მაისის ბოლომდე თიბისი კონცეპტის სივრცეში ქეთი კაპანაძის პერსონალური გამოფენა გაიმართება. გამოფენა “საწამლავი წყვილისთვის” ინსპირაციას არტისტის ამავე სახელწოდების მქონე შავ-თეთრი ფოტოსგან იღებს, რომელზეც ორი ვინტაჟური სუნამოს ბოთლია გამოსახული. ექსპოზიცია ქეთი კაპანაძის შემოქმედების ადრეულ პერიოდს მიუყვება და იმ ნამუშევრებს წარმოგვიდგენს, რომლებიც საქართველოში პირველადაა გამოფენილი.
“საწამლავი წყვილისთვის” თიბისი კონცეპტის ორგანიზატორობით ტარდება, გამოფენის კურატორი კი თავისუფალი უნივერსიტეტის VAADS-ის სკოლის დეკანი, ირინა პოპიაშვილია.
გამოფენა ორ მთავარ მიმართულებას მოიცავს - 90-იანების კონცეპტუალურ ფოტოებს და 80-იანი წლების ნახატების სერიას, რომელიც Anima Ex Machina-ს სახელითაა ცნობილი. Anima Ex Machina ქაღალდზე და მუყაოზე შავი გუაშით შესრულებული ნამუშევრებითაა წარმოდგენილი. გუაშით დაფარულ შავი ფონზე თეთრი საღებავით დიაგრამები, ხაზები, წარწერებია გამოსახული. როგორც ავტორი ამბობს, შავი ფონი იმ სივრცეს გამოხატავს, სადაც სამყაროს ყველა ინფორმაცია ინახება, მისი გაუშიფრავი ნამუშევრებიც სწორედ ამ სიბრტყიდან გადმოდის რეალობაში.
შავ ფონს ისეთივე კონცეფცია გააჩნია, როგორიც აკაშას, რაც სანსკრიტზე ატმოსფეროს, ღია სივრცეს, ყველაფრის საწყისს ნიშნავს.
მიუხედავად იმისა, რომ ნახატების სერია ქეთი კაპანაძემ 80-იან წლებში შეასრულა, მისი ნაწილი დაიკარგა და ავტორმა ფოტოების დახმარებით მათი აღდგენა მხოლოდ 2003-2004 წლებში შეძლო. გამოფენაზე დამთვალიერებელს ხელოვანის რამდენიმე ფერწერული ტილოც დახვდება 2010 წლის “აკაშას ქრონიკების” სერიიდან. ქართველი მხატვარი და ფოტოგრაფი პირველი ქალი ხელოვანი იყო 1980-იანი წლების საქართველოში, რომელიც ობიექტების მნიშვნელობების, იდენტობების კვლევას, განსაზღვრას ხელოვნების მეშვეობით ცდილობდა.
“ინფორმაციას არ აძლევ და ფოტოებზე აღბეჭდილი ნივთებით ეუბნები ყველაფერს”.
იგი პირველი ქართველი ქალი ფოტოგრაფია, რომელმაც კონცეპტუალურ ფოტოგრაფიაში დაიწყო მოღვაწეობა. მისი 80-იანი წლების მინიმალისტური ფერწერული ნამუშევრები “ნონკონფორმისტული ხელოვნება საბჭოთა კავშირში“ ამერიკაში, Jane Voorhees Zimmerli-ის ხელოვნების მუზეუმში მუდმივი კოლექციის ნაწილია. ხშირად აქვს გამოფენები გერმანიაში, სადაც 2000 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს. ყველა ეს მიღწევა მისი თვითმყოფადობისა და მრავალფეროვანი შემოქმედების პირდაპირი შედეგია. ხშირად ვერ შევხვდებით არტისტს, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა დარგში, ფოტოგრაფიაში, ფერწერასა თუ ინსტალაციაში თანაბრად გასაოცარ ნამუშევრებს ქმნის. ქეთი კაპანაძის შემოქმედებას აუცილებლად უნდა გაეცნოთ, ამისთვის კი გამოფენას 30 მაისამდე ესტუმრეთ!
ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის, BIAFF-ის ჟიურიმ კონკურსის საუკეთესო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმები, საუკეთესო მსახიობები და სხვა ნომინაციების გამარჯვებული ხელოვანები გამოავლინა.
წელს, პარიზულ კვირეულს 50 წლის იუბილე აქვს და ისეთ ფორმაშია, როგორც არასდროს. პოდიუმი ცნობილ მოდის სახლებს დაეთმო და ვიხილეთ 40-მდე ახალი დიზაინერის ნამუშევრები, მათ შორის ქართველი ირაკლი რუსაძეც იყო, რომლის ბრენდის, Situationist-ის პრეზენტაცია შედგა.
იტალიის დედაქალაქში ლეგენდარული მოდის სახლების: ვერსაჩეს, პრადას, ფენდის, მოსკინოს ჩვენებები გაიმართა. ჩვენთან ერთად გადაავლეთ თვალი კვირეულის საუკეთესო მომენტებს.