#მუსიკა

19 წლის ლიზი გოზალიშვილის შთამბეჭდავი გამოსვლა THE VOICE OF GERMANY-ში

გაზიარება:

საერთაშორისო სცენას კიდევ ერთი ქართველი იპყრობს. 19 წლის მუსიკოსი, ლიზი გოზალიშვილი The Voice of Germany-ს მონაწილეა. ლიზის გამოსვლა ProSieben-ის ეთერში, გუშინ 12 ოქტომბერს გავიდა. 

"სცენაზე გასვლამდე ალბათ ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ატირებულ მწვრთნელს და სპონტანურ დუეტს - ნამდვილად ვერ" - დაწერა მომღერალმა სოციალური ქსელში გამოქვეყნებულ ბრმა კასთინგის ვიდეოზე. ლიზის გამოსვლა, მართლაც რომ მოულოდნელობებით აღმოჩნდა აღსავსე.

უკრაინის დროშის, ლურჯ და ყვითელ, ფერებში შემოსილმა ქართველმა მომღერალმა, ბრმა ქასთინგზე მაიკლ ჯექსონის Earth Song შეასრულდა და ის საკუთარ სათქმელს, ხმის ტემბრსა და სტილს მაქსიმალურად მოარგო. ლიზის შესრულებამ ჟიურის 2 წევრის, ჯოვანი ზარელას და ძმების, ტომ და ბილ კაულიცების მობრუნება შეძლო, თუმცა ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო.

"მე საქართველოდან ვარ, ჩემმა ქვეყანამ არა ერთხელ გადაიტანა ომი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ სიმღერით მეთქვა ის, რასაც ვფიქრობ" - ლიზი გოზალიშვილი.

მას შემდეგ, რაც ლიზიმ ჟიურის წევრებს საკუთარი ისტორია გაუზიარა და ისიც ბედნიერმა ამცნო, რომ ამ სცენაზე დგომა მისთვის ახდენილი ოცნება იყო, ჯოვანიმ და კაულიცებმა მასზე "ნადირობა" ოფიციალურად გამოაცხადეს. ცნობილი გერმანული ჯგუფის Tokio Hotel-ის წევრებმა, ბილიმ და ტომიმ, ქართველ მუსიკოსს განუმარტეს, რა შეიძლება მიეღო მათი არჩევის შემთხვევაში. გერმანელ-იტალიელმა მომღერალმა ჯოვანი ზარელამ კი სიტყვების ნაცვლად, ქმედებით - ლიზისთან ერთად დუეტში Earth Song-ის ხელახალი შესრულებით აჩვენა საკუთარი უპირატესობები.

ისე გამოვიდა, რომ ლიზიმ, ბრმა კასთინგზე სიმღერა ორჯერ შეასრულა და ჟიურის ერთ-ერთი წევრის ატირებაც მოახერხა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღერა არ ყოფილა მარტივი, თუმცა ლიზიმ ჯოვანი ზარელას გუნდში ყოფნა აირჩია.

გერმანული Voice-ის მწვრთნელებს შორის 2023 წლის სეზონზე, აგრეთვე რეპერი შირინ დავიდი და ირლანდიელი სიმღერების ავტორი და მომღერალი – რონან კიტინგი არიან.

19 წლის ლიზი გოზალიშვილს არა ერთ ქართულ პროექტში მიუღია მონაწილეობა, მათ შორის ქართულ Voice-შიც. ლიზი საავტორო მუსიკასაც წერს და სამუსიკო მეცნიერების სწავლაზე ოცნებობს. The Diary-ს გუნდი წარმატებას უსურვებს ლიზის გერმანულ მეგაშოუში და ჩვენს მკითხველს მის ყოველ ახალ მიღწევას დიდი სიამოვნებით გავუზიარებთ.

ზევით