#სპორტი

ნიკა კვეკვესკირი - ერთიანი საქართველოს სიმბოლო

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

ეროვნული გამარჯვება ყოველთვის გვახსენებს ეროვნულ ტკივილს და იმედიანი თვალებით გვახედებს მომავლისკენ. გუშინდელი წარმატება საქართველოს წარმატება იყო, იმ საქართველოსი რომელიც, დღეს ჩვენს გულებში, მომავალში კი რეალობაშიც გამთლიანებული, არცერთი პროცენტით ოკუპირებული და ერთ მუშტად შეკრულია. 

26 მარტს, დინამო არენაზე “ხმაურიანი სიჩუმე” სუფევდა. სუნთქვაშეკრული, ფეხზე მდგომი საქართველო ერთი კაცის, ნიკა კვეკვესკირის სახით იდგა მოედანზე და ისტორიული მნიშვნელობის გოლის გასატანად ემზადებოდა. კარში გასულმა ბურთმა დაარღვია ეს სიჩუმე და ჩამოანგრია ყველა წინაღობა, რაც დამოუკიდებელ საქართველოს გამარჯვების რწმენას უკარგავს.

აფხაზეთმა თბილისის მოედანზე ის გოლი გაიტანა, რომელიც ქვეყანას ევროპაში წაიყვანს. 

ნიკა კვეკვესკირი, ფეხბურთი, საქართველოს ნაკრები

ისტორიული, ნაციონალური გამარჯვების გოლი, ალბათ მარადიულად გადის მოწინააღმდეგის კარში. რეალობაში ეს გოლი 1981 წელს ვიტალი დარასელიამ, ოჩამჩირელმა ფეხბურთელმა გადმოიტანა, 43 წლის შემდეგ, კი იგივე გაიმეორა ნიკოლოზ კვეკვესკირმა - ფეხბურთელმა გალიდან. 

ვიტალი დარასელია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ნიკა კვეკვესკირი 1992 წელს დაიბადა. წლინახევრის იყო მშობლებმა აფხაზეთიდან ზუგდიდში რომ ჩამოიყვანეს. ეს ქალაქიც მშობლიური გახდა მისთვის, მაგრამ გალზე ფიქრი იმ ემოციებს იწვევს მასში, რომელიც მშობლიურსაც კი სცდება. 

ნიკა კვეკვესკირი

“თუ კარგად ვითამაშე მოედანზე, ვარიანტი არაა, ჩემს გულში ჩუმად არ ვთქვა, შენთვის, ჩემო აფხაზეთო-მეთქი.”

ეს სიტყვები ნიკამ 15 წლის ასაკში წარმოთქვა. მაშინ, როცა მისთვის ყველაზე დიდი წარმატება ხობის ტურნირში, ფინალში ჯარიმით გატანილი პირველი გოლი იყო. ასეთმა წარმატებებმა, შეუპოვრობამ და თავდაუზოგავმა შრომამ ნიკა გუშინდელ დღემდე მოიყვანა და 32 წლის ასაკში, აქ და მსოფლიოს ყველა კუნჭულში მყოფი თითოეული ქართველი დედამიწის ზურგზე ყველაზე ამაყი გაგვხადა. 

ნიკა კვეკვესკირი, ეროვნული ნაკრები, ევროპაზე გავიდა, nika kvekveskiri, აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა

ყველა ქართველისთვის ტრაგიკულია ის საზღვარი, რომელიც ენგურის ხიდზე გადის და ოჯახის წევრებს აშორებს ერთმანეთთან, მაგრამ ის სევდა, რომელსაც ნიკას თაობა ატარებს, კიდევ უფრო მძიმეა. მათ დაკარგეს ის სამშობლო, რომელშიც ფეხი არ აუდგამთ, ის სახლი, რომელშიც დღესასწაულები არ უზეიმიათ, ის ეზო, რომელშიც არ უთამაშიათ. ომმა აფხაზეთის ბავშვებს მხოლოდ იმ ცხოვრებაზე ოცნება დაუტოვა, რომელიც მათი კუთვნილი იყო და თითების გაწვდენისას გამოაცალეს ხელიდან. 

