გახმაურებული პროცესის დასასრული და დეპი/ჰერდის პირველი კომენტარები

რამდენიმე საათის წინ, ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის სკანდალური სასამართლო პროცესი დასრულდა - ნაფიც მსაჯულების გადაწყვეტილებით, 2018 წელს ამბერ ჰერდმა The Washington Post-ში გამოქვეყნებული ოპ-ედით, ჯონი დეპს ცილი დასწამა. სასამართლომ, დეპისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ჰერდს 15$ მილიონის გადახდა დააკისრა, თუმცა ცილისწამების ბრალდებით ჯონი დეპსაც მოუწევს 2$ მილიონის გადახდა, საქმე ეხებოდა მსახიობის აგენტის ბრალდებას ჰერდის მიმართ, რომლის თანახმადაც, აგენტმა ამბერს #MeToo ეპოქაში ძალადობის ცრუ ბრალმდებელი უწოდა.

ამ სარჩელის მიზანი იყო სიმართლის გამოვლენა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნებოდა საბოლოო გადაწყვეტილება. ვალდებული ვიყავი ჩემს შვილებს და ჩემს მხარდამჭერებს სიმართლე სცოდნოდათ - განაცხადა ჯონი დეპმა.

რაც შეეხება, ამბერ ჰერდს, მან მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდა: სიტყვებით ვერ აღვწერ თუ რამდენად იმედგაცრუებული ვარ დღეს, გულგატეხილი ვარ იმ ფაქტით, რომ ზღვა მტკიცებულებებიც კი არ აღოჩნდა საკმარისი, რათა ჩემი ყოფილი მეუღლის არაპროპორციულად დიდ ძალაუფლებას, გავლენასა და ავტორიტეტს დავპირისპირებოდი.

იმედგაცრუებული ვარ იმის გამოც, თუ რას მოუტანს ეს გადაწყვეტილება სხვა ქალებს, ეს ყველასათვის უკან გადადგმული ნაბიჯია - დაწერა ამბერ ჰერდმა.

თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა დავა ამით არ დასრულდეს, The New York Times-ს მსახიობის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ამბერ ჰერდი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. 

58 წლის მსახიობის ჯონი დეპისა და მისი ყოფილი მეუღლის, ამბერ ჰერდის სასამართლო პროცესი 12 აპრილს დაიწყო და მას შემდეგ, ბოლო 2 თვის განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესი გახლდათ, რომელიც გვინახავს. ჯონი დეპმა 2019 წელს ამერიკის სასამართლოს ამბერის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა და მას ცილისწამებაში დასდო ბრალი, საქმე ერთი წლით ადრე, The Washington Post-ში, ჰერდის მიერ გამოქვეყნებულ ოპ-ედს ეხებოდა, რომელშიც მსახიობმა თავი ოჯახში ძალადობის მსხვერპლად გააცნო მკითხველს.

მიუხედავად იმისა, რომ ამბერ ჰერდს ოპ-ედში ჯონი დეპის სახელი არ უხსენებია, მარტივი მისახვედრი იყო, რომ მსახიობი ყოფილ მეუღლეზე საუბრობდა. დეპის თქმით გამოქვეყნებული სტატია გახდა მისი კარიერის დასამარების მიზეზი და ამ ზარალის ასანაზღაურებლად ის ამბერისგან 50 მილიონ დოლარს მოითხოვს.

ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესი სკანდალური ჰედლაინების მთავარი საბაბი ყოველი მომდევნო პროცესის შემდეგ უფრო და უფრო აქტიურად ხდებოდა. ჩვენ მოვისმინეთ მხარეების აქტიური ბრალდებები, აუდიოჩანაწერები, მომსწრე გავხდით ძალადობრივი ტექსტური შეტყობინებებისა და ღალატის ბრალდებისაც კი, ამ დიდ ქაოსში, რომელსაც დეპი-ჰერდის სასამართლო პროცესის სახელით ვიცნობთ, უკვე საკმარისზე მეტი მოვისმინეთ.

ზევით