კამალა vs ტრამპი - საპრეზიდენტო დებატების ჩემპიონი ვიცე პრეზიდენტია
2024 წლის საპრეზიდენტო დებატებში კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპი "გაანადგურა". ვიცე პრეზიდენტს კი საჯარო მხარდაჭერა ტეილორ სუიფტმა გამოუცხადა.
| ანნა მათიაშვილი |
გვინდა ქალთა საერთაშორისო დღეს დრო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას დავუთმოთ, რომელიც ქალთა უფლებებისა და ხშირად, მათი სიცოცხლის დაცვას ემსახურება. საფრანგეთმა 4 მარტს აბორტის ლეგალიზების პროცესში საბოლოო ნაბიჯი გადადგა და პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც აბორტი ადამიანის კონსტიტუციურ უფლებად აქცია.
ქვეყანა თავისი ისტორიის მანძილზე მუდმივად პროგრესულ სოციალურ პოლიტიკას ატარებდა და არც რეპროდუქციული უფლებები ყოფილა გამონაკლისი. მას შემდეგ, რაც 1975 წელს, ვეილის კანონით აბორტი ლეგალურად აქციეს, საფრანგეთმა ყველა ქალისთვის უსაფრთხო რეპროდუქციული პროცედურების ხელმისაწვდომობისთვის მნიშვნელოვანი ზომები გაატარა.
ქალთა უფლებების აქტივისტები წლების მანძილზე ითხოვდნენ აბორტის ფუნდამენტურ უფლებად აღიარებას, რაზეც ფრანგული საზოგადოების აზრი ორად იყო გაყოფილი. პრეზიდენტმა - ემანუელ მაკრონმა, როგორც ქალთა უფლებების დამცველმა, განაცხადა, რომ ადამიანის უფლება, თავად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ ჯანმრთელობასა და სხეულთან დაკავშირებით, ყველა ადამიანისთვის უნივერსალური უნდა იყოს, განურჩევლად სქესისა.
აბორტის კანონის გატარებით, არა მხოლოდ საფრანგეთში ხდება ქალთა უფლებები მეტად დაცული, არამედ ყველა სხვა ქვეყანას აძლევს ბიძგს, რომ თავადაც გადადგან იგივე ნაბიჯი. მით უმეტეს, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობა მეტად უგულებელყოფილია ნაკლებად განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში. გაეროს ბავშვთა დაცვის ორგანიზაციის სტატისტიკის თანახმად, საშუალოდ ყოველი 100 000 ორსულობიდან, 223 ქალის გარდაცვალებით სრულდება. ასევე, მთელს მსოფლიოში, ყოველწლიურად ჯამში 25 მილიონი აბორტი სახიფათო და სიცოცხლისთვის საზიანო პირობებში ტარდება.
ამ ინფორმაციიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ყოველი ქალისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აბორტის სერვისის სახელმწიფოს მიერ მიწოდება და ხელმისაწვდომობა.
თუ იმაზე ვთანხმდებით, რომ გვინდა ლიბერალურ, თანასწორ და უსაფრთხო სამყაროში ცხოვრება, უნდა გვესმოდეს, რომ ქალების რეპროდუქციული უფლებების საკითხი იმაზე მეტ ყურადღებას იმსახურებს, ვიდრე სახელმწიფოები მის მიმართ იჩენენ. მაშინ, როდესაც ქალის სხეულსა და მენტალურ ჯანმრთელობას, არც თუ ისე იშვიათად, ორსულობა, თუ მშობიარობა ზიანს აყენებს, ქალს თავად უნდა ჰქონდეთ არჩევანის გაკეთების უფლება. ქალების უფლებები არ იქნება დაცული მანამ, სანამ მათ რეპროდუქციულ უფლებებს არ დავიცავთ.