#ბიზნესი

მაინც რა არის NFT?

გაზიარება:

თუკი ციფრულ სამყაროში თავით-ფეხებამდე გადავეშვით და მეტავერსიც იმაზე რეალურია ვიდრე ოდესმე წარმოგვედგინა, დროა ამ სამყაროს თავისი ფასი დავადოთ, დღეს ამისათვის ყველაზე რეალურ შესაძლებლობას NFT გვაძლევს, დიახ, ბოლო დროს ყველაზე პოპულარული სასაუბრო თემა და უბრალოდ საკითხი, რომელმაც მსოფლიო გადარია. მაინც რა არის NFT? 

Active Gestures 10

NFT-ის აბრევიატურა იშიფრება როგორც - Non-fungible tokens, ქართულად რომ ვთარგმნოთ ე.წ. ჩაუნაცვლებელი ტოკენი, თუმცა ეს საკმარისი არ არის, NFT-ის ფენომენი მეტ ახსნა-განმარტებას მოითხოვს და მზად ვართ ის ახლავე მოგაწოდოთ. NFT ეს არის ციფრული ვალიდაცია Blockchain ტექნოლოგიის გავლით, უფრო მარტივად რომ ვთქვათ NFT-ის მეშვებით შესაძლებელი გახდა ციფრული ნამუშევრის უნიკალურობის ხაზგასმა და იმის თქმაც რომ ის ახლა მხოლოდ 1 ადამიანს ეკუთვნის.

დღესდღეობით NFT XXI საუკუნის რევოლუციურ სიტყვასთან ასოცირდება, აუდიო და ვიზუალური ხელოვნება, ავატარი, მუსიკალური ნაწარმოები, არქიტექტურული ნამუშევარი და სხვადასხვა ნამუშევარი ციფრულ ფორმატში - NFT ამ ყველაფერს აერთიანებს და ადამიანებს საშუალებას აძლევს პლატფორმა შემოსავლის წყაროდ ან ინვესტიციად აქციონ.

METANOIA

მიუხედავად იმისა, რომ NFT 2014 წლიდან არსებობს, 2021 წელი აღმოჩნდა ის გარდამტეხი პერიოდი, როდესაც ახალი ტექნოლოგია შეიჭრა მეინსტრიმში, გაარღვია ხელოვნების სამყარო და მის მიღმა ინდუსტრიები. ბოლო 12 თვის განმავლობაში NFT-ის სცენარი იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე დაარსებიდან 6 წლის განმავლობაში ვითარდებოდა.

თითქმის 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გრაფიკულმა დიზაინერმა მაიკ უინკელმანმა, ცნობილმა როგორც Beeple, ნამუშევარი სახელწოდებით EVERYDAYS: The First 5000 Days, NFT-ზე რეკორდულ ფასად $69 მილიონად გაიყიდა. ნამუშევარი დიზაინერის ერთგვარი კოლაჟია, რომელსაც მაიკი 13 წლის განმავლობაში ქმნიდა და სოციალურ ქსელში აქვეყნებდა. ნამუშევარი, რომელიც არც არსებობს, პირველი ციფრული ქმნილებაა, რომელიც აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა.

 Everydays: The First 5000 Days

Beeple-ის ისტორიის მოსმენის შემდეგ, არაერთი გასაოცარი ფაქტის მომსწრენი გავხდით, კატის გიფი, მაიმუნის ავატარი თუ სხვა ციფრული ნამუშევრები ყოველდღიურად ასიათასობით დოლარად იყიდება, რაც კიდევ უფრო მეტ შეკითხვას ბადებს და NFT-ის ფენომენის უკეთ შესწავლის სურვილსაც გვიჩენს.

ვისთვის არის საჭირო NFT? - უდავოდ, ციფრული არტისტებისთვის და კოლექციონერებისთვის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რევოლუციური პროცესებით ფართო საზოგადოება არ ინტერესდება. ადამიანები მთელი მსოფლიოს გარშემო ყიდიან და ყიდულობენ ციფრულ ხელოვნებას, ქმნიან ციფრულ სტარტაპებსა და ბიზნესებს, ეცნობიან დღევანდელ რეალობას და ვაღიაროთ, რომ ხშირად მდიდრდებიან კიდეც.

Holding Up The Sun

იქნება თუ არა NFT ხელოვნების ბაზრის მომავალი? - ამ კითხვის გარშემო დავა არ წყდება, NFT-ის ბაზარს კოლექციონერთა ნაწილი საპნის ბუშტად მოიხსენიებს. სკეპტიკურად განწყობილები მიიჩნევენ, რომ NFT-ის ტექნოლოგია დაუხვეწავია, ამ მოსაზრებას ხელი იმ პრეცედენტებმაც შეუწყვეს, რომლებიც ახლად შეძენილი ნამუშევრების ონლაინ ანგარიშებიდან გაქრობას უკავშირდება. მალევე ამოწურავს საკუთარ თავს NFT თუ პირველი უმსხვილესი ციფრული ბაზარი წარმატებით გადალახავს რუბიკონს, ამას მხოლოდ მომავალში შევიტყობთ.

ზევით