ნიკა იმ თაობის წარმომადგენელია, რომელიც გულით უდიდეს სევდას ატარებს.

ნიკა კი იმის მაგალითია, რომ დღევანდელ ისტორიას წერენ სწორედ ის ბავშვები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში იქცნენ დევნილად, რომლებიც გაიზარდნენ დევნილთა დასახლებაში და 90-იანი წლების ყოველ წვიმიან, თოვლიან, ქარიან დილას 5-6 წლისები, უზარმაზარი ჩანთით ჯიუტად იდგნენ და ელოდებოდნენ ავტობუსს, დასახული მიზნისკენ რომ ჰქონდა გეზი აღებული. 

ნიკა კვეკვესკირი, ფეხბურთი, ნაკრები

ისტორიას წერენ ბავშვები, რომელთა ოჯახებიც ომმა აიძულა, ცხოვრება თავიდან, გულში იმ სევდით დაეწყოთ, რომელიც ვერასოდეს განელდება. 

ისტორიას წერენ ის ბავშვები, რომლებსაც ვარჯიშის შემდეგ, ტალახიანი ფეხსაცმლით მძღოლი სამარშრუტო ტაქსში არ უშვებდა.

ისტორიას წერენ ბავშვები, რომლებმაც სიბნელეში სინათლე დაინახეს, მიზანი დაისახეს და თავაწეულებმა, შემართებით იარეს უსწორმასწორო გზაზე, რომელზეც ფინანსური სიდუხჭირე, ეროვნული და პირადი ტრაგედია, ერთიანობისთვის ბრძოლისთვის დაღვრილი სისხლი და ცრემლი იყო გამეფებული. 

ნიკა კვეკვესკირი ყველა იმ ბავშვის სახეა, რომელიც აფხაზეთში დაბრუნდება და კუთვნილ, წართმეულ ბავშვობას დაიბრუნებს. ისინი ევროპაში შეიყვანენ საქართველოს, მრთელს და გაბრწყინებულს. 

ეროვნული ნაკრები, ფეხბურთი, კვეკვესკირი, კვარა

სპორტი ყოველთვის იყო და მუდამ იქნება ეროვნული ნაციონალიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ცოტა რამ თუ აერთიანებს ისე ერს, როგორც გუშინდელმა დღემ შეძლო ეს.  ბოლო გოლის ავტორმა, ნიკა კვეკვესკირმა მთელი გუნდის და საქართველოს წინაშე აიღო პასუხისმგებლობა.

ნიკა კვეკვესკირი, ფეხბურთელი

გამარჯვების აღნიშვნისას კი გულშემატკივრების წინაშე სცენაზე ასულმა ფეხბურთელმა მიკროფონში ჩასძახა სიტყვები, რომელსაც ყოველდღე უნდა ვიმეორებდეთ ხმამაღლა და ყველას, მთელი მსოფლიოს გასაგონად: 

 “აფხაზეთი საქართველოა! სამაჩაბლო საქართველოა!” 

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ვითამაშებთ ევროპის ჩემპიონატზე, მაშინ როცა ქვეყანა რუსულ მცოცავ ოკუპაციასთან უხმო ომშია ჩაბმული. 

საქართველოს ნაკრები, ფეხბურთი, კაშია, კვეკვესკირი, მამარდაშვილი, კვარა

მომავალში კი, ნიკას მსგავს ადამიანებთან ერთად, დავამარცხებთ საუკუნოვან მტერს, ოკუპანტ რუსეთს და ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ 100%-ით გამთლიანებული, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მრავალჯერ ვითამაშოთ ფეხბურთი ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე.

ph: ეროვნული ნაკრებიGFFZizu Giorgi JIqia, ეროვნული არქივი, ლაშა კუპრაშვილი

ზევით