#UKRAINE #nankakikalia

უკრაინელი სუპერ გმირის თავგადასავლები

გაზიარება:

| ნანკა კიკალია |

ამ წამს ყველაზე სევდიანი მუსიკის კრებული მაქვს ჩართული ყურსასმენებში და ვ-google-ავ: „Who is Zelensky? What to know about Zelensky? Who is the Jewish president of Ukraine?..“ ვგუგლავ, ვეძებ, ვკითხულობ ათეულობით საინფორმაციო არხს რამდენიმე ენაზე, იმისთვის, რომ გავიგო თუ ვინ არის სინამდვილეში 21-ეს საუკუნის სახალხო გმირად აღიარებული ვოლოდიმირი, ადამიანი, რომლის სახელიც დღეს ყოველ მეორე თუ არა მესამე დედამიწელს აკერია პირზე, ადამიანი, რომელიც 44 წლის ასაკში 44 მილიონიან ქვეყანას მართავს და იბრძვის 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ტირანის ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინის წინააღმდეგ და თან სრულიად მარტო?

ზელენსკი

დაახლოებით ოთხი წლის წინ, ზელენსკი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო კომიკოსი გახლდათ, თუმცა 2019 წელს მან უკრაინაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა და საკმაოდ დიდი სხვაობითაც გაიმარჯვა ოპონენტის წინააღმდეგ (73 %). მანამდე კი „პრეზიდენტობა“ მისი ფიქციური როლი იყო და პრეზიდენტს განასახიერებდა ეკრანზეც. თუმცა, როგორც ხედავთ, ისე კარგად გაითავისა ეს როლი და ისე კარგად ართმევს თავს, რომ საეჭვოა ამ წამს რომელიმე ლიდერი გაგვახსენდეს, ვინც ლიდერშიფით კონკურენციას გაუწევს. ეხმარება თუ არა მას სამსახიობო ნიჭი ამაში, რა თქმა უნდა ამაზე დასკვნების გაკეთება ვირტუალურად საკმაოდ რთულია, თუმცა სწორედ ამ გასაოცარი ლიდერული თვისებებით მიჰყავს მას უკრაინა გამარჯვებისკენ.

ზელენსკიმ, 2000 წელს კიევის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა კარიერულად სულ სხვა მიმართულებით განვითარდა.  მან 1997 წელს კომედიური დასი Kvartal 95 დააფუძნა, ხოლო 2003 წლიდან სატელევიზიო პროგრამებზეც დაიწყო მუშაობა.

zelenski

ვინ არის ადამიანი, რომელიც 44 წლის ასაკში 44 მილიონიან ქვეყანას მართავს და იბრძვის 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ტირანის წინააღმდეგ სრულიად მარტო?

2015 წელს ზელენსკიმ განასახიერა როლი, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა და ფიქციურმა როლმა მალე 44 მილიონიანი ქვეყნის ნამდვილ პრეზიდენტად აქცია. შოუში "ხალხის მსახური" მან განასახიერა სკოლის მასწავლებელი, ვასილ პეტროვიჩი, რომელიც ამ თანამდებობისთვის საჭირო გამოცდილებისა თუ ცოდნის გარეშე ქვეყნის ლიდერი გახდება. გადაცემამ იმხელა პოპულარობა მოიპოვა, რომ კვარტალ 95-მა თავისი სახელით პოლიტიკური პარტია შექმნა.

მაშინ, როდესაც პოლიტიკაში ფეხი შემოაბიჯა, ზელენსკი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ 21-ე საუკუნის ბოლო იმპერიასთან მოუწევდა შეჭიდება და თუკი იდეალისტები ვიქნებით - მისი დამარცხება. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. პუტინის მთავრობა უკრაინას მხოლოდ აღმოსავლეთიდან კი არ უტევს, არამედ ეს არის სრულმასშტაბიანი შეჭრა, რომელიც ყველა მიმართულებიდან ხორციელდება სუვერენულ სახელმწიფოზე.

