ილონ მასკის NEURALINK-მა ადამიანის ტვინში პირველი ჩიპი ჩანერგა

ილონ მასკი, Elon musk

ილონ მასკის სტარტაპ კომპანიამ Neuralink, ადამიანს ნეიროჩიპის სახით, ტვინის იმპლანტი პირველად გადაუნერგა. ინფორმაციას თავად მასკი X-ზე გამოქვეყნებული პოსტით ავრცელებს. ილონ მასკის განცხადებით, პაციენტი თავს კარგად გრძნობს, „პირველმა შედეგებმა ნეირონების დამაიმედებელი გამოვლინება აჩვენა“, - დასძენს მასკი.

აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) Neuralink-ს იმპლანტების შესამოწმებლად ადამიანებზე ცდების ჩატარების ნებართვა გასულ წელს მისცა. ნებართვის მიღების შემდეგ, Neuralink-მა ექვსწლიანი კვლევა წამოიწყო. ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც მოძრაობაზეა პასუხისმგებელი, ადამიანის თმაზე თხელი ძაფების დასადებად, სტარტაპ კომპანია რობოტებს იყენებს. როგორც Neuralink-ის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს ძაფები საშუალებას აძლევს ექსპერიმენტულ იმპლანტს ჩაიწეროს და ტვინის სიგნალები გადასცეს აპლიკაციას, რომელიც მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შიფრავს, თუ როგორ სურს ადამიანს გადაადგილება.

პირველი ცდის მიზანია შეამოწმოს როგორც ინტერფეისის ფუნქციონირება, აგრეთვე იმპლანტისა და რობოტის უსაფრთხოება. 

ილონ მასკის განცხადებით, Neuralink-ის პირველი პროდუქტის სახელწოდება Telepathy-ა, რომელიც მიზნად, ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დაკავშირებას ისახავს, რაც მძიმე ნევროლოგიური პრობლემების მქონე ადამიანებს, სხვებთან ნორმალური კომუნიკაციის საშუალებას მისცემს. მასკის მტკიცებით, Telepathy-ს მეშვეობით, ადამიანი მხოლოდ ფიქრის საფუძველზე გააკონტროლებს მობილურს, კომპიუტერს და ნებისმიერ სასურველ მოწყობილობას. პირველ ეტაპზე, ცდაში ის ადამიანები ჩაერთვებიან, ვინც კიდურებს ვერ იმორჩილებენ.

Neuralink

წარმოიდგინეთ, სტივენ ჰოპკინს უფრო სწრაფად კომუნიკაცია რომ შესძლებოდა, ვიდრე საბეჭდი მოწყობილობით. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი, - ილონ მასკი.

ადამიანის ტვინში მსგავსი მოწყობილობის ჩანერგვა სიახლე არ არის. იუტაში დაფუძნებულმა Blackrock Neurotech-მა ადამიანს თავისი პირველი ინტერფეისი 2004 წელს ჩაუნერგა. კომპანია Precision Neuroscience-ის (რომელიც შეიქმნა Neuralink-ის თანადამფუძნებლის მიერ) წარმომადგენლების მტკიცებით, მათი არაინვაზიური პროცედურა Neuralink-ის პროცედურაზე ეფექტური და მარტივია.

აშშ-ის ორ სხვადასხვა სამეცნიერო კვლევაში, უკვე არსებული იმპლანტები წარმატებით გამოიყენეს ტვინის აქტივობების მონიტორინგისთვის, მაშინ როდესაც ადამიანი ლაპარაკს ცდილობდა. მიღებული ინფორმაციის გაშიფვრა და მეტყველების პრობლემების მქონე ადამიანებისთვის კომუნიკაციის შემსუბუქება ამ ცდების ჩანაფიქრი იყო. 

Neuralink, elon musk

რამდენად გიგანტური ნახტომი იქნება Telepathy კაცობრიობის ისტორიაში, ტექნოლოგიებსა და მედიცინაში, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს, თუმცა გენიოსი ილონ მასკის ამ წამოწყების მიმართაც მოლოდინი რომ დიდია, ამას არავინ მალავს.

ზევით