ქართული ბრენდი Fashion Vibes Milano-ზე და SHILIFI-ის ახალი კოლექცია
ამერად, 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია “შილიფმა” მილანში გამართული მოდის კვირეულის პერიოდში წარადგინა, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ის, რაც საუკუნეების წინ სამკაულად გამოიყენებოდა, დღეს კი მუზეუმებშია დაცული, მაკა შავგულიძემ ბრენდ „ქრონოსის“ სახით თანამედროვეობაში გააცოცხლა. 21-ე საუკუნეში „ქრონოსის“ კოლექციები საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ერთგვარი განსხეულებაა.
თითოეული ნამუშევარი ცოცხალი მემატიანეა იმისა, თუ როგორ ვითარდებოდა ოქრომჭედლობის ხელოვნება საქართველოში ათასწლეულების მანძილზე. სამი ათასი წლის წინანდელი ისტორია, რომელიც დღემდე მუზეუმებში ინახება, ბრენდის მთავარი შთაგონება და ხასიათის განმსაზღვრელი გახდა. აქ ყოველი დიზაინი თავისი ამბით გამოირჩევა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, საკუთარი ქვეყნის ისტორიის ნაწილი ატაროს.

მაკა, როგორ დაიწყო თქვენი ინტერესი ძველი ქართული სამკაულების მიმართ?
მაკა: სამკაული ჩემთვის ყოველთვის იყო ესთეტიკისა და იდენტობის ფორმა და თავადაც ძალიან მსიამოვნებს სამკაულის ტარება. ამასთან, ჩემს პროფესიებშიც, როგორც ხელოვნებათმცოდნესა და მუზეუმთმცოდნეს, კულტურული მემკვიდრეობა განსაკუთრებით ძლიერად იგრძნობა. როდესაც საკუთარ საქმიანობაზე ფიქრი დავიწყე და განვიხილავდი ისეთ საქმიანობას, რომელიც სიამოვნებასაც მომანიჭებდა, სამკაულის შექმნა უალტერნატივო გადაწყვეტილება აღმოჩნდა.

რა იყო პირველი ნივთი, რომელმაც ამ მიმართულებით მუშაობის სურვილი გაგიჩინათ?
მაკა: კონკრეტულ ნივთს ვერ გამოვყოფდი. უფრო მეტად მთლიანად საქართველოს კულტურულმა მემკვიდრეობამ შთამაგონა. მქონდა დიდი ინტერესი და სურვილი, ეს საგანძური რაიმე ფორმით ფართო საზოგადოებისთვის მეჩვენებინა.

რომელი ეპოქის ქართული სამკაული გხიბლავთ ყველაზე მეტად?
მაკა: თუ გავითვალისწინებთ, რა ტექნოლოგიური შესაძლებლობები არსებობდა სხვადასხვა ეპოქაში, ყველა პერიოდის სამკაული განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რადგან ყველაფერი ხელით, საოცარი ოსტატობით სრულდებოდა. მაინც გამოვყოფდი „ცვარას“ ტექნოლოგიას, რომელსაც ძველი ოსტატები ძალიან სათუთად და სკულპტურულად ასრულებდნენ.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, რომ თქვენი ნამუშევრები ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას უკავშირდებოდეს?
მაკა: იქიდან გამომდინარე, რომ „ქრონოსის“ შთაგონების წყარო ძველი ქართული კულტურული მემკვიდრეობაა, ბრენდის მთავარი კონცეფციაც სწორედ ჩვენი ისტორიის ამბის თხრობაა.
![]() |
![]() |
როგორ პოულობთ ბალანსს ხელოვნებას, დიზაინსა და ისტორიული ნივთის დაცვას შორის?
მაკა: მთელ კოლექციას ისტორიული ხაზი გასდევს. ეს ისტორია პატარა ამბებად თითოეულ ნამუშევარშია გადმოცემული. ყველა სამკაულს ახლავს ანოტაცია, სადაც მითითებულია მისი აღმოჩენის ადგილი, ეპოქა და მხატვრული ღირებულება. რაც შეეხება დიზაინს, კოლექციებში ვინარჩუნებთ როგორც ძველ ფორმებს, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, ძველის ახალ იდეებსა და დღევანდელობასთან სინთეზს ვახდენთ.
გაქვთ თუ არა კოლექციებში გამორჩეული ნივთი, რომელიც თქვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია?
მაკა: „ქრონოსის“ სრული კოლექცია ემოციის და შინაარსის მატარებელია. მე უმეტესად CHRONOS-ის სამკაულს ვატარებ და ესთეტიკურ სიამოვნებასთან ერთად, მათგან დიდ ენეგიასა და ძალას ვგრძნობ.
![]() |
![]() |
ამასთან, თუ თითოეული სამკაულის შინაარსს ჩავუღრმავდებით, ვნახავთ სამკაულებს, რომლებსაც ძველი სამეფო ოჯახის წევრები და თავადები სტატუსის ხაზგასასმელად იყენებდნენ. ეს ძალა თითქოს ნივთებშია შემორჩენილი და ეს ენერგეტიკა „ქრონოსის“ კოლექციებშიც იგრძნობა. შესაბამისად, ერთ კონკრეტულ ნივთს ვერ გამოვყოფდი – ჩემთვის CHRONOS-ის თითოეული სამკაული არის ისტორია, რომელიც საუკუნეებს კვეთს და უძველესი ცივილიზაციის ემოციურ კავშირს დღევანდელობასთან აცოცხლებს.
CHRONOS-ის კოლექციის ბეჭდები, სამაჯურები და საყურეები შეგიძლიათ The Diary Concept House-ში იხილოთ.