#მოგზაურობა

„ჭამე, დაისვენე, იმოგზაურე“ - მარია ზოიძის (ჩე) მოგზაურობა ტაილანდში

გაზიარება:

„ჩემი ინდოეთის“ აღმოჩენის შემდეგ - ქვეყნის, რომელიც არაერთი წინაღობის მიუხედავად საკუთარი თვალებით ვიხილე და თავდავიწყებით შევიყვარე, ახალი თავგადასავლის საძიებლად მალევე გავემართე და ტაილანდს მივაშურე. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე სახლემწიფო, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო საკურორტო ადგილად ითვლება, არანაკლებ ემოციური და დასამახსოვრებელი მოგზაურობა აღმოჩნდა ჩემთვის.

აღმოვაჩინე, რომ ტაილანდი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა აზიაში, რომელიც მარტო მოგზაური ქალებისთვის საშიშროებას სულაც არ წარმოადგენს. ამ ერის თავმდაბლობა და პატიოსნება გასაოცარია, ადგილობრივები არ ცდილობენ შენს მოტყუებას ან გაძარცვას, ისინი დიდი გულით და ღიმილით გეგებებიან და ყველანაირ წინაპირობას გიქმნიან იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში კიდევ არაერთხელ დაბრუნდე.

ჩემი მოგზაურობა: თბილისი - სტამბოლი, სტამბოლი - ბანგკოკად დაიგეგმა, ბილეთები ჯამში 633 დოლარის ღირებულების იყო; რაც შეეხება ბანგკოკი - ჩანგმაის ტრანსფერს, ამ ორმხრივმა გადაფრენამ 200 დოლარი შეადგინა. ჩემი ვიზა სულ 15 დღე იყო მოქმედი და ტაილანდში დაუვიწყარი 12 დღე დავყავი.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ტაქსების ტარიფი ტაილანდში, რომელიც ძალიან იაფი მომეჩვენა: აეროპორტიდან - ისტორიულ უბნამდე გადავიხადე 16 დოლარი, რაც საკმაოდ შორი მანძილია.

გირჩევთ, ადგილზე ჩასვლის შემდეგ მხოლოდ ტაილანდური ტურისტული ორგანიზაციებით ისარგებლოთ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ძალიან იაფია მათი მომსახურება, მეორე მხრივ კი ამომწურავ, დეტალურ ინფორმაციას გაწვდიან. თითოეული ტურის საფასური 35 დოლარიდან იწყება და სრული დღის პროგრამას მოიცავს.

საცხოვრებელი ადგილები: ბანგკოკში Hostel-ში გადავწყვიტე დარჩენა. ერთ ადამიანზე საფასური 25 დოლარს შეადგენდა; რაც შეეხება ჩანგ მაის, აქ Guest house-ს შევაფარე თავი, რომლის ღირებულება დაახლოებით 17 დოლარი იყო.

კვება: გირჩევთ ამ ქვეყანაში მოხვედრისთანავე დაიწყოთ ტაილანდური სამზარეულოს დაგემოვნება. არჩევანი გააკეთეთ როგორც სთრით ფუდზე, ასევე რესტორნებზე, რომლებსაც ერთი თავისებურება გამოარჩევთ: რაც უფრო კრეატიულია რესტორანი ვიზუალური თვალსაზრისით, მით უფრო მისაღები ფასები დაგხვდებათ შიგნით.

შეგიძლიათ დააგემოვნოთ ხილის წვენები და შეიკები, რომელთა საფასური 60 ბატიდან იწყება

თუ ტაილანდში დაბალი ბიუჯეტით მოგზაურობთ, მაშინ თქვენთვის ერთი საინტერესო ხრიკიც მექნება: არსებობს ერთი მაღაზია, სახელწოდებით 7(SEVEN), რომელიც სწრაფი კვების უმაღლესს ხარისხს გთავაზობთ. აქ შესაძლებლობა გეძლევათ საკვები 10 და 15 ცენტიდან შეიძინოთ. მაგალითად, ბურგერის ღირებულება სულ რაღაც 13 ცენტია, ლაფშას კი 35 ცენტად შეიძენთ. 

კულტურული ღირსშესანიშნაობების სანახავად აუცილებლად უნდა ჩაიცვათ გაუმჭვირვალე კოჭებამდე ტანისამოსი. გირჩევთ ამ პუნქტთან დაკავშირებით თადარიგი წინასწარვე დაიჭიროთ და მსგავსი სამოსი ჩემოდანში გაფრენამდე ჩააწყოთ, რადგან ადგილზე მსგავს სამოსს მხოლოდ გაორმაგებულ ფასად თუ შეიძენთ.

აუცილებლად სანახავ ადგილებს შორის დავასახელებდი Chiang Rai White Temple-ს, რომელიც უბრალოდ წარმოუდგენლად ლამაზია; თავისი დიდებულებითა და ესთეტიურობით თქვენს გულს ტაძარი ნახვისთანავე დაიპყრობს. Chiang Mai-ში შესაძლებლობა მოგეცემათ იხილოთ ყველაზე ლამაზი ტაძრები. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს Wat Phra That Doi Suthep Temple-ს ტაძარიც. აქ მოსახვედრად თქვენ 309 კიბე უნდა აიაროთ და მხოლოდ ამის შემდეგ დატკბებით სანახაობით.

ტაილანდი ჩემთვის არის აღმოჩენა. აქ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად მნიშვნელოვანია იყო პოზიტიური, თავმდაბალი და ნამდვილი ადამიანი.

მე ყოველთვის ერთი პრინციპით ვმოგზაურობ: მოიქეცი ისე, როგორც გსურს რომ მოგექცნენ. გაეცი პოზიტივი და უკან ორმაგად დაგიბრუნდება.

ეს არის ქვეყანა, რომელიც აუცილებლად პოზიტივით დაგმუხტავთ და აუცილებლად გაგაოცებთ კიდეც. აზიაში მდებარე ამ პატარა სამოთხეში ადამიანები ყოველთვის იღიმიან და ყოველთვის შრომობენ. წარმოიდგინეთ, რომ მხოლოდ ერთ ქალაქში 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ქუჩაში კი უსაქმურ ადამიანს უბრალოდ ვერ ნახავთ. დილის 7 საათიდან ფეხშიშველი ბუდისტი მოძღვრები ქალაქის ირგვლივ საკვებს არიგებენ... ამ ქვეყანაში არავინ იტყუება, არც არავინ ჩხუბობს ან ყვირის. ტაილანდი არის ქვეყანა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს მიჰყვება კვალდაკვალ და ეს არაჩვეულებრივად გამოსდის.

ზევით