GOGO! - მარია (ჩე) ზოიძის ფოტოსტუდია-ორანჟერეა ბუკნარში

1 წლის წინ, ჩვენს მკითხველს შავიზღვისპირეთში არსებული მარგალიტი - ევროპული სოფელი ბუკნარი გავაცანით, ჩვენი მეგზური ამ პატარა მოგზაურობაში საოცრად ნიჭიერი ფოტოგრაფი მარია (ჩე) ზოიძე გახლდათ, რომელმაც პირადად მიიღო მონაწილეობა ერთი პატარა, საოცრად მშვიდი სოფლის შენება/განახლების პროცესში. მოგვიანებით, სწორედ მარიას დახმარებით ვიმოგზაურეთ ზღაპრულ ინდოეთსა და მაგიურ ტაილანდში.

მარიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე აქვს ბუკნარში და ეს მისი პირადი ფოტოსტუდია-ორანჟერეაა, რომელიც თავდაუზოგავი შრომის და დიდი ძალისხმევის შედეგად შეიქმნა და დღეს, შავიზღვისპირეთის განძს კიდევ უფრო ალამაზებს. 

მე მარია ჩე ზოიძე...

მე მარია ჩე ვარ, პროფესიით ფოტოგრაფი. წლების გამოცდილებისა და პროფესიის უსაზღვრო სიყვარულმა გადამაწყვეტინა განმეხორციელებინა ჩემი დიდი ხნის ოცნება: ფოტოსტუდია-ორანჟერეა ბუკნარი. სივრცე, სადაც მცენარეების სიყვარული და ფოტოგრაფია ერთმანეთთან მჭიდროდ იქნებოდა დაკავშირებული.

იდეიდან ფოტოსტუდია-ორეანჟერეამდე

პანდემიაში შევაგროვე ძალიან ბევრი მცენარე რომელიც ფაქტობრივად სახლში აღარ ეტეოდა. მე არ ვარ ფლორისტი, ყველაფერს ინტერნეტის საშუალებით ვსწავლობ, ასევე ერთი საოცარი მეთოდი აღმოვაჩინე - ყველა ყვავილს უდიდესი სიყვარულით ვეპყრობი და ეს ენერგია რასაც გავცემ მათ ზრდასა და განვითარებაში აისახება.

პირველი სტუდია (იმეჯინ სტუდიო-ბათუმი) აჭარაში 2015 წელს დავაარსე რომელმაც სამი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი რეიტინგით იმუშავა. მსოფლიო პანდემიის დროს ჩემს სოფელში სრულად გამომწყვდეულად ვგრძნობდი თავს, ამ პერიოდში თანასოფლელებთან ერთად სოციალური აქტივობა დავგეგმე, რომელიც მიზნად ისახავდა სოფლის გაწმენდას, გამწვანებასა და სხვადასხვა პატარა პრობლემის აღმოფხვრას. მიზანს მივაღწიეთ და უამრავი ადამიანების დახმარებით დღეს ყველაზე ლამაზი სოფლის ცენტრი გვაქვს სადაც შადრევანში თევზები დაცურავენ და დიდი ლამაზი საათიც გვიდგას.

მხოლოდ მაშინ არის Შესაძლებელი წარმატების მიღწევა, როცა აკეთებ იმას, რაც გიყვარს მე კი ამ ქვეყნად ყველაზე მეტად ფოტოგრაფია და მცენარეები მიყვარს, ამიტომაც შევქმენი ორანჟერეა.

მაგალითი ახალგაზრდა თანასოფლელებისთვის...

ფიქრი იმაზე თუ როგორ განვავითარო ჩემი სოფლის მომავალი ამ იდეამდე მოვედი, ეს პროექტი ჩემ სოფელს ძალიან ბევრ სარგებელს მოუტანს, მინდა ყველა ბავშვისთვის მაგალითად იქცეს ჩემი გამოცდილება, ის ფაქტი, რომ შესაძლოა განათლება მიიღო საზღვარგარეთ, მაგრამ დაბრუნდე საკუთარ კუთხეში და თავად შეცვალო გარემო უკეთესობისაკენ. თუ ამას არავინ აკეთებს სწორედ შენ თავად უნდა იყო სახელმწიფო.

ურთულესია ამ ყველაფრის განხორციელება, სადამდეც მოვედი უდიდეს ძალებსა და ნებისყოფას მოითხოვს, მხოლოდ ის ფიზიკური შრომა რაც 5 თვის განმავლობაში ჩავდე, საათები, რომლებიც ამ საქმეს დავახარჯეთ, რაშიც ოჯახიც მეხმარებოდა, უბრალოდ ენით აღუწერელია. მაგრამ მიზანი რომელიც მაქვს მუდამ ასრულებადია.

ცხოვრებაში, პრინციპი და მიზანდასახულობა მაძლევს ყველაზე დიდი ოცნების განხორციელების საშუალებას.

სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

სამომავლოდ ვაპირებ სრული ბაღნარს შექმნას, პატარა ლამაზი კაფეს გაკეთებას და ასევე კონტეინერის სამუᲨაო ადგილის მოწყობას. იდეები არასოდეს დამელევა რაც ყველაზე დიდი პლუსია. ჩემი ბოლო ოცნებაა მყავდეს ცხენი, იქნებ ოდესმე ესეც ავისრულო.

ზევით