#კულტურა

აკა ფროდიაშვილი თბილისის კულტურის კვირეულზე

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

27 წლის ქართველი დიზაინერი, აკა ფროდიაშვილი, მოდის სამყაროში 15 წლის ასაკში გამოჩნდა. ჯერ კიდევ 2018 წელს, Vogue-ის სტატიაში მას უკვე უწოდეს ამომავალი ვარსკვლავი. დღეს კი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აკა ქართული მოდის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია.  

აკას დებიუტი, გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებით, თბილისის Mercedes Benz Fashion Week-ზე 2019 წელს შედგა. აქედან დაიწყო ისტორია, რომელმაც თბილისის კულტურის კვირეულამდე მოგვიყვანა და აკას ახალი ნამუშევრების ხილვის საშუალება მოგვცა. კულტურის კვირეული უკვე ორი დღეა თბილისი Factory-ში მიმდინარეობს. 

აკას ბიოგრაფია მრავალ ადგილობრივ და მსოფლიო ჟურნალებთან ურთიერთობას ინახავს, ის მონაწილეობდა ისეთ ცნობილ პროექტებში, როგორიცაა "Be Next" და "Young Talents". თავის დებიუტამდე ცოტა ხნით ადრე, Dazed-ის 2019 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაშიც მოხვდა. დიზაინერის სამოსში უკვე ვიხილეთ ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა ლედი გაგა, პერის ჰილტონი და Arca. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Paris Hilton (@parishilton)

დიზაინერი თავისი შემოქმედებით უპირისპირდება კონსერვატიზმს, ჰომოფობიას. აკა საკუთარი ნამუშევრებით მოპოვებული თავისუფლებისა და ბორკილების ახსნის ბალადას წერს და ყველა იმ ადამიანის მაგივრად გამოთქვამს პროტესტს, ვისაც ამის უნარი და გამბედაობა საკუთარ თავში ჯერ ვერ უპოვია.

უახლესი კოლექცია, რომელიც აკამ 11 მაისს, Factory თბილისში წარადგინა, შეგვიძლია მისი შემოქმედებითი გზის ლოგიკურ გაგრძელებად აღვიქვათ. დიზაინერმა შოუ არა მხოლოდ თავისი შემოქმედების წარდგენისთვის, არამედ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის გამოიყენა. საქართველოს ევროპულ მომავალსა და "რუსული კანონს" ეხებოდა შესავალი ტექსტი, რომელიც მისტიკურ გარემოში გაჟღერდა.

შოუზე წარმოდგენილმა კოლექციამ მთლიანად გააქრო საზღვრები მასკულინობა-ფემინურობას შორის. ეს იყო სამყაროს ამ ორი, დაპირისპირებული საწყისის, მარადიულად ერთად არსებობის დემონსტრაცია. აკას შემოქმედებაც ამას ემსახურება, შექმნას სამოსი, რომელიც ადამიანის შინაგან სამყაროსა თუ იდენტობას გამოხატავს და არა იმ იარლიყის, რომელსაც საზოგადოება აკრავს ხოლმე ინდივიდს. 

თბილისის კულტურისა და Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულებმა ცხადყო, რომ ქართველი დიზაინერები არ უშინდებიან სიახლეებს და თავიანთ სათქმელს თამამად ამბობენ. სწორედ ასეთი კულტურული ღონისძიებები გვაჩვენებს, რომ ქართულ მდიდარ და ჰეტეროგენულ კულტურაში იბადებიან და იზრდებიან აკას მსგავსი თავისუფალი, შემოქმედებითი, უშიშარი და მებრძოლი ხელოვანები, რომლებიც სხვა ადამიანებისთვის უშრეტი ისნპირაციის წყარო ხდებიან ხოლმე. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Kets. (@kets.shervashidze)

 

ზევით