#კულტურა

ყველაფერი, რაც ევროვიზია 2024-ზე უნდა ვიცოდეთ

გაზიარება:

რიგით 68-ე, ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული შვეიცარია გახდა, ნიდერლანდების მონაწილე დისკვალიფიცირებული იქნა კონკურსიდან, ქალაქის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართა, რის გამოც 30-მდე აქტივისტი დააკავეს - ასე დასრულდა მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და დაძაბული მუსიკალური კონკურსი.

შვეიცარიელმა მომღერალმა, ნემომ, რომელიც non-binary გახლავთ, თავისი პერფორმანსით უკან მოიტოვა ისრაელი და ხორვატია, რომლებიც ასევე მაყურებლების ფავორიტების სიებში ლიდერობდნენ. ნემო ევროვიზიაზე სიმღერით The Code წარსდგა და თავისი ენთუზიაზმისა და არტისტულობის დახმარებით გამარჯვებაც მოიპოვა. როგორც ვიცით, საბოლოო შეფასების ნახევარი ჟიურის ხმებს მოიცავს, ჟიურიმ კი საბოლოოდ ნემოს საოპერო და თანაც დრამისა და ბასის ელემენტებით შექმნილი სიმღერა, ძალიან დამაფიქრებელი ტექსტით, საუკეთესოებს შორის ამოარჩია.

I went to Hell and back to find myself on track, I broke the code

მაგრამ ევროვიზია ასე ლამაზად არ დასრულებულა. რა თქმა უნდა პოლიტიკა გაერია და რა თქმა უნდა ინციდენტებიც გახლდათ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ხმაური ჰოლანდიელს მონაწილეს უკავშირდება. იოსტ კალაინის დისკვალიფიცირებული იქნა ევროვიზიის კონკურსიდან. მიზეზად კი დასახელდა მისი შეუსაბამო ქცევა პროექტის პროდიუსერის ჯგუფის ქალი წევრის მიმართ. ეს ინციდენტი ნახევარფინალის შემდეგ მოხდა, რაშიც შვედეთის პოლიცია ჩაერთო და ამის შემდგომი გამოეთიშა კონკურსს ჰოლანდია. ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) განაცხადა, რომ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა აქვთ შეუსაბამო ქცევის მიმართ. EBU-მ ასევე ხაზი გაუსვა, რომ კონკურსზე პერსონალისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა ყველაზე მნიშვნელოვანია.

ნიდერლანდელი მომღერალი პრეს-კონფერენციაზე

ჰოლანდიელი მაუწყებელი, რომელმაც კლაინი კონკურსზე წარადგინა, უკმაყოფილო იყო ჟიურის გადაწყვეტილებებით და შოუს ბოლოს, ქულების დაწერაზე უარი განაცხადა. როგორც კულუარებშე ამბობენ, ნიდერლანდელი მომღერალის დისკვალიფიკაციის რეალური მიზეზი მისი კომენტარი გახლდათ, რომელიც მან ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. იოს კალაინმა ევროვიზიაზე ისრაელის მონაწილის ყოფნასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა. თავისი პოზიცია კი მაშინ დააფიქსირა, როდესაც ჟურნალისტი ისრაელის კონკურსანტს ეკითხებოდა, შეუქმნიდა თუ არა მისი იქ ყოფნა საფრთხეს დამსწრე გულშემატკივრებსა და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. 

უფრო დიდი სკანდალი ევროვიზიას წინ ელოდა. ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ისრაელს კონკურსში მონაწილეობის უფლება მარტში მისცა, მას შემდეგ რაც Golan-ის სიმღერა, “Hurricane”-ის ტექსტი და სახელი გადაკეთდა. ის ჰამასის მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმას ეხებოდა და საბოლოოდ “October Rain” დაერქვა. 

ქვეყნის ევროვიზიაზე არ დაშვების პრეცედენტი პოლიტიკური მოვლენების გამო უკვე არსებობს. 2022 წელს, უკრაინაში ომის გაჩაღების გამო, რუსეთი ევროვიზიის მონაწილეთა სიიდან ამოიღეს. ამავე სარჩული შექმნა ისრაელთან დაკავშირებით პრო-პალესტინურმა დაჯგუფებამ და საპროტესტო აქცია გაიმართა მალმეში. ქალაქის ცენტრში, სადაც ევროვიზია ტარდებოდა, რამდენიმე ათასმა ადამიანმა, რომლებსაც პალესტინის დროშები ეკავათ ხელთ, თავი მოიყარა. ისინი ისრაელის ევროვიზიაზე მონაწილეობას აპროტესტებდნენ და 2022 წლიდან რუსეთის კონკურსიდან გამორიცხვა მოჰყავდათ მაგალითად. დემონსტრანტებმა მოგვიანებით საკონცერტო არენისკენ გადაინაცვლეს. ამ დემონსტრაციაზე პოლიციამ 30-მდე ადამიანი დააკავა და მათ შორის იყო კლიმატის ცვლილებების შვედი აქტივისტი, გრეტა თანბერგი.

კლიმატის ცვლილებების შვედი აქტივისტი, გრეტა თანბერგი

არენის გარეთ მომიტინგეები “სირცხვილიას” გაიძახოდნენ, არენის სცენაზე კი ისრაელის წარმომადგენელი მღეროდა და შოუს შემდეგ, ძლიერი აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

სახალხო კენჭისყრაში ისრაელმა მეორე ადგილი დაიკავა. ევროვიზიაზე ბოლოდროინდელმა დაპირისპირებამ ჰოლანდიელი კლაინის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით, მწვავე რეაქცია გამოიწვია

ევროვიზიის კულუარებშიც დიდი ამბები ტრიალებდა. განხილვის თემა იყო ირლანდიის non-binary მომღერალი, რომელმაც საბოლოო რეპეტიცია გამოტოვა. ხალხი ვარაუდობდა, რომ ამ ინციდენტსაც ჰქონდა კავშირი ისრაელის მაუწყებელთან გამართულ დავასთან. ანალოგიურად, ფრანგმა კონკურსანტმა სლიმანმა რეპეტიციების დროს ექსპრომტი სიტყვა წარმოთქვა სიყვარულსა და მშვიდობაზე. ნორვეგიის ყოფილმა კონკურსანტმა, ალესანდრა მელემ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტიდან გამომდინარე, ბოიკოტის ნიშნად უარი განაცხადა სპიკერობაზე. 

წელს, ევროვიზია შვედეთში, ქალაქ მალმეში გაიმართა

საბოლოოდ, როგორც ყოველთვის, ევროვიზიის სახით წელსაც პოლიტიკისა და მუსიკის ნაზავი მივიღეთ. კარგი კი ის არის, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ინსპირაციული იყო შვეიცარიელი, არაბინარული გენდერის წარმომადგენლის საოცარი შესრულება და დამსახურებული გამარჯვებულის სტატუსი. საქართველომ კი, მიუხედავად იმისა რომ დიდხნიანი პაუზის შემდეგ პირველად მოახერხა ფინალში გადასვლა, წელს მხოლოდ 21-ე ადგილის დაკავება შეძლო. 

 

ზევით