#WOMEN POWER

5 ყველაზე გავლენიანი პირველი ლედი ისტორიაში

გაზიარება:

პირველი ლედის ტიტული, ეს არა მხოლოდ უდიდესი პრივილეგია, არამედ განუსაზღვრელი პასუხისმგებლობაცაა საკუთარი ქვეყნისა და მისი მოსახლეობის მიმართ. ისტორიამ არა ერთი დიდებული პრეზიდენტი შემოგვინახა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, აი პირველი ლედების, მათი გაწეული შრომისა და ამაგის შესახებ კი არც თუ ისე ბევრი რამ ვიცით.

დღეს, ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება და ჩვენც, დიდი სიამაყით ვზეიმობთ თანასწორობისა და შესაძლებლობების მიღწეულ მაქსიმალურ ნიშნულს, რომელიც ოდესმე გვინახავს. იცოდით, რომ არგენტინელი ქალების თანასწორობისთვის, პირველი ლედი ევა პერონი იბრძოდა? ან თუ გსმენიათ, აშშ-ის პირველი ლედის, ბეტი ფორდის მემკვიდრეობის შესახებ? - თუ კი არა, მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა.

ევა პერონი

ევა პერონი ასევე ცნობილი, როგორც ევიტა, არგენტინის 29-ე პრეზიდენტის ხუან პერონის მეორე ცოლი გახლდათ. ის ისტორიაში შევიდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული ქალბატონი, 40-50-იანი წლების არგენტინის პოლიტიკური და სულიერი ლიდერი.  მისი ცხოვრების მთავარ მიზნად ღატაკი ადამიანებისთვის ყოფის შემსუბუქება იქცა. ევიტას ძალისხმევით, არგენტინაში, რამდენიმე კანონი მიიღეს, რომელიც მშრომელი ხალხის ცხოვრებას ამსუბუქებდა, ხოლო პარლამენტისადმი მისი პირადი მიმართვის შედეგად, არგენტინაში ქალებს საარჩევნო ხმის უფლება მიენიჭათ.

ბეტი ფორდი

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი 1974-1977 წლებში, ელიზაბეთ ენ ბეტი ბლუმერ ფორდი, განსაკუთრებული პოლიტიკური აქტიურობით გამოირჩეოდა, მას მეტსახელად ქალების ადვოკატიც კი შეარქვეს. გარდა იმისა, რომ ბეტი ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდა, ის გახლდათ პირველი ქალი თეთრ სახლში, რომელმაც მასტექტომიის შემდეგ, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას მიჰყო ხელი. ბეტი აგრეთვე გახლდათ პირველი ლედი, რომელიც თანასწორი უფლებებისთვის, აბორტის უფლებებისა და იარაღის კონტროლის გამკაცრებისთვის იბრძოდა.

მიშელ ობამა

ამერიკის შეერთებული შტატების კიდევ ერთი პირველი ლედი, მიშელ ობამა, აქტიურად იყო მეუღლისა და აშშ-ის ბარაკ ობამას ჯერ წინასაპრეზიდენტო, შემდეგ კი უშაუალოდ საპრეზიდენტო საქმეებში. მიშელი, თავისი ხმამაღლი და პირდაპირი გამოსვლებით გახდა ცნობილი, სადაც პირველი ლედი ხშირად საუბრობდა ბავშვების სიმსუქნისა და სიღატაკის პრობლემებზე. 2019 წელს მიშელმა ავტობიოგრაფიული წიგნი Becoming გამოსცა, რომელიც არა ერთი ადამიანისთვის გახდა შთამაგონებელი.

ბრიჯიტ მაკრონი

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგმა ხალხმა პირველი ლედისთვის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის წინააღმდეგ პეტიციას მოაწერა ხელი, ბრიჯიტ მაკრონი მაინც რჩება საფრანგეთის იმ პირველ ქალად, რომელიც გემოვნებისა და სტილის სიმბოლოდ ითვლება, თუნდაც საკუთარი ჯიბიდან გადახდილი ფულით. თუმცა, ბრიჯიტის უპირატესობად მხოლოდ მისი მოდურობა როდი ითვლება, მაკრონი ინტელექტუალი პარტნიორიც გახლდათ მეუღლის, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში.

დორით მუსაიეფი

ისლანდიის მეხუთე პრეზიდენტის, ოლაფურ რაგნარ გრიმსონის მეორე ცოლი დორით მუსაიეფი, რომელიც პირველი ლედის მოვალეობას 13 წელიწადის განმავლობაში ასრულებდა, აქსესუარების დიზაინერი, რედაქტორი და ბიზნესვუმენი გახლდათ. თუმცა, გარდა ამისა, დორითი მნიშვნელოვან ფიგურასაც წარმოადგენდა, პირველი ლედი ისლანდიელი მუსიკოსებისა და არტისტების პოპულარიზაციით გახლდათ დაკავებული საზღვრებს მიღმა. პოლიტიკური ცხოვრების შესრულებისას დორითმა არა ერთი გავლენიანი მეგობარი შეიძინა, მათ შორის ბილ გეითსი, ბილ კლინტონი და ნელსონ მანდელა.

 

ზევით