიდეოთამაშს - Age of Empires II საქართველოს სამეფო დაემატა

გაზიარება:

პოპულარული ისტორიული ვიდეოთამაშების სერიას - Age of Empires-ის ახალ DLC-ის საქართველოს სამეფოც დაემატა. "ლეგენდარული მოგზაურობის დასაწყებად მოემზადეთ, რადგან "The Mountain Royals" DLC - Age of Empires II-ს წარმოგიდგენთ. გახსენით ორი ღირსშესანიშნავი ცივილიზაციის: სომხებისა და ქართველების, მდიდარი წარსული, უთქმელი ისტორიები და გადაეშვით თამარის, თოროს დიდის და ისმაილის ლაშქრობებში" - ვკითხულობთ თამაშის ოფიციალურ აღწერაში.

მოთამაშეებს საქართველოს სამეფოში, კავკასიონის მთების ჩრდილში, საკუთარი სამეფოს დაფუძნების საშუალება ექნებათ. უხეში რელიეფისა და სწორი სტრატეგიის წყალობით კი მტრების შემოსევების წარმატებულად მოგერიებაც იქნება შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ თამაში ისტორიულ რეალობას სრულად არ ასახავს, მასში მაინც მოიძებნება მნიშვნელოვანი კულტურული შტრიხები, ისეთები როგორებიცაა სვანური კოშკები, პირველი ქალი სამეფო ტახტზე - თამარ მეფე და ქართველი მებრძოლების უნიკალური შენაერთი - მონასპა.

მონასპა დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული სამეფო გვარდია გახლდათ, რომელშიც 5000 მხედარი „მონა“, ანუ მეფის პირად სამსახურში მყოფი რჩეული პროფესიონალი მეომარი ერთიანდებოდა. მონასპა მეფის მცველი კორპუსი იყო, რომელიც ხშირად საგარეო მტრების წინააღმდეგ საპასუხისმგებლო სამხედრო ოპერაციებსაც ატარებდა. ვიდეოთამაშში მონასპის გამოყენება სწორედ საგარეო მტრების მოსაგერიებლად იქნება შესაძლებელი.

Age of Empires-ის შესახებ

Age of Empires სტრატეგიული ვიდეო თამაშების სერიაა, რომელიც Ensemble Studios-ის მიერ შეიქმნა და Xbox Game Studios-ის დამსახურებით გამოქვეყნდა. Age of Empires-ის პირველი თამაში 1997 წელს ჩაეშვა. მას შემდეგ თამაშების სერიაში სულ 9 ვიდეოთამაში გაერთიანდა და თითოეულმა მათგანმა კაცობრიობის ისტორიის სხვადასხვა პერიოდი მოიცვა.

მაგალითად, Age of Empires-ის ორიგინალი, პირველი ნაწილი ევროპაში, აფრიკასა და აზიაში მიმდინარე მოვლენებზე იყო ფოკუსირებული, რომლებიც ქვის ხანიდან რკინის ხანამდე პერიოდს მოიცავდა. თამაში რომის იმპერიის ფორმირებას და გაფართოებას იკვლევდა. ვიდეოთამაშების გაგრძელებაში - Age of Empires II: The Age of Kings-ში კი მოქმედება შუა საუკუნეებში განვითარდა, მისი გაფართოება ნაწილობრივ ესპანეთის მიერ აცტეკების დაპყრობაზე იყო ფოკუსირებული. ასევე შეიქმნა Age of Empires-ის სპინოფ თამაში, Age of Mythology, რომელშიც მოქმედება იმპერიების ეპოქაში ვითარდებოდა და ძირითადად ბერძნული, ეგვიპტური და სკანდინავიური მითოლოგიის ელემენტებზე იყო დაფუძნებული.

Age of Empires II-ის წინასწარი შეკვეთები დაწყებულია და 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ზევით