#კინო

House of Gucci-ს გარშემო კრიტიკა არ წყდება - რიდლი სკოტის პასუხი გუჩის ოჯახს

გაზიარება:

რიდლი სკოტის ახალი ფილმის House of Gucci-ს მსოფლიო პრემიერიდან, სულ რაღაც 1 კვირა გავიდა და მის გარშემო სკანდალები ყოველდღიურად მატულობს. მას შემდეგ, რაც გუჩის ოჯახის ისტორიის შესახებ მოთხრობილი ისტორია, მოდის სახლის ყოფილმა დიზაინერმა, ტომ ფორდმა საჯაროდ დაიწუნა (სხვათა შორის, დიზაინერმა ფილმი მის გამოსვლამდე აითვალწუნა და განაცხადა, რომ გუჩის ოჯახი ასეთი მოდური არასდროს ყოფილა), თავად გუჩის ოჯახის წარმომადგენლების კრიტიკაც მოჰყვა.

ალდო გუჩის ერთადერთმა ქალიშვილმა, პატრიცია გუჩიმ ფილმი ექსტრემალურად მტკივნეულად მოიხსენია, შემდეგ კი ალ პაჩინოს შესრულება დაიწუნა და განაცხადა, რომ მსახიობი სრულებით არ ჰგავდა მამამისს.

კრიტიკის ქარცეცხლში მოქცეული ფილმის დაცვა, ბუნებრივია, თავად რეჟისორმა - რიდლი სკოტმა აიღო თავის თავზე და Total Film-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მან სცადა „პატივისცემით მოპყრობოდა რეალურ ფაქტებს“, თუმცა ვერაფრით დახუჭავდა თვალს იმ წერილებზე, რომლებიც „საოცრად შეურაცხმყოფელი“ კრიტიკით გამოირჩეოდა ალ პაჩინოს მიმართ.

„როგორ შეიძლებოდა ისინი [ფილმის გმირები] ვინმეს ალ პაჩინოზე უკეთ წარმოედგინა? ბოდიშს ვიხდი, რომ მათ წარმომადგენლებად მსოფლიოს საუკეთესო მსახიობები შევარჩიე“ - რიდლი სკოტი.

რეჟისორმა განაცხადა, რომ ფილმის დიდი ნაწილი კომედიური ჟანრისაა, განსაკუთრებით პირველი ნაწილი. ჯარედ ლეტოს მიერ შესრულებული პაოლო გუჩი ზუსტად ისეთია, როგორიც ის ფოტოებზე ჰყავთ ადამიანებს ნანახი. „კამერების წინ პაოლო ბევრს არ ლაპარაკობდა, ამიტომ მისი შექმნა თავად მოგვიწია... მისი ბრწყინვალება ჯარედ ლეტომ საუკეთესოდ წარმოაჩინა“ - დასძინა რიდლი სკოტმა ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ House of Gucci ბიოგრაფიული დეტალებით დატვირთული კრიმინალური დრამაა, რომელიც 1995 წელს ლეგენდარული იტალიური მოდის სახლის დამაარსებლის შვილიშვილის, მაურიციო გუჩის მკვლელობის შესახებ გვიამბობს. შესაძლოა ამ წამს დაგასპოილეროთ, თუმცა, თუ Gucci-ს ოჯახის ამ ტრაგიკული მოვლენის შესახებ უკვე გსმენიათ, ისიც გეცოდინებათ, რომ მკვლელობა მაურიციოს მეუღლემ, პატრიცია გუჩიმ შეუკვეთა.

ზევით