#საზოგადოება #WOMEN POWER

ქალთა დღისადმი მიძღვნილი გამორჩეული სარეკლამო კამპანიები

გაზიარება:

| თეო კარანაია |

პირველი ქალთა დღე საუკუნეზე მეტის ხნის წინ, 1911 წლის 8 მარტს აღინიშნა. ამ დროიდან მოყოლებული, არაერთხელ შეიცვალა დღესასწაულის აღნიშვნის ფორმა და შინაარსი. გარდა ამისა, მომხმარებელთან კომუნიკაციაში, ქალთა საერთაშორისო დღის კონტექსტს, წარმატებით უამრავი კომპანია იყენებს.

ვიზუალურად ესთეტიკურ სარეკლამო კამპანიებთან ერთად, გვხვდება შინაარსობრივად დატვირთული და სოციალური თემატიკის კამპანიებიც, რაც საზოგადოებაში ჯანსაღი აზრის გავრცელებას ემსახურება. ქალთა დღისადმი მიძღვნილ სარეკლამო კამპანიებს შორის კი რამდენიმე გამოვარჩიეთ.

,,არ მინდა, რომ ერთადერთი ქალი ვიყო, მინდა ვიყო მრავალთაგან ერთ-ერთი“

ადამიანების შესაძლებლობები უნიკალური და უსაზღვროა. თუმცა, ქალებს ისტორიულად თავიანთი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება, სხვადასხვა ისტორიული კონტექსტის, თუ გენდერული სტიგმის მიზეზით არ ეძლეოდათ. სწორედ ამიტომ, დღესდღეობით, როდესაც ქალი მამაკაცებით დომინირებულ სფეროში აღწევს წარმატებას, მისი შემთხვევა უნიკალურად და გამონაკლისად ითვლება.

ზუსტად ამ შეხედულებების რეპრეზენტაციას ემსახურება მერსედეს ბენცის 2023 წლის ქალთა დღისთვის შექმნილი კამპანია. ამ უკანასკნელის მიზანი მომავლის ქალს და სასურველი რეალობის დემონსტრირება გახლდათ, რომელშიც სხვადასხვა სფეროში ქალების წარმატების ისტორიები გამონაკლისად აღარ ჩაითვლება.

რას ნიშნავს აკეთო რამე ,,გოგოსავით“?

Always-ის კამპანია - ,,ყოველთვის გოგოსავით“ სტერეოტიპების რევერსიას ემსახურება. რეკლამაში კარგადაა ნაჩვენები, რამდენად ფესვგადგმულია საზოგადოებაში კლიშეები ქალების შესაძლებლობების შესახებ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რეკლამის დასაწყისში ნაჩვენებ რეალობას დასასრულში პატარები აყირავებენ და აჩვენებენ, როგორია თანამედროვე ქალის რეალური სახე. აღნიშნული კამპანია კარგად შეესაბამება ქალთა საერთაშორისო დღის თანამედროვე კონტექსტს, რადგან საზოგადოებაში ქალთა როლის შესახებ სტერეოტიპებთან ბრძოლა, სამწუხაროდ დღესაც არანაკლებ აქტუალურია.

Show them what crazy can do! - Dream crazier

რა თქმა უნდა, სოციალურ კამპანიებს შორის ჩვენი ერთ-ერთი რჩეული Nike გახლავთ. Just Do It-ის კამპანიის გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმის შემდეგ, რომელშიც ბრენდმა მხოლოდ მამაკაცი ათლეტები გამოიყენა, Nike-ის კრეატიულმა გუნდმა ფოკუსი ქალ სპორტსმენებზე გადაიტანა და 4 წლის წინ ვიდეო კამპანია, სახელწოდებით Dream crazier ჩაუშვა.

კამპანიის მიზანი იმ ქალი ათლეტების მიღწევების წარმოჩენა გახლდათ, რომლებმაც ყველანაირი ბარიერი გაარღვიეს და მამაკაცების მიერ დომინირებულ სპორტულ სამყაროში, საკუთარი კვალი სამუდამოდ დატოვეს. 

 

ზევით