2024 წლის „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები და საღამოს მთავარი მომენტები

„ოქროს გლობუსის“ რიგით 81-ე დაჯილდოების ცერემონია რამდენიმე საათის წინ, ბევერლი-ჰილზში გაიმართა. სანამ წლის პირველი მნიშვნელოვანი კინო დაჯილდოების გამარჯვებულებზე გადავალთ, შეუძლებელია "წარუმატებელი" გამხსნელი მონოლოგით არ დავიწყოთ, რომლის ავტორიც ცნობილი კომიკოსი - ჯო კოი გახლავთ. 

ოქროს გლობუსსი წამყვანი, კომიკოსი, ჯო კოი, golden globes 2024, jo koy

ჯო „ოქროს გლობუსის“ წამყვანად სულ რაღაც 1 თვით ადრე დანიშნეს, უფრო ზუსტად კი 21 დეკემბერს. როგორც კომიკოსმა გამხსნელ მონოლოგში აღნიშნა, მას 10 დღეზე ნაკლები ჰქონდა მოსამზადებლად, 10 წელიწადზე მეტი კი სცენაზე ყოფნის გარეშე გაატარა.

ცხადი იყო, რომ ხსენებულმა ფაქტებმა მისი მონოლოგის ხარისხზე დიდი გავლენა იქონია. ჯო კოი მთელი ძალებით ცდილობდა აუდიტორიასთან კავშირის დამყარებას, თუმცა მას ეს არ გამოუვიდა.

ისეთი უხერხული ხუმრობების შემდეგ, როგორებიც „ცოტათი გრძელი“ Oppenheimer და რობერტ დე ნიროს 80 წლის ასაკში შეძენილი შვილი იყო, ჯო კოიმ ტეილორ სვიფტზეც გაისროლა ხუმრობა. ჯომ აღნიშნა, რომ ამ ღამეს მომღერალი იმაზე გაცილებით ნაკლებად ჩანდა ეკრანზე, ვიდრე NFL-ის თამაშებზე. 

ტეილორ სუიფტი, ოქროს გლობუსი, ხუმრობა, nfl, golden globes 2024

ტეილორის რეაქციიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ის ხუმრობით აღფრთოვანებულს სულაც არ ჰგავდა. მომღერლის გაყინულ სახეს მისი უახლოესი მეგობრის, სელენა გომესის დახრილი თავი დაემატა, რაც იმის მანიშნებელია, რომ კომიკოსმა არასწორი მიმართულებით "ისროლა". 

კრახით დაწყებული „ოქროს გლობუსი“ უშუალოდ დაჯილდოების ნაწილსაც მიუახლოვდა. მართალია, რიგით 81-ე „ოქროს გლობუსის“ ნომინაციების ლიდერი გრეტა გერვიგის Barbie გახლდათ (ჯამში 9 ნომინაცია), თუმცა გასულ ღამეს, სახლში წაღებული ჯილდოების რაოდენობით მას Oppenheimer-მა გადაუსწრო. კრისტოფერ ნოლანის ეკრანიზაციამ 5 ნომინაციაში გაიმარჯვა და ყველაზე სასურველ ჯილდოებს დაეპატრონა.

კილიან მერფი და რობერტ დაუნი უმცროსი მათი სამსახიობო შესრულებისთვის აღიარეს, ხოლო კრისტოფერ ნოლანი საუკეთესო რეჟისორის ჯილდოს მფლობელი გახდა. კილიან მერფიმ სიტყვით გამოსვლისას პატივი მიაგო ნოლანის „სიმტკიცეს, ფოკუსირებას და თავდადებას“ იმ ფილმის გადაღების პროცესში, რომელმაც სალაროებში 954 მილიონი აშშ დოლარი (750 მილიონი ფუნტი) გამოიმუშავა და ცერემონიაზე საუკეთესო დრამატული ფილმის მფლობელი გახდა.

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად, მხატვრულ ფილმში, Killers of the Flower Moon-ის ვარსკვლავი, ლილი გლადსტონი მოგვევლინა, რომელმაც საკუთარი სიტყვა ალგონკის ენაზე საუბრით დაიწყო. „ეს ისტორიული ჯოლდოა, მადლობელი ვარ რომ შემიძლია ცოტა მაინც ვილაპარაკო საკუთარ ენაზე, რადგან ამ ბიზნესში ჩემი თანამემამულეები იძულებული არიან საკუთარი დიალოგები ინგლისურად ჩაწერონ, მათ შებრუნებაზე კი ხმის ოპერატორები ზრუნავენ“ - აღნიშნა ლილიმ.

ემა სტოუნმა Poor Things-ში შესრულებული როლისთვის, კომედია/მიუზიკლში საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მოიპოვა, თავად ფილმი კი ამავე კატეგორიის (საუკეთესო მხატვრული ფილმი - კომედია/მიუზიკლი) გამარჯვებული გახდა. ემამ, რომელიც ფილმში ბელა ბაქსტერის როლს ასრულებს, სიტყვით გამოსვლისას ამ ჯილდოს მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ბელას თვით სიცოცხლე უყვარდება, ის თანაბრად იღებს კარგსაც და ცუდსაც... ამ როლმა მაიძულა სხვანაირად შემეხედა ცხოვრებისთვის. ის ღრმად დარჩა ჩემში, სწორედ ამიტომ ეს ჯილდო სამყაროს ნიშნავს“.

Anatomy of a Fall საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისა და საუკეთესო სცენარის მფლობელი გახდა. რეჟისორმა ჯასტინ ტრიეტმა, ლოქდაუნის დროს, პარტნიორ არტურ ჰარარისთან ერთად ფილმის წერის პროცესი გაიხსენა. „ჩვენ პანდემიის რეალობაში ვიყავით. მე და ჩემი ცხოვრების პარტნიორმა, სახლში გამოკეტილებმა, დღეები გავატარეთ Anatomy of a Fall-ის სცენარის წერაში, ჩვენდა გასაკვირად არავინ მომკვდარა“ - აღნიშნა ჯასტინმა.

Succession სატელევიზიო კატეგორიის ნამდვილ ტრიუმფატორად მოგვევლინა. მეოთხე და ბოლო სეზონით, HBO-ს მეგაჰიტმა 4 ნომინაციაში გაიმარჯვა. 

სატელევიზიო შოუების კატეგორიაში გამარჯვებულებს შორის არიან აგრეთვე სტივენ იუნი და ალი ვონგი, რომლებიც Beef-ში შესრულებული როლისთვის აღიარეს, და The Bear-ის მსახიობები ჯერემი ალენ უაიტი და აიო ედებირი.

ელიზაბეტ დებიკი საუკეთესო მეორეხარისხოვან მსახიობად, სერიალ The Crown-ში, პრინცესა დაიანას როლის შესრულებისთვის დასახელდა. მან შოუს პროდიუსერებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და სიტყვით გამოსვლისას მოიხსენია ეკრანული პრეტენზიული შვილები, ედ მაკვეი და ლუთერ ფორდი, რომლებიც შოუში პრინც უილიამის და პრინც ჰარის როლს ასრულებენ.

„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიამ ოფიციალურად გახსნა "დაჯილდოებების სერია", რომელიც 10 მარტს „ოსკარით“ დაგვირგვინდება.

ზევით