#პოლიტიკა #საზოგადოება

"რუსული კანონი", ვერსია #2 - ყველაფერი გასაგებ ენაზე!

გაზიარება:

ყველასთვის ცნობილია, რომ კონსტიტუცია უზენაესი (ყველაზე მაღლა მდგომი) კანონია ქვეყანაში და სხვა ნებისმიერი ახალი გადაწყვეტილება მასზე უნდა დავაფუძნოთ. ის კანონები კი, რომლებიც ვერ ესადაგება ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატიულობა, ჩვენი ქვეყნის ევროპული გეზი და კონსტიტუციურობა, შეუძლებელია, საზოგადოების ნებისმიერი ნაწილის მიერ გამართლებულად ჩაითვალოს.

2023 წლის მარტში საქართველოს მმართველი პარტია პარლამენტისა და საქართველოს მოსახლეობის წინაშე, ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებით წარსდგა. აქციების შედეგად, ქართველი ხალხის ნება აღსრულდა და ხელისუფლებამ ინიციატივა უკან გაიტანა, თანაც იმ პირობით, რომ საუბარი ამ კანონზე აღარასდროს იქნებოდა. 2024 წლის 3 აპრილს კი იდენტური კანონი, მცირედი სახეცვლილებით, საზოგადოებას ისევ წარუდგინეს. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ ინიციატივას (ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მიერ ინიციირებულს) შევხედოთ კრიტიკულად და მაქსიმალურად ბევრი კითხვა დავსვათ. ასე უნდა მოვიქცეთ დღევანდელ ვითარებაშიც.

სწორედ ახლაა დეზინფორმაციის ამოცნობის, დემოკრატიის მთავარი მექანიზმის ამოქმედებისა და ხალხის ინტერესების მკაფიოდ დაფიქსირების დრო. ეს ქვეყანა ხალხია და არა ხალხისვე კონკრეტული ვადით (არა სამუდამოდ) დანიშნული მთავრობა. 

ყველა პოლიტიკური ძალის მმართველობა წარმავალია, თუმცა ისტორიის ფურცლებიდან ფაქტები და მოვლენები არასოდეს იშლება. დროებითი მმართველები მუდმივი მმართველის, ხალხის მიზნებსა და მიმართულებას ვერ შეცვლიან. დემოკრატია ასე არ მუშაობს.

რუსული კანონი, დატო ქორიძე
ფოტო: დათო ქორიძე

რა შეიძლება მოჰყვეს კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“?

ყველასათვის გასაგებ ენაზე რომ განვმარტოთ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება ნიშნავს მონიტორინგის ამოქმედებას, რაც შეეხება ყველას, ვისაც რაიმე სახით მიუღია უცხოური დაფინანსება, მათ შორის ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოური კაპიტალით ფინანსდება (არასამთავრობო ორგანიზაციები, იურიდიული საკონსულტაციო ფირმები და ა.შ.).

გარდა ამისა, კანონპროექტით დარტყმის ქვეშ დგება ისეთი ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც ისეთ სოციალურ საკითხებზე მუშაობენ, როგორებიცაა შშმ პირები, მეცნიერება, კულტურული კვლევები და ა.შ. 

მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი კანონის მიხედვით, 6 თვეში ერთხელ, იუსტიციის სამინისტროს შეეძლება ნებისმიერ ორგანიზაციაში შესვლა, პირადი მონაცემების ამოღება, დამუშავება და გასაჯაროება, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს და შესაბამისად, საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. გარდა ამისა, ზემოხსენებული კანონი კრიტიკული მედიის საქმიანობის შეფერხებასა და უფრო გრძელ პერიოდში, საერთოდ შეწყვეტასაც გამოიწვევს, რაც განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზანს ემსახურება. 

არა რუსულ კანონს
ფოტო: დათო ქორიძე

ვის უნდა ეხებოდეს და ვის ეხება კანონი?

თავად კანონის შინაარსი და ის განცხადებები, რომლებსაც მმართველი პარტია კანონის შესახებ აკეთებს, ფაქტობრივ შეუსაბამობაშია. კანონის შინაარსი და მიზნები არ ემთხვევა იმ მსგავსი ტიპის კანონებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში ფუნქციონირებს.

პრაქტიკაში არსებობს კანონის ორი ჩამკეტი მექანიზმი. მაგალითად, თუ ამ კანონის მიზანი საქართველოს უცხოური გავლენისგან დაცვაა, მაშინ, პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს ვინ არის ეს "უცხო". ზოგადი ტერმინების გამოყენება, საფრთხეს ქმნის, რომ "უცხოში" ევროკავშირის ქვეყნები და რუსეთი ერთი და იმავე პოლუსზე მოიაზრებოდეს.

