#ცნობილები

ანია ტეილორ-ჯოისა და მალკოლმ მაკრეის ვენეციური ქორწილი მე-15 საუკუნის Palazzo Pisani Moretta-ში

გაზიარება:

ანგლო-არგენტინელი მსახიობი, ანია ტეილორ-ჯოი და მუსიკოსი მალკოლმ მაკრეი 2 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, იტალიის რომანტიკულ ქალაქში დაქორწინდნენ. ქორწილი, ვიწრო წრეში გაიმართა. ანიასა და მალკოლმის სიყვარულის დღეს სულ 150 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ წყვილის უახლოესი მეგობრები და ოჯახის წევრები.

ანია ტეილორ-ჯოი პაპარაცებმა სასტუმროს აივანზე, დილის ყავის თანხლებით, მნიშვნელოვანი დღის სამზადისის პროცესში შენიშნეს. მსახიობი კრემისფერ აბრეშუმის კაბაში იყო გამოწყობილი. როგორც Dior-ის ამბასადორისგან იყო მოსალოდნელი, ანიამ საპატარძლო კაბის შექმნა, სწორედ ფრანგულ მოდის სახლს მიანდო. სადა, მინიმალისტური, მაქმანებიანი კაბა კოლიბრის ნაქარგებითა და წყვილისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის წარწერებით, სპეციალურად მსახიობისთვის შეიქმნა. რაც შეეხება პატარძლის მაკიაჟს, არასტანდარტული კაბის შერჩევის პარალელურად, ანიამ თამამი მაკიაჟი მორგო და აქცენტი ტუჩებზე გააკეთა.

თუმცა, ანია, დღის ერთადერთი გმირი არ გახლდათ, რომელმაც არჩევანი ფრანგულ მოდის სახლზე შეაჩერა. ნეფე, მალკოლმ მაკრეი შავი შალის ჯემპრით, მუქი ჯინსის შარვლითა და Dior-ის ხელჩანთით, პაპარაცებმა ნავზე დააფიქსირეს.

დღესასწაული მე-15 საუკუნის Palazzo Pisani Moretta-ში გაიმართა. ძვირადღირებული საქორწილო ადგილი რიალტოს ხიდთან მდებარეობს. ინტერიერი ბაროკოს ორნამენტების ნამდვილი სამოთხეა. უზარმაზარი დარბაზები, მოოქროვილი კედლები, მარმარილოს გრანდიოზული კიბეები, გოთიკური სტილის ფანჯრები და ფრესკული ჭერი, უდავოდ იდეალური ადგილი იქნებოდა ანიას Dior-ის ტულეს კაბის მომენტისთვის.

ქორწილამდე ერთი დღით ადრე, დახვეწილ ვენეციურ კოსტიუმირებულ მიღებას, წყვილის ახლო მეგობრები შემოუერთდნენ, რომელთა შორისაც ჯულია გარნერი, მაილს ტელერი და მისი მეუღლე - კელეი სპერი, ეიმე კარერო და სხვა ცნობილი სახეები იყვნენ.

ახალდაქორწინებულები ორ წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს. ამბობენ, რომ ანია და მალკოლმი ერთმანეთს 2021 წელს, The Queen's Gambit-ის წვეულებაზე შეხვდნენ. წყვილის ამპლუაში მსახიობი და მუსიკოსი პირველად 2022 წლის მარტში ვიხილეთ, CAA Pre Oscar-ის წვეულებაზე, რასაც რამდენიმე თვეში The Northman-ის საპრემიერო წითელი ხალიჩა და ანიასა და მალკოლმის კოცნაც მოჰყვა.

ზევით