#სალზამთრო

რომელი მარილია უფრო სასარგებლო: ზღვის, ვარდისფერი თუ სუფრის?

გაზიარება:

დღევანდელ პოსტში Salzamtro განიხილავს მარილს და მის ყველაზე გავრცელებულ ტიპებს - სუფრის მარილს, ვარდისფერ ჰიმალაის მარილს და ზღვის მარილს.

რა არის მარილი?

მარილი კრისტალური მინერალია და ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან საჭირო ორი ელემენტისგან  ნატრიუმისა (40%) და ქლორისგან (60%) შედგება. ეს მინერალი ძირითადად მარილის უდაბნოში, ზღვის და ოკეანის წყალში და ასევე კლდის ნალექში გვხვდება.

მარილი გამოიყენება გემოს გასამდიდრებლად და ასევე საკვების შენახვის მიზნით. მას გამოაქვს სითხე პროდუქტიდან, რითაც არახელსაყრელ გარემოს ქმნის ბაქტერიების გასამრავლებლად.

ნატრიუმისა და ქლორის გარკვეული რაოდენობა ორგანიზმისთვის აუცილებელია, სერიოზული დეფიციტის დროს  შედეგი შეიძლება ფატალურიც კი იყოს.

ნატრიუმი ქლორთან ერთად, გარკვეული დოზით უჯრედთა პოტენციალის შექმნისთის გვჭირდება, რომელიც აუცილებელია ნერვული იმპულსების გადაცემისთვის, კუნთის შეკუმშვისთვის და გულის მუშაობისთვის. ასევე, სითხის ბალანსისათვის, სისხლის წნევის რეგულირებისთვის, ნუტრიენტთა ტრანსპორტირებისთვის და სისხლის მოცულობის ზრდისთვის, რასთანაც ასოცირებულია ქსოვილის ზრდა. თუმცა, მარილის დიდი რაოდენობით მიღება იწვევს ჰიპერტენზიას, გულის დაავადებას და ინფარქტსაც კი. ასევე შეიძლება გამოიწვიოს  კალციუმის კარგვა (ძირითადად ძვლებიდან).

სწორედ ამიტომ, ჯანსაღი კვების პრინციპებში მკაცრად განსაზღვრულია მარილის რაოდენობა.

ზრდასრული ადამიანებისთვის ნატრიუმის დღიური რეკომენდირებული დოზა შეადგენს 1,500 მგ-ს, რაც უდრის დაახლოებით 2/3 ჩ.კ. მარილს.

სუფრის მარილი

სუფრის მარილი მოპოვებულია მიწისქვეშა მარილის საბადოებიდან, რაფინირებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ მუშავდება ძალიან მაღალ ტემპერატურაზე, შემადგენლობის 97% არის სუფთა ნატრიუმ ქლორიდი  და მასში მინარევები და ნარჩენი მინერალები არ გვხვდება.

თუმცა, მას აქვს დამატებული იოდი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის ვისაც იოდის ნაკლებობა აქვს (საქართველო იოდოდეფიციტური კერაა).

სუფრის მარილს ასევე დამატებული აქვს ანტი-შემაწეპებელი აგენტები, რადგან ძლიერ დამუშავებულ მარილს უნარი აქვს შეეწებოს ერთმანეთს.

ვარდისფერი ჰიმალაის მარილი

პაკისტანის მაღაროებიდან მიღებული მარილი, რომელსაც დამახასიათებელი ფერი მცირე რაოდენობით რკინის ოქსიდის შემცველობის გამო აქვს. ის ნაკლებ დამუშავებული და რაფინირებულია, ამიტომ კრისტალები უფრო მსხვილია და შეიცავს მცირე რაოდენობით რკინას, კალციუმს, კალიუმსა და მაგნიუმს.

ზღვის მარილი

მიიღება ზღვისა და ოკეანის წყლის აორთქლების შედეგად. აქვს ოდნავ მუქი ფერი და მსხვილი კრისტალები, რაც მეტყველებს მასში არსებულ მინარევებზე და მცირე რაოდენობით მინერალებზე: კალიუმი, თუთია და რკინა (დამოკიდებულია მოპოვების ადგილზე). სამწუხაროდ, ზოგჯერ მინარევები შეიცავს მეტალებს, მაგალითად ტყვიას.

მიუხედავად იმისა, რომ არა-რაფინირებული მარილის სახეობები შეიცავს მინერალებს, ეს რაოდენობა მაინც  არ არის საკმარისი რომ მოგვიტანოს მნიშვნელოვანი სარგებელი.

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველო იოდოდეფიციტური კერაა და ხშირად იოდიზირებული სუფრის მარილი, იოდის ერთადერთი წყაროა.

ასე, რომ შეიძინეთ ის მარილი, რომელიც მოგწონთ და შეიძინეთ სანდო  ბრენდის მიერ წარმოებული, რადგან არა სანდო კომპანიების მიერ კუსტარულად წარმოებულ მარილში შეიძლება შევხვდეთ სხვადასხვა დარღვევებს.

ზევით