მეორე ჩამკეტი მექანიზმი კი კონკრეტული საქმიანობების განსაზღვრაა. მაგალითად, თუ ხელისუფლებას სურს ამერიკული FARA-ს მსგავსი კანონი შემოგვთავაზოს, მაშინ ზოგადად უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები და იურიდიული პირები კი არ უნდა ამოიღოს მიზანში, არამედ მკაფიოდ უნდა განსაზღვროს, რომ იგი ეხება ისეთ ფსევდო მედიებს, როგორებიცაა რუსული პროპაგანდისტული მედია საშუალებები. ამერიკული კანონი არაფერს ამბობს სტრატეგიული პარტნიორების უცხოურ აგენტად დარეგისტრირების მექანიზმზე. თუ ის განცხადება სიმართლეს შეესაბამება, რომ კანონი ევროკავშირის ქვეყნების კანონის მსგავსი, ისიც უნდა ეწეროს, რომ იგი არ გავრცელდება ევროკავშირის წევრებზე, არამედ მხოლოდ მათზე, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას ერჩის და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას აღიარებს.

ეს კანონი მაშინ იქნება გამართლებული, თუ მტერ სახელმწიფოებს განსაზღვრავს და მას უწოდებს "უცხოს".

გარდა ამისა, თუ ზემოხსენებული კანონის მიზანი ფინანსების გამჭვირვალობაა, ამას შემოსავლების სამსახური ისედაც აკონტროლებს, ფულის დანიშნულების გარკვევა კი პირდაპირ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის სფეროა. 

რატომაა კანონპროექტი რუსული?

ეს კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსეთში მოქმედი კანონის სულისკვეთებას, რომელიც 2012 წელს მიიღეს და უცხოური დაფინანსების მქონე ნებისმიერ ორგანიზაციას უცხოელ აგენტებად აცხადებს. რუსეთში კანონის პირველი სამიზნეები ისეთი ორგანიზაციები გახდა, რომლებიც ადამიანის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის, მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის მიმართულებების გაძლიერებაზე მუშაობდნენ. 

არა რუსულ კანონს, დათო ქორიძე
ფოტო: დათო ქორიძე

კანონის მიღების შემდეგ აგენტებად გამოცხადებული ასობით კომპანიიდან, დიდმა ნაწილმა მუშაობა შეწყვიტა. 2017 წელს კანონი გაფართოვდა და დამოუკიდებელ ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაორგანიზაციებსაც შეეხო. 2022 წელს კი გაკოტრებულად გამოცხადდა "რადიო თავისუფლება", რომელმაც უარი განაცხადა ე.წ. რუსული კანონის დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმა გადაეხადა. აგენტებად გამოცხადდნენ ჟურნალისტები, მწერლები, მომღერლები და სხვა საზოგადო მოღვაწეები.

სახიფათოა კანონები, რომლებიც მოასწავებენ ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების ოპერირების შეწყვეტას, რომლებიც ძალიან ეხმარება მოსახლეობას იურიდიული, სოციალური, ფინანსური, თუ სხვა სახის პრობლემების მოგვარებაში. კანონი საფრთხეს წარმოადგენს, რადგან საზოგადოებაში შიშისა და უნდობლობის დანერგვას უსწრებს წინ. გარდა ამისა, ევროკავშირის მიერ დათქმული პუნქტების შესრულებაში გვიშლის ხელს.

თუ რუსული კანონის (დიახ, რუსული კანონის!) რეალური მიზანი ჯერ კიდევ გაუგებარია, გირჩევთ 7 გვერდისგან შემდგარი კანონი გადაიკითხოთ და თავად ეცადოთ წაკითხულის გააზრებას. ასევე საჯარო ინფორმაციაა განმარტებითი ბარათიც.

ჩვენი მხრიდან კი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში გარდაუვალი მოვლენების რიგითობას გაგაცნობთ: კრიტიკული მედიის მოსპობა, ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ ხალხის უნდობლობის ხარისხის ზრდა, მონიტორინგის მექანიზმებისა და დასმენის ინსტიტუტის ამოქმედება, ქვეყნის პოლიტიკური გეზის ცვლილება (არა სასიკეთოდ), მეგობარი ქვეყნების დაკარგვა და საბოლოოდ, რუსეთის ამარა დარჩენაა (ანუ, ნაკლები სიკეთე და მეტი სიბნელე). 

ზევით