#სპორტი

ეკატერინე გორგოძე წყვილთა თანრიგში ტრანსილვანიის ტურნირის გამარჯვებულია

გაზიარება:

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ კიდევ ერთი ტურნირი ტრიუმფალური გამარჯვებით დაასრულა - ეკომ და მისმა რუმინელმა მეწყვილემ, ირინა ბარამ ნიდერლანდურ-სერბული წყვილი კერხოვე/კრუნიჩი სამ სეტში ანგარიშით 4:6 6:1 11:9 დაამარცხეს და წყვილთა თანრიგში ტრანსილვანიის ტურნირის (საპრიზო ფონდი 235 238 დოლარი) გამარჯვებულად მოგვევლინენ.

29 წლის ქართველი ჩოგბურთელისთვის ეკატერინე გორგოძისთვის ეს გამარჯვება მის კარიერაში ყველაზე დიდ მიღწევად ითვლება, სავარაუდოა, რომ ამ გამარჯვებით 102-ე პოზიციაზე მყოფი ეკო, WTA-ს წყვილთა რეიტინგის მოწინავე 80-ეულში შეაღწევს.

 

ბოლო თვეების განმავლობაში ეს ზედიზედ მესამე მოგებული წყვილთა თანრიგია ეკატერინე გორგოძის სახელზე, ქართველმა ჩოგბურთელმა ჯერ პოლონეთში, ქალაქ გროჯისკში გამართულ ტურნირზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ჩემპიონის სტატუსი და საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარი მოიპოვა, შემდეგ გერმანიის ქალაქ კარლსრუეში 115-ათასიან შეჯიბრზე რუმინელ ირინა ბარასთან ერთად იმარჯვა, ერთი თვის წინ კი ბელგიელ მეწყვილე ისალინ ბონავენტურესთან ერთად, წყვილთა თანრიგში, ვალენსიას საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონად მოგვევლინა.

ზევით