„ნებისმიერი ბიზნესის განვითარება განათლებით იწყება, ჩვენი მიზანი კი საფუძვლის ჩაყრაა“

 

მეგი ჯაშმა და ეკატერინე ყუბანეიშვილმა მოდის ბიზნესის სასერტიფიკატო კურსს საფუძველი 2016 წელს ჩაუყარეს, მრავალთვიანი შრომის და მოლაპარაკებების შემდეგ, გოგოებმა, მოდის სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის შექმნეს სასწავლო პროგრამა, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ მოეძებნებოდა. წარმატებული სტარტის მიუხედავად, Covid 19-ის პანდემიის კრიზისი სასერტიფიკატო კურსსაც შეეხო, ის მთელი 2 წლით შეჩერდა. 

2022 წელს, ბრიტანულ უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მეგიმ და ეკომ, მოდის ბიზნესის სასერტიფიკატო კურსზე მიღებაც განაახლეს და საყვარელი საქმის კეთებას ორმაგი შემართებით შეუდგნენ.

როდის გაჩნდა მოდის სამყაროს მიმართ ინტერესი თქვენს ცხოვრებაში და როდის შეაბიჯეთ მოდის ბიზნესის სასწავლო პროგრამაში?

მეგი: მოდის მიმართ ინტერესი ბავშვობიდან მქონდა, რადგან ყოველთვის მომწონდა და მიზიდავდა განსხვავებული ჩაცმის სტილი. გარკვეული პერიოდი ვცხოვრობდი საზღვარგარეთ და წარმოდგენა არ მქონდა ქართული მოდის შესახებ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი დავინახე რომ ქართველი დიზაინერები დღითიდღე  წარმატებულები ხდებოდნენ არამარტო საქართველოში არამედ ფარგლებს გარეთაც.

2015 ჩავაბარე ჯიპაში პროფესიული განვითარებისთვის სადაც გავიცანი ეკო და ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო. ჩვენი სწავლის პერიოდში ჩემთვის ძალიან საინტერესო ლექტორებთან და ტრენერებთან მქონდა ურთიერთობა, რამაც ბევრი მიმართულებით დამაწყებინა ფიქრი. 

მეგი ჯაში

ჩემდა სასიხარულოდ ისე აღმოჩნდა, რომ მსგავსი მიმართულებებით ეკოც  ფიქრობდა და ჩვენი აზრები ერთმანეთს დაემთხვა. 

ეკო: ბავშვობიდან მიყვარდა  და მიზიდავდა ხელსაქმე. ქარგვა, ქსოვა და კერვა ბებომ მასწავლა და დღემდე ვქმნი ხელნაკეთ ნივთებს, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. თუმცა სერიოზულად  არ აღვიქვამდი მოდას მანამ, სანამ პირადად არ მომიწია შეხება მოდის ინდუსტრიასთან. წამყვან სპეციალისტებთან და ქართველ დიზაინერებთან ურთიერთობის შემდეგ გავაცნობიერე, რომ კარგი იქნება არსებობდეს საგნმანათლებლო პლატფორმა მოდის ბიზნესის მიმართულებით.

როგორც მეგიმ მოგახსენათ მეც ჯიპას კურსდამთავრებული ვარ, სადაც საფუძველი ჩაეყარა ჩვენი იდეების ერთმანეთისთვის გაზიარებას, თანხვედრას და სამომავლო გეგმების დასახვას. სწავლის დასრულების შემდეგ 6 თვის განმავლობაში ვმუშაობდით სასერტიფიკატო პროგრამის შედგენაზე. ცხადია, გავითვალისწინეთ დასავლური განათლების მეთოდოლოგია და წამყვანი მოდის უნივერსიტეტების კურსების შესწავლის შედეგად შევადგინეთ პროგრამა და მოვარგეთ ქართულ რეალობას. 

პროცესში ყველაზე რთული კი ლექტორების და სპიკერების მოძიება აღმოჩნდა, თუმცა ჩვენი კურსის მთავარი უპირატესობა ამ სფეროს წამყვანი სპეციალისტები და პროფესიონალი გუნდია.  

ჩვენს მკითხველს რომ გააცნოთ, რას მოიცავს ეს პროგრამა, ვისზეა გათვლილი და რა უპირატესობებით გამოირჩევა?

სასერტიფიკატო კურს მოდის ბიზნესს 2016 წლიდან ვხელმძღვანელობთ, პროგრამა ევროპული უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამების შესწავლის შედეგად შევადგინეთ. რაც მნიშვნელოვანია ამ პროცესში ქართველი და ევროპელი წამყვანი სპეციალისტების ცოდნა და გამოცდილება გავიზიარეთ, მოვარგეთ ქართულ რეალობას და მომხმარებელს თანამედროვე სწავლის მოდელი შევთავაზეთ.