ზელენსკის პოლიტიკური კარიერა სხვა ლიდერებთან შედარებით იმით გამოირჩევა, რომ ახალგაზრდა პრეზიდენტი დაუსრულებელი კრიზისების წინაშე დგას თანამდებობის დაკავების მომენტიდან.

ზელენსკის წინასაარჩევნო კამპანია, პოლიტიკური საზომით, ტრადიციულისაგან ძალიან განსხვავდებოდა, ეს უფრო კომედიური ჯგუფის გასტროლებს ჰგავდა: სოციალურ ქსელებში გავრცელებული სელფი-ვიდეორგოლების კამპანია, სტენდაპებში მონაწილეობა და ტრიბუნიდან ნაკლებად, მაგრამ სცენიდან ამომრჩეველთან კომუნიკაცია. ვოლოდიმირის კამპანია მისი სატელევიზიო პერსონაჟის მსგავსი იყო. მან პირობა დადო, რომ კორუფციას მოსპობდა და ხელისუფლების დეცენტრალიზაციას მოახდენდა.

ზელენსკი

უკრაინელი და არამხოლოდ უკრაინელი ექსპერტები შეშფოთებას გამოხატავდნენ შოუმენის პოლიტიკური გამოუცდელობის გამო. ზოგიერთი იმასაც ამბობდა, რომ ზელენსკის პრეზიდენტობა ქვეყნისათვის „კატასტროფული“ იქნებოდა. საინტერესოა, სად არიან ახლა ის ექსპერტები და რა აზრი აქვთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობის დაკავებისთანავე პირობა დადო, რომ იპოვიდა გზას რუსეთის მიერ კონტროლირებადი აღმოსავლეთ უკრაინის რვაწლიანი კონფლიქტის მოსაგვარებლად. უკრაინის ახალგაზრდა პრეზიდენტი თავდაპირველად ძალიან ცდილობდა პუტინთან დიპლომატიური კავშირი დაემყარებინა. ვოლოდიმირი იდგა და აკაკუნებდა კრემლის კარებზე, მშვიდობა სურდა, თუმცა კრემლიდან საშინელი სიცივე და გულგრილობა მოდიოდა.

"ჩვენ არ გვჭირდება ომი. არც ცივი, არც ცხელი და არც ჰიბრიდული", - აცხადებდა ზელენსკი საკუთარ გამოსვლებში.

ზელენსკი
მარცხნიდან მარჯვნივ: ვლადიმერ პუტინი, ემანუელ მაკრონი, განგელა მერკელი და ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო შეხვედრა, პარიზი, საფრანგეთი, 2019 წლის 9 დეკემბერი

პუტინი კი, როგორც სჩვევია, აგრძელებდა ხელების ფათურს სხვის ჯიბეში, ხოლო ამ ყველაფერს ხსნიდა იმით, რომ დენაციფიკაცია სურდა უკრაინის. ძალიან ცუდად უმუშავიათ პუტინის ხელქვეითებს, ვინაიდან ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია და მისი ბაბუები ჰოლოკოსტის დროს იყვნენ მოკლული. ფაშიზმი ამ კაცთან რა მოსატანია, გაოცებული არიან ებრალები!

მიუხედავად იმისა, რომ შეტევები უკრაინაზე არ წყდება და მსოფლიო ლიდერები უკრაინის პრეზიდენტს თავშესაფარს სთავაზობენ, ზელენსკი არ აპირებს კიევის დატოვებას. იგი არა მხოლოდ უძლიერესად დამუხტული ვიდეომიმართვებით ამხნევებს საკუთარ ხალხს, არამედ, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, თავადაც დგას მებრძოლებთან ერთად და უკრაინის დედაქალაქს იცავს, კიევი არ უნდა დაეცეს! Слава Україні!

ვოლოდიმერ ზელენსკი დაქორწინებულია და ჰყავს ორი შვილი. როგორც თავად პრეზიდენტი იუწყება, მისი ოჯახი დღესაც უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება და არ აპირებს მის დატოვებას.

ზელენსკი

ზევით