#კინო

EMMY AWARDS 2024: ცერემონიის მთავარი მომენტები და გამარჯვებულები

გაზიარება:

Emmy-ის ცერემონია, ჰოლივუდში მიმდინარე მასშტაბური გაფიცვების გამო, სექტემბრის ნაცვლად გასულ ღამეს გაიმართა. ამერიკულმა სატელევიზიო პრემიამ, 75-დ მიაგო პატივი სატელევიზიო სამყაროს აღმოჩენებს, ლეგენდებსა და კინო სეზონის მთავარ ჰიტებს. ცხადია, დაჯილდოებაზე ფავორიტებიც გამოიკვეთა. მათ შორის გახლდათ Succession, Beef და The Bear, რომლებმაც ჯილდოები თითქმის ყველა კატეგორიაში დაიმსახურეს.

ჯესი არმსტრონგის Succession-ის უკანასკნელმა სეზონმა, დაჯილდოების ცერემონიაზე ჯამში 6 ჯილდო დაიმსახურა. მათ შორის იყო საუკეთესო როლის შემსრულებელთა ნომინაციები, რომლებიც კირან კალკინმა, სარა სნუკმა და მეთიუ მაკფადიენიმ დაისაკუთრეს. საღამოს ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო - საუკეთესო დრამატული სერიალისთვის, ასევე Succession-ს ხვდა წილად. 

„სულაც არ იყო მარტივი შოუ", - აღნიშნა არმსტრონგმა ჯილდოს მიღებისას. „ეს სერიალი ოჯახზეა, მაგრამ ის ასევე ეხება იმ პერიოდს, როდესაც ახალი ამბების გაშუქება მჭიდროდ იყო დაკავშირებული მემარჯვენე პოლიტიკურ იდეოლოგიებთან", - რის შემდეგაც დასძინა, რომ რეალურ სამყაროში ეს პრობლემა ახლა "გამოსწორებულია".

Emmy 2024 აგრეთვე წარმატებული აღმოჩნდა The Bear-ის პირველი სეზონისთვის. სერიალმა 6 ჯილდო დაისაკუთრა, მათ შორის კი ნომინაციაა "საუკეთესო კომედიური ჟანრის სერიალი". მთავარი როლის შემსრულებლის პრიზი ასევე The Bear-ის მსახიობს, ჯერემი ალენ უაითისს ერგო.

Netflix-ის პოპულარულმა სერიალმა Beef მინისერიალისა და ანთოლოგიის კატეგორიაში ასპარეზი არავის დაუთმო. შოუმ 5 კატეგორიაში გაიმარჯვა, მათ შორის საუკეთესო მსახიობების პრიზებს ალი ვონგი და სტივენ იუნი დაეუფლნენ. ვონგისთვის ეს დაჯილდოება ისტორიული აღმოჩნდა. ალი პირველი აზიური წარმოშობის მსახიობი ქალია, რომელმაც ამ ნომინაციაში გაიმარჯვა. 

ამერიკული სატელევიზიო პრემიის, რიგით 75-ე დაჯილდოების ცერემონიას არ ჩაუვლია სიურპრიზებისა და წილი ნოსტალგიის გარეშე. გასული ღამის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს შორის კრისტინა ეპლგეიტის სცენაზე გამოჩენა გახლდათ. მსახიობი, რომელსაც 2021 წელს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს, სცენაზე ხელჯოხის დახმარებით გავიდა. კრისტინას გამოჩენას დარბაზში დიდი ოვაციებით შეხვდნენ.

Emmy 2024-ის ჰაილაითებში, უდავოდ, ჩაიწერება ისეთი გრანდიოზული სატელევიზიო შოუების მსახიობების გაერთიანება, როგორებიც The Sopranos, Cheers, Ally McBeal, All in the Family და Grey's Anatomy გახლავთ. 

ჯენიფერ კულიჯის სცენაზე გამოჩენა ყოველთვის დაუვიწყარ მომენტებთან ასოცირდება. დრამატულ სერიალში მეორეხარისხოვანი საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდოს მიღებისას ჯენიფერმა The White Lotus -ის საკულტო პერსონაჟი ტანია გაიხსენა და ამ და სხვა გამარჯვებისთვის მადლობა სერიალის "ბოროტ გეებს" გადაუხადა, IYKYK.

EGOT-ების რიცხვს გასულ ღამეს მე-19 ლაურეატი შეემატა. ამიერიდან, სერ ელტონ ჯონი იმ ადამიანთა შორის ირიცხება, რომლებსაც Emmy-ი, Gremmy-ი, Oscar-ი, და Tony-ი აქვთ მიღებული.

ზევით