ელენე ყორღანაშვილი: „ყველაზე სასიამოვნო რამ, რაც შეიძლება მერქვას, ეს მწერალია“

ნოემბრის 10-12 რიცხვებში, თბილისის წიგნის დღეებზე თუ აღმოჩნდებით, გამომცემლობა "წიგნიერის" სტენდთან რამდენიმე წამით შეჩერებას გირჩევთ, რომელზეც ახალგაზრდა, ნიჭიერი და პერსპექტიული მწერლის, ელენე ყორღანაშვილის სადებიუტო წიგნი „სიყვარულით, არავინ“ დაგხვდებათ. ელენე თსუ-ში, იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის დამამთავრებელ კურსზე სწავლობს და გვიმხელს, რომ „ყველაზე სასიამოვნო რამ, რაც შეიძლება მერქვას, ეს მწერალია“. 

ალბათ წარმოგიდგენია, რამდენად დიდ გამბედაობასთან და პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული პირველი წიგნის დაწერა. ელენე ყორღანაშვილიც საგულდაგულოდ არჩევდა იმ თემებსა და სათქმელს, რომლის წინა პლანზე წამოწევასაც სადებიუტო რომანში გადაწყვეტდა. საბოლოოდ, დებიუტანტი მწერლის წიგნმა ისეთი თემები გააერთიანა, როგორებიც ქალთა მიმართ ძალადობა, ორმაგ სტანდარტებთან შეჯახება, რუტინული პრობლემები და საკუთარ თავთან მუდმივი ჭიდილია. 

ეს წიგნი დიდწილად საკუთარი თავისა და საკუთარი გზის პოვნაზეა, იმის გააზრებაზე, თუ ვინ ხარ და ვინ გინდა რომ იყო, როგორია შენი ოცნებები და რამდენად შეგიძლია მათთვის ბრძოლა - ამბობს ელენე.

The Diary სიამოვნებით გაგაცნობთ დებიუტანტ მწერალს, ელენე ყორღანაშვილს და მის პირად ისტორიას.

ელენე, თქვენ შესახებ რომ გვიამბოთ, ვინ ხართ და რას საქმიანობთ?

მე, ელენე ყორღანაშვილი, ალბათ, ყველაზე მეტად ავტორი ვარ. ყველაფრის და ყველაფერზე წერა მიყვარს, თუმცა გამორჩეულად წიგნების. ყველაზე სასიამოვნო რამ, რაც შეიძლება მერქვას, ეს მწერალია. ამჟამად ვარ სტუდენტი, იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის დამამთავრებელ კურსზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მომავალში ჩემი კარიერის დაკავშირება, როგორც სამართალთან, ასევე ლიტერატურასთან მინდა. უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას იმაზეც დიდი გავლენა აქვს, თუ როგორ და რას ვწერ.

როდის და როგორ შეიქმნა თქვენი სადებიუტო წიგნი "სიყვარულით, არავინ"? 

ამ წიგნის დაწერის იდეა წლების წინ წინ მომივიდა, თუმცა, რეალურად შექმნის პროცესში ის კონკრეტული იდეა ბევრჯერ შეიცვალა, გადასხვაფერდა. ამ ნაწარმოების წერა, საბოლოოდ, დაახლოებით ორი წლის წინ დავასრულე. მგონია, რომ წერის პროცესის ამდენხანს გაგრძელების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ეს ჩემი პირველი ნაწარმოები იყო, გამოცდილება არ მქონია, როგორ მემუშავა. ამ წლებში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, რასაც უკვე ახალი ნაწარმოების წერისას ვიყენებ, თუმცა, ყველა წიგნი, ცხადია, ინდივიდუალურია.

თითოეული სიტყვა, თავი თუ პერსონაჟი კი მართლაც უდიდესი სიყვარულით მაქვს დაწერილი.

ამ  შემთხვევაში კი, თითოეული თავის დაწერის შემდეგ, ჩემი მეგობარი კითხულობდა ხოლმე ხელნაწერს და შემდეგ დეტალურად განვიხილავდით პერსონაჟებს, სიუჟეტურ ხაზებს. ვისმენდი მის აზრებს, მოლოდინებს, და ვაგრძელებდი მუშაობას მომდევნო ეპიზოდზე. ამ წიგნის შექმნისას და გამოქვეყნებისას ძალიან ბევრი სასიამოვნო მოგონება მაქვს დაგროვებული და, ალბათ, ამითაცაა ის გამორჩეული.

შთაგონებაზეც რომ მოგვიყვეთ, საიდან გაჩნდა ის?

შთაგონების პოვნა ყველგან არის შესაძლებელი, ერთ კონკრეტულ შემთხვევას და წყაროს ვერ ვასახელებ, ვინაიდან წერა კრეატიული პროცესია და როცა ამ პროცესში მთელი გულით ხარ ჩაფლული, შესაძლებელია ნებისმიერი სიტყვა, წინადადება, სიმღერა, სიტუაცია, გახდეს შთაგონების წყარო.

წიგნის წერა კი ჩემთვის ფაზლის აწყობას ჰგავს.

ვინაიდან, როდესაც რაღაც კონკრეტული პატარა იდეა მომდის თავში, ყოველთვის ვინიშნავ, ეს შეიძლება ეხებოდეს პერსონაჟს, დიალოგს, ან სულაც რაიმე სიტუაციას, შემდეგ კი ამ იდეებს ვამთლიანებ, და ყოველთვის სასიამოვნოდ გაოცებული ვრჩები, როგორ იდეალურად აეწყობა ხოლმე ეს აზრები ერთმანეთს. ჩემთვის წერისას ყველაზე საინტერესო სწორედ სიუჟეტის დალაგება და პერსონაჟების სახეების შექმნაა. ეს პროცესი მეხმარება რეალურად ბევრ საკითხს შევეხო, გამორჩეულად კი ისეთებს, რაც დღევანდელ რეალობაში აქტუალურია.

