#UKRAINE

უკრაინა, საქართველო შენ გვერდითაა!

გაზიარება:

24 თებერვალს, დაახლოებით დილის 5 საათზე, კრემლი უკრაინას სამი მხრიდან - ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან დაესხა თავს. საომარი მოქმედებები ამ წუთამდე მიმდინარეობს, დაბომბილი ქალაქებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ყოველ საათში განახლებადია, ყოველ საათში განახლებადია ქართველი მოქალაქეების მხარდაჭერის სურვილიც მოძმე ერის - ძვირფასი უკრაინელი ხალხის მიმართ.

ომის გამოცხადებიდან სულ რამდენიმე საათში, Spend 4 seasons in Georgia-ს Facebook ჯგუფი იმ ადამიანებსა და კომპანიებს დაეთმო, რომლებიც მზად იყვნენ, რაიმე ფორმით დახმარებოდნენ უკრაინელ მეგობრებს. განცხადების გამოჩენისთანავე კამპანიამ მასშტაბური სახე მიიღო, ერთი დღის განმავლობაში ქართველმა მოსახლეობამ სურვილი გამოთქვა უანგაროდ დაეთმო საცხოვრებელი, საკვები, მედიკამენტები გასაჭირში მყოფი ერისთვის, ბევრმა სისხლის დონაციის გადაწყვეტილებაც კი მიიღო უკრაინელი ჯარისკაცებისთვის.

კამპანია იმაზე წარმატებული, სოლიდარული და ემოციური აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდით და დღეს, რისი ჩვენებაც არ უნდა სურდეთ ირიბად მავანთ, ქართველი ერის მხარდაჭერა ძლიერია, Spend 4 seasons in Georgia-ს ამ უძლიერესი გზავნილის შესახებ კი ჯგუფის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ნინი ნოღაშვილი გვიამბობს:

❞ჩვენი კამპანიის Spend 4 seasons in Georgia, თავდაპირველად, Spend your summer in Georgia-ს შექმნას, 2019 წლის ზაფხულში რუსეთის მხრიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების აკრძალვა დაედო საფუძვლად. სამი წლის განმავლობაში, ჩვენი კამპანია და Facebook ჯგუფი, რომელიც ამჟამად 350 ათასზე მეტ ადამიანს აერთიანებს მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან, აქტიურად უწევდა საქართველოს პოპულარიზაციას.

ამ ხნის განმავლობაში, მუდმივად ვიღებდით დადებით გამოხმაურებას და მხარდაჭერას ჩვენი მეგობარი ქვეყნების მოქალაქეებისგან.

დღეს დადგა დრო, როდესაც რუსეთმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა თავი და ახლა მხარდაჭერა ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას და მის მოქალაქეებს სჭირდებათ. ამ მიზნით, მოვუწოდეთ ჯგუფის წევრებს, ჩვენი პლატფორმის მეშვეობით, სურვილის შემთხვევაში დახმარებოდნენ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც შექმნილი ვითარების გამო, ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას.

ამ ინიციატივამ ძალიან დიდი გამოხმაურება პოვა, რომელიც, ნამდვილად მოსალოდნელი იყო, რადგან ჩვენს თანამოქალაქეებს იშვიათი მხარდაჭერის უნარი აქვს და ჩვენ ამის თქმის საფუძველს 2019 წლის ზაფხულის გამოცდილება გვაძლევს.

ერთის მხრივ ძალიან საამაყოა, როდესაც მსგავსი ინიციატივის ავტორი ხარ და მეორეს მხრივ, ამაღელვებელია ასეთი მასშტაბის გამოხმაურება ჩვენი თანამოქალაქეებისგან, რომლებიც უკრაინელებს, ჩვენს მეგობრებს, საკუთარ სახლს, ტრანსპორტირებას, საკვებს, მედიკამენტებს და სხვა მატერიალურ დახმარებას, სრულიად უანგაროდ სთავაზობენ.

მინდა აღვნიშნო, რომ ეს ინიციატივა საქართველოს ფარგლებს გასცდა. ჩვენი ჯგუფის უცხოელი წევრებიც, ქართველების მაგალითზე, ათავსებენ ჯგუფში შეთავაზებებს, სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის. ამ ინიციატივით, გვინდა ჩვენს მეგობარ ქვეყანას უკრაინას და მის მოქალაქეებს დავანახოთ ჩვენი მზადყოფნა დახმარებისთვის და გავაგონოთ ხმა, რომ საქართველო მათ გვერდით დგას. გაძლიერდნენ და ამ ბრძოლაში გაიმარჯვონ.

ზევით