ივა ფეზუაშვილი ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულია

ოფიციალურმა უქმე დღეებმა და სადღესასწაულო სამზადისმა რეალობას და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს დროებით მოგვწყვიტა და შესაძლოა ისეთი მნიშვნელოვანი სიახლის გარეშეც კი დავრჩით, როგორიც ქართველი მწერლის მიერ მოპოვებული ევროკავშირის ლიტერატურული პრემიაა (EUPL).

2022 წელს ევროკავშირის ლიტერატურულ პრემიაზე 14 ქვეყნიდან 14 მწერალი იყო წარდგენილი, გამარჯვება კი მხოლოდ ერთმა - ქართველი წარმომადგენელმა ივა ფეზუაშვილმა რომანისთვის „ბუნკერი“ მოიპოვა. ივა ფეზუაშვილს ფულადი პრიზი (5 ათასი ევრო) გადაეცა და ასევე თავისი წიგნის თარგმნის მხარდაჭერაც მიიღო. 

ევროკავშირის ლიტერატურულმა პრემიამ საპატიო ჯილდოები გადასცა 5 ქვეყნის: ბელგიის, ბოსნიის, ირლანდიის, ესპანეთისა და უკრაინის წარმომადგენლებსაც.

ივა ფეზუაშვილის „ბუნკერი“, 2020 წელს გამომცემლობა „ინტელექტში“ დაიბეჭდა, წიგნი ყარაბაღის ომიდან თბილისში გამოქცეული სიმონიანების ოჯახის ერთ დღე-ღამეში გათამაშებული ამბით თანამედროვე საქართველოს 30 წლიან ისტორიას გვიყვება. ყველა კონფლიქტი, დრამა და გამოცდა ერთიანად დაატყდებათ ამ წიგნის პერსონაჟებს, წარსულის დემონებიც იღვიძებენ და პრობლემის მარტივად, რაციონალურად გადაწყვეტის შესაძლებლობას არ აძლევენ. 

31 წლის ქართველმა მწერალმა, რიგით მეორე წიგნისთვის, 2020 წელს წინანდლის პრემია დაიმსახურა, გასულ წელს კი „საბას“ გამარჯვებულადაც მოგვევლინა, სპეციალურ ნომინაციაში — საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში.

2019 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის (EUPL) გამარჯვებული კიდევ ერთი ქართველი მწერალი ბექა ადამაშვილი გახდა, წიგნით „ამ რომანში ყველა კვდება“.

ზევით