კურსი შედგება თეორიული ნაწილისა და პრაქტიკული მეცადინეობისაგან. ჩვენი სტუდენტები შეისწავლიან მოდის ისტორიას, თანამედროვე ტენდენციებს, მარკეტინგს, ბრენდის სტრატეგიას, პარტნიორებთან ურთიერთობას და ფინანსურ ანალიზს. უმნიშვნელოვანესია პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც  მოიცავენ პროექტზე მუშაობას, როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად, პროექტის პრეზენტაციას და მის ინტერაქციულ განხილვას. სტუდენტები სწავლის პროცესში ჩართულნი არიან  ჩვენი პარტნიორების მოდურ ღონისძიებებში. 

სასერტიფიკატო პროგრამის  გავლის შედეგად მონაწილეები  შეძლებენ პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები, დამოუკიდებლად  მიიღონ სწორი და ეფექტური გადაწყვეტილებები.

ჩვენი უპირატესობა ქართველი წამყვანი სპეციალისტების მასტერკლასებია, სადაც დიზაინერები, ბრენდ მენეჯერები, მარკეტოლოგები გამოცდილებას უზიარებენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას. კურსდამთავრებული სტაჟირებას გაივლის, ან დასაქმდება პარტნიორ კომპანიებში.

უშუალოდ თქვენს მოდულებზე რომ გვიამბოთ...

მეგი: პრეზენტაციის უნარებს  მნიშვნელოვანი ადგილი უკავია არა მხოლოდ მოდის სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის  არამედ ყველ პროფესიის წარმომადგენლებისათვის. მოდული  სტუდენტებს ასწავლის ზოგად უნარ-ჩვევებს  და ფსიქოლოგიურ მიმართულებას რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში. გარდა თეორიული ნაწილისა მოდული ორიენტირებულია სტუდენტებს ასწავლოს ბიზნეს პროექტებზე მუშაობა, რაც მის სწორ ჩამოყალიბებას და გადმოცემას მოისაზრებს. 

ეკო: მოდის ინდუსტრიის მდგრადი განვითარება საკმაოდ ვრცელი და უმნიშვნელოვანესი საკითხია. ინდუსტრიულმა განვითარებამ ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია, რაშიც მოდის ბიზნეს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. მოდის ინდუსტრიას ეკოლოგიის დაბინძურებაში უკვე წლებია მეორე ადგილი უჭირავს. ადამიანები 400%-ით მეტ ტანსაცმელს იყენებენ, ვიდრე 50 წლის წინ. ჭარბი მოხმარება კი დედამიწის რესურსების დიდი რაოდენობის მოხმარებას მოიაზრებს.

ეკო ყუბანეიშვილი

მნიშვნელოვანია გავხდეთ ეკო მეგობრულები და გავუფრთხილდეთ ჩვენს სახლს - დედამიწას. ამისთვის კი შემდეგი რჩევები გავითვალისწინოთ: შევიძინოთ ნაკლები ტანსაცმელი სწრაფი მოდის მწარმოებლებისგან, ︎გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ ჩვენს ნივთებს, რათა დიდხანს შევინარჩუნოთ ისინი. ︎წავახალისოთ ადგილობრივი ტანსაცმლის მწარმოებლები, რომლებიც ნაკლებ ზიანს აყენებენ გარემოს და ადამიანებს. ︎შევიძინოთ მეორეული ტანსაცმელი, რომელიც ბევრად ხარისხიანიც შეიძლება იყოს, ვიდრე ახალი. გავუფრთხილდეთ დედამიწას , რადგან საცხოვრებელი პლანეტა B არ არსებობს! 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები ამ სფეროში?

ჩვენი სამომავლო გეგმები საინტერესო, მოთხოვნადი და თანამედროვე პროფესიების დანერგვაა. ჩვენ ვქმნით ისეთ სასწავლო პროგრამებს რომლის ანალოგი საქართველოში არ არის.  

სასწავლო პროგრამების შედგენის იდეები მოდის ბაზრის კვლების და დაკვირვებების შედეგად. იქედან გამომდინარე თუ რა პროფესიები არის ფინანსურად  შემოსავლიანი და მოთხოვნადი. სწორედ ამიტომ ჩვენ და ბრიტანული უნივერსიტეტი გთავაზობთ 2023 წლიდან  ინფლუენსერ მარკეტინგის, ინერიერისა და ექსტერიერის დიზაინს ახალი ტექნოლოგიებით და  სტუმართმოყვარეობის მენეჯმენტის კურსებს.  ჩვენ სასწავლო პროგრამეს უძღვებიან ქართველი და ევროპელი წამყვანი სპეციალისტები.   

ნებისმიერი ბიზნესის განვითარება განათლებით იწყება ჩვენი მიზანი კი საფუძვლის ჩაყრაა.

 

ზევით