ელენე, როგორ ფიქრობთ, ვისთვის არის თქვენი წიგნი?

ვერ ვიტყვი, რომ წიგნი გამორჩეულად რომელიმე ასაკობრივი კატეგორიისთვის არის დაწერილი, თუმცა, ალბათ, დამამთავრებელი კლასებიდან ზრდასრულების ჩათვლით, ნებისმიერი ადამიანისთვის შესაძლებელია რაღაც თემა მაინც იყოს საინტერესო, ვინაიდან წერის პროცესში ვცდილობდი წიგნი მხოლოდ ერთ ხაზსა და ერთ საკითხს არ წაჰყოლოდა. რომანის წერისას, ჩემი აზრით, უმთავრესია დამაჯერებელი პერსონაჟები გყავდეს, მკითხველი კითხულობდეს და დარწმუნებული იყოს, რომ ეს ადამიანები მართლაც ცხოვრობენ, მართლაც აქვთ ეს პრობლემები, რაღაცები უხარიათ, რაღაცები სწყინთ... 

თუ მწერალი ამ ნამდვილობას და დამაჯერებლობას მიაღწევს, ის აუცილებლად აღძრავს ემპათიის გრძნობას მკითხველში, რაც რეალურად წიგნს ყველასთვის ახლობელსა და ნაცნობს გახდის.

ამ ნაწარმოებში პერსონაჟები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე არიან, სხვადასხვა დაბრკოლებას აწყდებიან, ისეთებს, როგორებიცაა სამსახური, ოჯახური ურთიერთობები, გაზრდის სევდასთან გამკლავება. ასევე, ვფიქრობ, რომ ის თემებიც არის წამოჭრილი, რომლებიც თინეიჯერებსაც  დააინტერესებს და დააიმედებს, მაგალითად სკოლის ურთიერთობები, პრობლემები, პირველი სიყვარული და ა.შ.

ვინ იპოვის მასში პასუხებს საკუთარ კითხვებზე ან სულაც სიმშვიდეს?

ეს წიგნი დიდწილად საკუთარი თავისა და საკუთარი გზის პოვნაზეა, იმის გააზრებისა თუ ვინ ხარ და ვინ გინდა რომ იყო, როგორია შენი ოცნებები და რამდენად შეგიძლია მათთვის ბრძოლა,. ის ასევე ეხება სიყვარულს მრავალი ასპექტით და კუთხით, შესაბამისად, მგონია, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც თავში ამ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები უტრიალებს, ეს პერსონაჟები ახლობელი იქნება.

წიგნის მრავალფეროვანი განცდებიდან და ფიქრებიდან, დღეს რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად?

ალბათ, ყველაზე მეტად ამაყი რითიც ვარ,  ეს ამ წიგნში წამოჭრილი თემებია, რომლებიც ეხება თანასწორობასა და ორმაგ სტანდარტებთან დაპირისპირებას. ქვეყანაში დღესდღეობით მეტად  მტკივნეულად არის დამდგარი ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა, რომელიც ნაწარმოებშიც არის ასახული. სიუჟეტი ასევე ეხება იმ სირთულეებს, რომლებსაც ქალები კარიერული განვითარების კუთხით აწყდებიან და საზოგადოებაში დამსახურებული ადგილის დასამკვიდრებას ცდილობენ.

ნამდვილად მჯერა, რომ ამ საკითხებზე წერა, მათზე დაფიქრება, მათი განხილვა, ამ პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი გზაა.

სად არის თქვენი სადებიუტო წიგნის შეძენა შესაძლებელი და როგორ გამოხმაურებას ელით?

ჩემი წიგნის შეძენა შესაძლებელი იქნება თბილისის წიგნის დღეებზე 10-11-12 ნოემბერს გამოფენაზე, ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში, გამომცემლობა წიგნიერის სტენდთან, ასევე, წიგნის მაღაზია „ლატერნაში“ - ცოტნე დადიანის 7 ნომერში და მაღაზია „სტამბის წიგნებში“, კოსტავას ქუჩის 14 ნომერში. გამოხმაურებას რაც შეეხება, ჩემი ერთდერთი სურვილი ის იქნება, რომ მკითხველმა შეიყვაროს ეს ნაწარმოები, დაინახოს თუნდაც ერთ პერსონაჟსა და ისტორიაში საკუთარი თავი, იგრძნოს მხადაჭერა, იმედი და სიყვარული. საუკეთესო შეფასება რაც მიმიღია და რა სიტყვების მოსმენაც ყველაზე მეტად მახარებს მკითხველისგან ესაა - „მეც ამ ისტორიის ნაწილად ვიგრძენი თავი“.

ახალ წიგნზე მუშაობის სურვილი თუ გაგიჩნდათ უკვე?

დიახ, ახალი წიგნის სიუჟეტის შესახებ მთავარი იდეა პირველი წიგნის წერას რომ ვამთავრებდი, მაშინ გამიჩნდა, ამჟამად კი დაწყებული მაქვს მასზე მუშაობა. ზუსტად არ ვიცი, რა დროს წაიღებს ბოლოში გასვლა, თუმცა რეალურად ახალი წიგნის ყველა პერსონაჟს ვიცნობ და სიუჟეტიც ვიცი როგორ უნდა განვითარდეს, ახლა კი ნაწარმოების გამართვაზე ვმუშაობ. იმედი მაქვს, მალე ჩემს მეორე წიგნსაც გაეცნობა მკითხველი.

ზევით