"ქანდაკების კოლექცია" ეროვნულ გალერეაში

| ანნა მათიაშვილი |

თბილისის კულტურულ გზამკვლევს ეროვნულ გალერეამდე მივყავართ, სადაც ქართველი ცნობილი თუ დავიწყებული მოქანდაკეების ნამუშევრები დაგხვდებათ. გამოფენა “ქანდაკების კოლექცია” ქართული მრგვალი ქანდაკებების ვიზუალურ მახასიათებლებს გვაცნობს და მის 100-წლიან ისტორიას მიჰყვება.

ქანდაკების კოლექცია, ეროვნული გალერეა, კარლო გრიგოლია

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ქანდაკების ფუძემდებლებად ნიკოლოზ კანდელაკი და იაკობ ნიკოლაძე ითვლებიან, გამოფენაზე მათი შემოქმედებიდან მხოლოდ თითო ნამუშევარს ვიხილავთ. ამ ორმა დიდმა მოქანდაკემ უდიდესი წვლილი შეიტანეს ხელოვნების აღნიშნული მიმდინარეობის განვითარებაში.

ექსპოზიცია 1960-იანი წლების ტრანსფორმაციულ ეპოქას ეხება, იმ მოქანდაკეებს, რომლებმაც დიდი გარდატეხა მოახდინეს ქანდაკების დარგში.

კარლო გრიგოლია, ქანდაკება, ეროვნული გალერეა, გამოფენა

მათ შორის არის კარლო გრიგოლია, რომელიც გამოფენაზე ორი ქანდაკებით იქნება წარმოდგენილი. კარლო გრიგოლია საბჭოთა პერიოდის ნონ-კონფორმისტული ხელოვნების წარმომადგენელი და აბსტრაქტული ქანდაკების ფუძემდებელია. მის შემოქმედებაში ჩანს როგორც ძველი საბერძნეთის კლასიკური პრინციპები, ისე კრეტა-მიკენური ცივილიზაციის ელემენტები. ხელოვანმა საკუთარი წარმოდგენები ეგვიპტური და ბერძნული ქანდაკების მთავარ პრინციპებს დაუკავშირა და სრულიად ახლებური აბსტრაქტული ნამუშევრები შექმნა. მისი ქანდაკებების მონუმენტურობა და ჰარმონიულობა შეუმჩნეველი არავისთვის რჩება.

karlo grigolia, კარლო გრიგოლია, ქალის ქანდაკება
კარლო გრიგოლია

კარლო გრიგოლიას გარდა, გამოფენაზე იხილავთ ვაჟა მელიქიშვილისა და რუსუდან გაჩეჩილაძის სკულპტურებს. ეს ორი მოქანდაკე სახელოვნებო ასპარეზზე 1970-იან წლებში ერთვებიან. ხელოვნებათმცოდნეების შეფასებით, ვაჟა მელიქიშვილი ყველასგან გამოირჩეოდა არამატერიალურის ვიზუალიზაციის უნარით,  მის ქანდაკებებს მარადიულობას ანიჭებდა.

ვაჟა მელიქიშვილი, ქანდაკება, ნესტორ კალანდარიშვილის პორტრეტი
ნესტორ კალანდარიშვილის პორტრეტი, ვაჟა მელიქიშვილი

რუსუდან გაჩეჩილაძე 1960-70-იანი წლების ქართული და საბჭოთა პორტრეტული ქანდაკებების რეფორმატორად ითვლება.

მან დაამკვიდრა ახალი ფორმები და პრინციპები პორტრეტებში - უარყო რეალისტური გამოსახვის გზები, შემოიტანა პოლიქრომია და სრულიად ახალი აღქმა სკულპტურის მასალის მიმართ. იგი საკმაოდ ცნობილი იყო საბჭოთა კავშირის ხელოვანთა სცენაზე არა მარტო ქანდაკებებით, არამედ გრაფიკული ნამუშევრებითაც. რუსუდან გაჩეჩილაძის ქანდაკებები და ნახატები დაცულია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში და კერძო კოლექციებში საქართველოს მასშტაბით.

რუსუდან გაჩეჩილაძე, ეროვნული გალერეა, ქანდაკება, პორტრეტი
რუსუდან გაჩეჩილაძის პორტრეტები

1970-იანი წლების სკულპტორის, სიმონ გირკელიძის შემოქმედებიდან ორი ნამუშევარია გამოფენილი ეროვნულ გალერეაში. იგი საბჭოთა სისტემისა და მისი პოლიტიკის ღია კრიტიკითაა ცნობილი. გვიან პერიოდში, როდესაც საბჭოთა ხელისუფლების წნეხი შემცირდა, კარლო გრიგოლიასთან, ოთარ ჩხარტიშვილთან და ნეველი ჯიქიასთან ერთად ავანგარდის ასოციაცია დააარსა, რომელმაც მხატვართა სახლში დაიდო ბინა. საბჭოთა კავშირის საბოლოოდ დაშლის შემდეგ კი საქართველოს მხატვართა კავშირის მმართველი საბჭოს წევრი გახდა და თბილისში მისი ორი ქანდაკება დაიდგა : კოტე მარჯანიშვილისა და მისი სიმამრის, პოლიკარპე კაკაბაძის ბიუსტი. გამოფენაზე მისულებს მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი “საბჭოთა ძაღლი” დაგხვდებათ, რომელიც ირონიულად საბჭოთა ეკონომიკას და სიღატაკეს ასახავდა.

ამ ყველაფრის გამო, სიმონ გირკელიძის გამოფენა აკრძალული იყო საბჭოთა ეპოქაში.

პოლიკარპე კაკაბაძე, ბიუსტი, სიმონ გირკელიძე
პოლიკარპე კაკაბაძის ბიუსტი

“ქანდაკების კოლექცია” ყურადღებას მიმართავს თამარ აბაკელიას ნამუშევრების მიმართ. ხელოვანის ბიოგრაფიაში მოქანდაკესთან ერთად ამოვიკითხავთ გრაფიკოსს, ილუსტრატორს, ფერმწერს, თეატრისა და კინოს დიზაინერს. იგი პირველი ქალი მოქანდაკე იყო საქართველოში, რომელმაც მასშტაბურ ქანდაკებაზე იმუშავა. ეროვნულ გალერეაში გაეცნობით მის საკულტო ნაწარმოებს, „ჩვენ შურს ვიძიებთ“, თანამედროვე მასალებით ჩამოსხმული ქანდაკებების კოლექციას. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეროვნულ გალერეაში არაერთი მოქანდაკის პერსონალური გამოფენა შედგა. ამ გამოფენებმა იმ ხელოვანების ცნობადობის ამაღლებას შეუწყო ხელი, რომლებიც მხოლოდ შეზღუდულ სახელოვნებო წრეებში იყვნენ აღიარებულნი.

ზევით