#წიგნების თარო #ლიტერატურა

დამოუკიდებელი ლიტერა ახალი შემართებით ბრუნდება

გაზიარება:

წიგნების მოყვარულებისა და მწერლებისთვის სასიხარულო ამბავი ვრცელდება! ლიტერატურული კონკურსი “ლიტერა” 3 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. კონკურსი, ამჯერად “პენ საქართველოს” ქოლგის ქვეშ განაგრძობს საქმიანობას. 

ლიტერა 2024

პენ საქართველოს” იდეის ისტორია ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 90-იან წლებიდან არსებობს, ოფიციალურად კი იგი 2010 წლიდან არსებობს. ორგანიზაცია მწერლების, ესეისტების, დრამატურგების, ჟურნალისტებისა და სხვა სამწერლო საზოგადოების გაერთიანებაა. ის საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელსაც თავისი სახლი ძალიან ბევრ ქვეყანაში აქვს და საქართველოც არ არის გამონაკლისი. ორგანიზაციის დაარსებაში დიდი წვლილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიტანა, აქედან გამომდინარე, რა იქნება მისი სლოგანი, თუ არა “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება”. 

სანდრო სულაბერიძე

პენ საქართველოს წარმომადგენლების თქმით კი, დღევანდელ საქართველოში კულტურისა და ხელოვნების დამოუკიდებლობისთვის საერთო ბრძოლაში ჩაბმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა ყველა ხელოვანს საშუალება მიეცეს, ნებისმიერი სახით, ცენზურისა და ზეწოლის გარეშე, თავის აუდიტორიას ხმა მიაწვდინოს. 

რატი ამაღლობელის თქმით, ქართული ლიტერატურა თვითორგანიზების პროცესშია, რაც სახელმწიფოსა და სხვადასხვა მედიუმებს შორის მწვავე დაპირისპირებამ განაპირობა.

პრემის საბა

ლიტერატურულ პრემიებს შორის ყველაზე პრესტიჟული TBC ბანკის მიერ დაფინანსებული "საბას" პრემია გახლავთ, თუმცა, "ლიტერამ" მწერლების, კრიტიკოსებისა და საზოგადოების თვალში არანაკლებად შეძლო სახელი მოიხვეჭა. ადრე ის სრულებით სახელმწიფოსგან ფინასდებოდა, ტარდებოდა "მწერალთა სახლის" ორგანიზებით და დამოუკიდებლობის, განვითარებისა და სიახლეების სახე გახლდათ. "ლიტერა" ერთადერთი სახელმწიფო პრემია გალხდათ, რომელმაც ასეთი პოპულარობა, პრესტიჟი და ნდობა მოიპოვა, სწორედ რომ მის პროცესში ჩაურევლობისა და დამოუკიდებლობის გამო.

მწერალთა სახლი

2021 წლის "ლიტერას" კონკურსში კი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დირექტორმა, თეა წულუკიანმა დამოუკიდებელი ჟიურის სიაში საკუთარი წევრის დამატება გადაწყვიტა, რასაც მწერალთა სახლში დიდი პროტესტი მოჰყვა. მწერლებისთვის ეს ნაბიჯი საბჭოთა სტილისა და ცენზურის გადმოძახილი იყო, რომლის ადგილიც 21-ე საუკუნის დამოუკიდებელ საქართველოში ნამდვილად არ არის. პროტესტის გამო "ლიტერა" ჟიურის წევრებისა და მონაწილეების გარეშე დარჩა. ბელა წიფურია დამოუკიდებელი ჟიურის ერთ-ერთი წევრი გახლდათ და მან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2021 წელს, ლიტერატურულმა გარემომ თეა წულუკიანის ნაბიჯი კონტროლის მცდელობის სიგნალად აღიქვა. 

 

"რამდენადაც თავისუფალია საზოგადოების შემოქმედებითი ნაწილი, იმდენად თავისუფალია საზოგადოება” - ბესო სოლომონაშვილი, მწერალი. 

2021 წელს, პენ ცენტრმა კონკურსი “თავისუფალი ლიტერას” სახელით ჩაატარა, მას შემდეგ კი ამ პრემიას სამწლიანი პაუზა ჰქონდა. დღეს კი იგი ისევ აგრძელებს დასახული მიზნისკენ სწრაფვას, რაც ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობაა. სამწუხაროა, რომ "ლიტერას" დამოუკიდებელი არსებობის გარანტიისთვის ალტერნატიული გზების გამოძებნა მოუწია, რასაც 3 წელი დასჭირდა, თუმცა დღეს ის ჩვეულ ფორმაშია და კონკურსის პირველი, ნამუშევრების რეგისტრაციის ეტაპიც დასრულებულია. 

ლიტერა

ლიტერა 2024”-ის ნომინციები ასე გამოიყურება: დებიუტი, დოკუმენტური პროზა, პოეზია, თხზულებათა კრებული, რომანი და პენ ცენტრის სპეციალური პრიზი.

ჯერ უცნობია, სპეციალური პრიზი კონკრეტულად რომელი სფეროს წარმომადგენელს გადაეცემა. კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორისა და "მწერალთა სახლის" ყოფილი დირექტორის, ნატა ლომოურის თქმით, ამ ნომინაციაში ღირებულებათა პრიზი გაიცემა და არ გამორიცხავენ, რომ ნომინაციამ მედიის სფერო მოიცვას.  

კონკურში მონაწილეობა ნებისმიერ მწერალსა და გამომცემლობას შეუძლია, მთავარია ნამუშევრები 2023 წელს იყოს გამოცემული. უკვე შეირჩა ჟიურის ხუთივე წევრიც, რომლის ვინაობასაც ჩვენც და მონაწილეებიც დაჯილდოების ცერემონიაზე გავიგებთ. ნოემბრის ბოლოს მოკლე სია გამოქვეყნდება, ხოლო დეკემბერში უკვე გამარჯვებულების სახელებსაც გავიგებთ.

ზევით