The Diary-ს რჩეული წიგნების ოთხეული

პანდემიით გამოწვეული მეორე ლოქდაუნის ფაზაში სხვა რა უნდა ვაკეთოთ, თუ არა ბევრ ფილმს ვუყუროთ და უფრო მეტი წავიკითხოთ. The Diary-ს რედაქციამ თქვენთვის საინტერესო წიგნების ოთხეული შეარჩია.

გლენონ დოილი Untamed

თუ ამ წიგნის შესახებ არაფერი გსმენიათ, ე.ი. სოციალური ქსელების მომხმარებელი საერთოდ არ ხართ და არც ამ სტატიას უნდა კითხულობდეთ, წესით. წიგნის ავტორის „მოგონებებმა" ინსტაგრამი და სოციალური ქსელები სრულად ააფეთქეს. მოამზადეთ ფანქარი, ვინაიდან აქ ისეთ ფრაზებსა და სიბრძნეებს წააწყდებით, რომლის წაკითხვაც ისევ და ისევ, ახლიდან და ახლიდან მოგინდებათ. სხვათა შორის ადელის სხეულის ტრანსფორმაციის მიზეზი  არც მეტი, არც ნაკლები გლენონ დოილის წიგნის დამსახურებაა. „მოუთვინიერებელში”ავტორი გვიამბობს საკუთარ ბრძოლას ალკოჰოლიზმისა და ბულემიის წინააღმდეგ.

ბარაკ ობამა A Promised Land

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი გვიყვება თავის ცხოვრებისეულ ისტორიას - ბავშვობიდან პრეზიდენტობამდე. A promised land 2020 წლის 17 ნოემბერს გამოიცა, რომელიც მოიცავს 2011 წლამდე განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ობამას მიერ წარმოებულ საგარეო პოლიტიკას. მემუარებში ობამა იხსენებს რუსეთის ლიდერებთან შეხვედრებს. წიგნში არაერთხელ არის ნახსენები საქართველოს საკითხიც.

„ეს წიგნი ახალგაზრდებისთვის მოწვევაა – კიდევ ერთხელ გადააკეთონ სამყარო და შრომისმოყვარეობით, მონდომებით და ფანტაზიის დიდი დოზით მიიღონ ის ამერიკა, რომელიც საბოლოოდ შეესაბამება ყველაფერს, რაც საუკეთესოა ჩვენთვის”

აშშ-ის 44-ე პრეზიდენტს, რომელიც მსოფლიოს უძლიერეს ქვეყანას 2009 წლიდან 2017 წლამდე მართავდა, გამოცემული აქვს კიდევ ორი ბესტსელერი — მამაჩემის ოცნებანი (1995 წ.), იმედის კადნიერება (2006 წ.) და შენთვის ვმღერი: წერილები ქალიშვილებს (2010 წ.).

მიშელ ობამა BECOMING

მემუარები ბარაკ ობამას ცოლს, აშშ-ის ყოფილ პირველ ლედისაც აქვს დაწერილი. 2018 წელს გამოცემული Becoming, გამოცემის პირველ დღესვე ბესცელერი გახდა. წიგნში შესულია ობამების პერსონალური ცხოვრების დეტალები და მიშელის ბავშვობისა და ახალგაზრდობის მოგონებები. აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი დედობასა და თეთრ სახლში ცხოვრებაზეც ყვება. წიგნში მიშელი ამერიკის ამჟამინდელ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც აკრიტიკებს და წერს, რომ არასდროს აპატიებს მას, რომ მისი ოჯახის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენა. ტრამპი წინასაარჩევნოდ სპეკულირებდა, რომ ბარაკ ობამა აშშ-ს გარეთ დაიბადა და ამის გამო, ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტი არ იყო.

მეთიუ მაკკონაჰი Greenlights

„ძალიან ბევრი მიზეზი მაქვს იმის დასაჯერებლად, რომ სამყარო მუდამ ჩემს გაბედნიერებაზე ზრუნავს".

გასული წლის 20 ოქტომბერს მსახიობმა, მეთიუ მაკკონაჰიმ თავისი ავტობიოგრაფიული წიგნი Greenlights გამოაქვეყნა, სადაც თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპსა და კონკრეტულ მომენტებზე მოგვითხრობს. მსახიობი ამ ეტაპებს სამ ფერად ყოფს: მწვანე, ყვითელი ან წითელი მოვლენები, რომლებიც მას ნაბიჯის გადადგმაში ეხმარებოდა, აყოვნებდა ან აჩერებდა. წიგნში მაკკონაჰი სექსუალური შევიწროების გამოცდილებასაც ეხება: როგორც მსახიობი წერს, მისი პირველი სქესობრივი კავშირი თავისი სურვილით არ მომხდარა. 

ზევით