#მოდა #მხატვრობა

არაორდინალური ჰენრიკ ვიბსკოვი თბილისს ეწვია

გაზიარება:

შესაძლოა, ჰენრიკ ვიბსკოვი მისი ტანსაცმლის ბრენდის წყალობით იცოდეთ, თუმცა მისი შემოქმედება მოდის ზღვრებს სცდება. იგი დიზაინერის გარდა მხატვარი, კურატორი და მუსიკოსია. დანიელმა დიზაინერმა მოდის ინდუსტრიაში გამოჩენისთანავე ყურადღება მიიქცია არატრადიციული დიზაინებითა და უსაზღვრო კრეატიულობით.

henrik vibskov,fashion show,fashion,danish

ვიბსკოვი ლონდონის ხელოვნების კოლეჯში სწავლობდა და ამ პერიოდშივე შესანიშნავი დიზაინებით იზიდავდა ხალხს. მან კვერცხის ფორმის მამაკაცის ქურთუკი შექმნა, რომელიც ყველა მხრიდან ფარავდა ადამიანის სხეულს. კოლეჯის წარჩინებით დასრულების შემდეგ დანიაში დაბრუნდა და ტანსაცმლის ხაზი შექმნა. მისი ავანგარდული კოლექციები და დინამიური მოდის შოუები პერფორმანსის ხელოვნებაა. გარდა ტანსაცმლის ბრენდისა, დიზაინერი კოსტიუმებსა და დეკორაციებზე მუსიკისა და თეატრის სპექტაკლებისთვის მუშაობს.

henrik vibskov fashion show,henrik vibskov boutique,denmark,danish style,

henrik vibskov,fashion,danish fashion,copenhagen style

ის, რაც ჰენრიკ ვიბსკოვს გამოარჩევს, არის, რომ მას არ ეშინია საზოგადოების გაკვირვებისა და სიახლის შემოტანის. მისი შექმნილი სამოსი იმდენად უნიკალური, არაორდინალური და ფერადია, რომ შეუძლებელია ნახვის შემდეგ გონებიდან ამოგივარდეს. ყოველი კოლექცია ორიგინალური და საინტერესო კონცეფციის მატარებელია, რაც სამოსის დიზაინზე, ფერებსა და ტექსტურაზეც აისახება. ხშირად ის ინსპირაციას ქალაქის ხედებიდან, ბუნების პეიზაჟებიდან თუ ქუჩების არქიტექტურიდან იღებს.

დიზაინების გარდა, ჰენრიკ ვიბსკოვს კოლექციის ჩვენებებიც ახალ საფეხურზე აჰყავს. მისი ჩვენებები ექსტრავაგანტულ გაფორმებებს, ინსტალაციებს, უცნაური ჟღერადობის მუსიკასა და გიჟურ ტანისამოსს გვთავაზობს. ინდუსტრიაში, რომელიც ცნობილია გარემოზე ზიანის მიყენებით, სკანდინავიელი არტისტი თავის კოლექციებში ეკოლოგიურ მასალებს აერთიანებს და ისეთ პრაქტიკას იყენებს, რომელიც ამცირებს ნარჩენებს. ორგანული ქსოვილებითა და გადამუშავებული მასალების გამოყენებით, ის ამტკიცებს, რომ მოდა ინოვაციურთან ერთად ეკომეგობრულიც შეიძლება იყოს.

 

ქაოსისა და ფერების მოყვარული ხელოვანი ამავე გამბედაობასა და სითამამეს იჩენს მხატვრობაშიც. მისი ნახატები ისეთ ცნობილ მუზეუმებსა და გალერეებშია გამოფენილი, როგორიცაა ნიუ-იორკის MOMA, პარიზის Palais de Tokyo, ლონდონის ICA, კანაძავას The 21st Century Museum of Contemporary art. ამჯერად კი მისი ნამუშევრების ხილვის შანსი Tbilisi Art Fair-ზე ქართველ ვიზიტორებსაც მიეცათ. დანიელი ხელოვანის თბილისში ჩამოყვანა Sense Concept Store-მა უზრუნველყო და მხატვარი და დიზაინერი ექსპო ჯორჯიაში სიტყვითაც გამოვიდა. მისი როლი მოდასა და ხელოვნებაში იმდენად დიდია, რომ სცდება სკანდინავიის ფარგლებს და ევროპისა თუ ამერიკის სახელოვნებო მწვერვალებსაც სწვდება. მისი ქართველი საზოგადოების წინაშე წარდგენა ახალგაზრდა, დამწყებ ხელოვანებს კიდევ უფრო დაეხმარება, საკუთარი ინდივიდუალური ხელწერის პოვნასა და წარმატების მიღწევაში.

ზევით