NAOMI: IN FASHION - ნაომი კემპბელის გამოფენა ლონდონის მუზეუმში

| მარიამ მათიაშვილი|

Naomi Campbell, ნაომი კემბელი

Naomi: In Fashion გამოფენა ნაომი კემპბელის თითქმის 40-წლიან კარიერას მიუყვება. მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურის შესახებ გამოფენას Victoria & Albert Museum უმასპინძლებს.  სანამ ექსპოზიციის დეტალებს განვიხილავთ, გავიხსენოთ ნაომის სამოდელო კარიერის დასაწყისი.  ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მოდელი 15 წლის ასაკში სამოდელო სააგენტოებმა აღმოაჩინეს. მოდელის დებიუტი 16 წლის ასაკში პარიზში, აზედინ ალაიას ჩვენებაზე შედგა. ორი წლის შემდეგ კი პირველი შავკანიანი მოდელი გახდა, რომელიც ფრანგული Vogue-ის გარეკანისთვის გადაიღეს. დღესაც, 53 წლის ასაკში, სუპერმოდელი კვლავ ახერხებს პოდიუმზე ბრწყინვას და Coperni-ს, Alexander McQueen-ის Dolce & Gabbana-ს უახლეს ჩვენებებში იღებს მონაწილეობას.

naomi campbell
ნაომი კემპბელი Vogue Paris-ის გარეკანზე

ნაომი მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა მოდის სამყაროში არა მხოლოდ სამოდელო კარიერით, არამედ მისი როლით სამოქალაქო აქტივიზმში.  როგორც შავკანიანი სუპერმოდელი, იგი წლების განმავლობაში იბრძოდა მოდის ინდუსტრიის ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნებისთვის. ფერადკანიანი ქალების უფლებებისთვის ბრძოლა მის მთელ ცხოვრებას გასდევს და გამოფენაც ნათლად ასახავს ამას, განსაკუთრებით კი მის ახლო ურთიერთობას ნელსონ მანდელასთან. მიუხედავად იმისა, რომ ნაომის მცდელობამ გარკვეული შედეგი გამოიღო, 53 წლის სუპერმოდელი თვლის, რომ ბოლო წლებში მოდის ინდუსტრია უკან იხევს ფერადკანიანების ინკლუზიურობის საკითხში.

ნაომი კემბელი
ნაომი კემპბელი FORBES WOMAN AFRICA 2019-ის ქალთა სამიტზე

გადავიდეთ თავად გამოფენაზე, რომელიც ლონდონში V&A მუზეუმში 22 ივნისს გაიხსნება და 2025 წლის 6 აპრილამდე იქნება ვიზიტორებისთვის ღია. გამოფენის კურატორმა სონეტ სტენფილმა აღნიშნა, რომ ნაომი თავადაა ჩართულია ექსპოზიციის მოწყობის პროცესში.

“მისი ისტორიის მოყოლა ჩვენზე არ არის, გვინდა, რომ თავად მოჰყვეს საკუთარი ამბავი და მისი ხმა ჩაესმოდეთ გამოფენის სტუმრებს”. 

ნაომი კემპბელი ვივიენ ვესტვუდის ჩვენებაზე
ნაომი კემპბელი ვივიენ ვესტვუდის ჩვენებაზე

საგამოფენო ნივთების 50%-ი მოდელის პირადი კოლექციიდან არის. ბევრია ისეთი უცნობი ნივთი, რომლებსაც ხალხი პირველად სწორედ V&A მუზეუმში ნახავს. აგრეთვე წარმოდგენილი იქნება მოდის ენთუზიასტებისთვის საკმაოდ ცნობილი ნივთებიც, როგორიცაა ვივიენ ვესტვუდის ფეხსაცმელი 30,5 სანტიმეტრიანი ქუსლით, რომლითაც ნაომი პოდიუმზე წაიქცა. სუპერმოდელის სურვილით გამოფენაზე პატივი მიეგება ყველა იმ დიზაინერსა თუ სტილისტს, რომლებთანაც წლების მანძილზე იმუშავა, მათ შორის აზედინ ალაიას და ჯანი ვერსაჩეს.

აზედინ ალაია და ნაომი კემპბელი

ექსპოზიცია სტუმრებს ნაომი კემპბელის ფენომენალური კარიერის სხვადასხვა მომენტში ამოგზაურებს და გაახსენებს მის გამოსვლებს ვალენტინოს, შანელის, ივ სენ ლორანისა თუ სხვა მოდის სახლების ჩვენებებზე. მის ცნობილ სამოსთან და ფეხსაცმელებთან ერთად სხვადასხვა ჟურნალის გარეკანის თუ ჩვენებების ფოტოები იქნება გამოფენილი. გამოფენის კურატორების მიზანია, ხალხს აჩვენონ არა მხოლოდ მოდელის საოცარი ლუქები და გამოსვლები, არამედ მისი, როგორც სუპერმოდელის, აქტივისტისა და ფილანტროპის  შეუფასებელი გავლენა კულტურასა და საზოგადოებაზე.

ზევით