ბრიჯიტ ჯონსი ახალი დღიურით გვიბრუნდება. Universal Pictures-მა ჩვენთვის საყვარელი ფილმის მეოთხე ნაწილის გამოშვების თარიღი დააანონსა. ვალენტინობის დღეს, 2025 წლის 14 თებერვალს, ფილმი "Bridget Jones: Mad About the Boy” გამოვა. ისევე, როგორც დანარჩენი სამი ფილმის შემთხვევაში, მეოთხესაც ჰელენ ფილდინგის წიგნის მიხედვით გადაიღებენ.
ფილმში მონაწილე მსახიობების სიაც ცნობილია. მაყურებელი დიდ ეკრანებზე ძველ და ახალ სახეებს იხილავს. რაც მთავარია, რენე ზელვეგერი ისევ მოირგებს ბრიჯიტ ჯონსის როლს. ეკრანზე ასევე დაბრუნდება ჰიუ გრანტი (დენიელ კლივერი). სერიაში “Bridget Jones’s Baby” , ფანების დიდ ნაწილს დენიელის პერსონაჟი მკვდარი ეგონა, თუმცა ახალმა ფილმმა ეს თეორია გააქარწყლა. ემა ტომპსონიც დოქტორ როულინგის როლში დაბრუნდება.
რაც შეეხება სამსახიობო შემადგენლობის ახალ წევრებს, უკვე ცობილია, რომ ბრიჯიტ ჯონსის დღიურის ფურცლებზე ლეო ვუდოლი და ჩივოთელ ეჯიოფორი გამოჩნდებიან. მათი როლები კი ჯერ უცნობია. ჩივოთელისთვის ბოლო დროის ერთ-ერთი დიდი წარმატება 10 ეპიზოდიანი სერიალი The Man Who Fell on Earth გახლავთ, ხოლო ლეო ვუდოლმა თავი The White Lotus-ით და One Day-ით დაგვამახსოვრა.
Universal Pictures-ს ჯერ-ჯერობით ფილმის სიუჟეტზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა რადგან ნოველის ადაპტაციას გეგმევენ, წინასწარი მოლოდინები მაინც შეგვიძლია შევიქმნათ. “Mad About the Boy”-ს გამომცემლის მიხედვით, წიგნში 51 წლის ბრიჯიტ ჯონსის ამბებია მოთხრობილი. პერსონაჟი, როგორც ყოველთვის, ყოველდღიურ პრობლემებს უმკლავდება, როგორიცაა “ტილების ეპიდემია”, სკოლის პიკნიკების დროს სასაცილო ეპიზოდები და სხვა თაობის წარმომადგენელი სექსუალური პარტნიორი. ამ ყველაფრის ფონზე კი, რა თქმა უნდა, თავის ცხოვრებისეულ პოზოტივს არ კარგავს და ამტკიცებს, რომ “ცხოვრება მაშინ სულაც არ სრულდება, როცა საკითხავი სათვალეების გამოყენების საჭიროება დგება.”
აპრილი სხვა სასიხარულო ამბებით გრძელდება. ცნობილი გახდა, რომ ბრიჯიტ ჯონსთან ერთად, ელ ვუდსიც დაგვიბრუნდება.
ჯერ კიდევ 2018 წელს დაანონსდა "ქერა ადვოკატის" მესამე ნაწილის გადაღებები, თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცით, საბოლოოდ როდის ვიხილავთ რიზ უითერსპუნს თავის საკულტო როლში. სამაგიეროდ, პატარა ეკრანებზე ელ ვუდსი TV Spin-off -ით დაბრუნდება. თანაც პირველი ფილმის გამოსვლიდან 23 წლის შემდეგ.
ამანდა ბრაუნის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული და 2001 წელს გამოსული Legally Blonde დიდი წარმატებისა და პოპულარობის მომტანი აღმოჩნდა. მას მოჰყვა გაგრძელება - Legally Blonde 2: Red, White & Blonde - 2003 წელს, სადაც ელი, როგორც ჰარვარდის კურსდამთავრებული, ცხოველთა უფლებებს იცავდა. შემდეგ იყო ბროდვეის მიუზიკლი და მესამე ფილმის ანონსიც. ეს სერიალი კი ამ სასიხარულო სიახლეების დამაგვირგვინებელია. სერიალის სიუჟეტის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილებს გადამღები ჯგუფი ჯერ თავისთვის ინახავს. მხოლოდ ის ვიცით, რომ სერიალი ჩვენთვის კარგად ნაცნობი ელ ვუდსის სამყაროში ვითარდება.
ახალ სერიალზე “Gossip Girl”-ის შემქმნელები ჯოშ შვარცი და სტეფან სევიჯი, რიზ უითერსპუნთან ერთად იმუშავებენ. რიზის კომპანია Hello Sunshine და Amazon სერიალის სულისჩამდგმელები იქნებიან, თუმცა ორივე მათგანის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პროექტის იდეა, ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა.
მთავარი კითხვა კი მაინც ისაა, თუ დაბრუნდება რიზ უითერსპუნი ელ ვუდსის როლში?
მსახიობი ამბობს, რომ ფილმში მონაწილეობამ მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.
" როდესაც ამერიკაში Legally Blonde გამოვიდა, მე ინგლისში ვიყავი გადაღებებზე. სახლში რომ დავბრუნდი, ჩემი ცხოვრება უკვე სამუდამოდ შეცვლილი იყო"
მან ისიც აღნიშნა, რომ ელ ვუდსი მისი კარიერული "ცხოვრების მთავარი როლია". ჯერ-ჯერობით უცნობია, დაბრუნდება თუ არა ეკრანზე რიზი, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ მცირე ქამიოზე მაინც არ იტყვის უარს.