#მუსიკა

ღვინობისთვის ტრადიცია „ჯაზისა და ღვინის ფესტივალი“ კახეთში მეშვიდედ ჩატარდება

გაზიარება:

ოქროსფრად შემოსილი წინანდლის მამული ჯაზისა და ღვინის დღესასწაულისთვის ემზადება. ღვინობის თვის 14-ში, ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულის კარი „ჯაზისა და ღვინის ფესტივალისთვის“ გაიღება. წელს, ღონისძიებაზე, სტუმარი ქვეყნის სტატუსით, იტალია იქნება წარმოდგენილი.

„ჯაზისა და ღვინის ფესტივალი“ 14 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ტრადიციულად, ღვინის დეგუსტაციით აიღებს სტარტს. ფესტივალში მონაწილეობას 30-მდე მეწარმე მიიღებს, მათ შორის, მცირე ზომის კომპანიები და საოჯახო მეღვინეობები. როგორც ყოველთვის, ფესტივალი როდუქციის ფესტივალის ფარგლებში გამოფენისა და პოტენციურ მყიდველებთან წარდგენის საშუალებას მცირე ბიზნესს წელსაც მისცემს. 

მუსიკალური პროგრამა, ღვინის დეგუსტაციას მალევე შეუერთდება. 14:00 საათზე, ამფითეატრის სცენაზე, იტალიური ბენდის Salt Peanuts Show-ის შოუა დაგეგმილი, რომელსაც სპეციალური სტუმარი, სარა ჯეინ გიოტი ეყოლება. ბენდის ჯაზისა და როკ-ენ-როლის მიქსით ტკბობას ფესტივალის სტუმრები სამი საათის განმავლობაში შეძლებენ, 17:00 საათზე კი მათ სტუმარი ქვეყნის, იტალიის შეფ მზარეულის მაურიციო სიცილიანოს საფირმო კერძების დაგემოვნების საშუალება მიეცემათ.

უკვე საინტერესოდ ჟღერს, არა? თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის... 19:00 საათზე მუსიკალური დღესასწაული ბოლრუმის სცენაზე გადაინაცვლებს, სადაც მსმენელის წინაშე ამერიკელი მესაყვირის, თეო ქროკერის და მისი კვარტეტის კონცერტია დაგეგმილი. 

კულმინაციური მომენტისთვის, ფესტივალი ისევ ამფითეატრის სცენაზე გადაინაცვლებს, სადაც მსმენელის წინაშე გერმანული მუსიკალური დუეტი Mo’ Horizons წარდგება. 

ჯაზისა და კულინარიის მოყვარულებისთვის, 14 ოქტომბერი კალენდარზე მოსანიშნი თარიღია, არგამოსატოვებელ ღონისძიებაზე მოსახვედრად კი გირჩევთ ბილეთები ახლავე შეიძინოთ.

ზევით