ბუკნარი - ევროპული სოფელი შავზღვისპირეთში

| ნანკა კიკალია |

დედამიწას რომ სიყვარული ატრიალებს და ადამიანი რომ ადამიანისთვის დღეა, ამ თეზისების უტყუარობაში ხშირად ვერ ვრწმუნდებით, თუმცა როგორც კი მსგავს პრეცედენტს მოვისმენთ - გული ისე ძალიან გვითბება, რომ ინერციით ვცდილობთ თავადაც უკეთესები გავხდეთ.

ადამიანის, დედამიწისა და საკუთარი გარემოს სიყვარულმა გააერთიანა ბუკნარის მცხოვრებლები 8 თვის წინ და აჭარის სოფელში სიკეთის ჯაჭვური რეაქციით წარმოუდგენელი საქმეები დაატრიალა.

ერთი პატარა, თუმცა საოცრად მშვენიერი სოფლის მცხოვრებლებმა საკუთარი ხელებით დაიწყეს სოფლის შენება და რიტორიკულ შეკითხვას ხმამაღლა გასცეს პასუხი: სოფლის შენებას რა უნდა? - მონდომება.

სოფ. ბუკნარში დატრიალებული ჯადოსნობების შესახებ, ცვლილებების ერთ-ერთმა მთავარმა ორგანიზატორმა მარიამ ზოიძემ გვიამბო, თუმცა გასაგებად აგვიხსნა ისიც, რომ მარიას და ბუკნარის მცხოვრებელთა წვლილი ამ საქმეში თანაბარია და თითოეულ მაცხოვრებელს ფასდაუდებელი შრომა აქვს გაწეული სოფლისთვის.

როგორ დაიწყო ყველაფერი...

მზ: აჭარაში სანაპირო ზოლთან არსებობს პატარა სოფელი ბუკნარი, ძველად სოფელს მცენარეების ორანჟერეა, ღვინის ქარხანა და სპირტის გადასამუშავებელი ქარხანა გამოარჩევდა, ის გახლდათ ბუკნარის ძლიერი ეკონომიკის საბაბი. თუმცა დადგა დრო და სოფელი დავიწყებას მიეცა, 350 კომლისგან შემდგარი ბუკნარი წლების განმავლობაში მიივიწყეს და ჩვენს კოლოსალურად დიდი რაოდენობის ნაგავში ვიძირებოდით.

პანდემიის პერიოდში, როდესაც საკუთარ ეზოში ბაღის მოშენებას მოვრჩი, გადავწყვიტე საკუთარი ხელით ან გამგეობის დახმარებით მეცადა ქუჩების გასუფთავება, თუმცა ჩემი მცდელობა ზღვაში წვეთი აღმოჩნდა. გადავწყვიტე შემექმნა ჯგუფი სოციალურ ქსელში და ყველა თანასოფლელისთვის ერთად მომეყარა თავი.

 ეტაპობრივად ფოტოგრაფიის, სწორი მეგობრული მენეჯმენტისა და პიარის საშუალებით სოფლის მოსახლეობა გავერთიანდით.

ყოველ შაბათს-კვირას უმძიმესი, 9 საათიანი, დალაგებების შემდეგ როგორც იქნა სასურველ შედეგს მივაღწიეთ თუმცა არც ამაზე გავჩერდით და დავრგეთ 80 პალმა, გავამწვანეთ პარკი, პირველად სოფლის ისტორიაში მოვაწყეთ ბავშვთა ზეიმი. გამოჩნდა ბევრი კეთილი თანასოფლელი ემიგრაციიდან, თბილისში წასულნი თუ სხვადასხვა ადგილებიდან, თითოეულმა თანასოფლელმა შევაგროვეთ ფინანსები დავდგით განათებული ასოებით სოფლის წარწერა "ბუკნარი".

ნანკა კიკალია, The Diary-ს დამფუძნებელი ბუკნარში

განვათავსეთ ჩიტის სახლები, კრეატიული ველოსიპედები სათლებში ყვავილებით. სანაპირო ზოლი გავწმინდეთ სრულად, ასევე დავდგით პირველად აჭარაში ხის საქანელა და ვაპირებთ უფრო მეტი იდეების განხორციელებას.

მარიამ ზოიძე, ფოტოგრაფებში ცნობილი როგორც Maria Che - ბუკნარის აღორძინების სულისჩამდგმელი

ყველა ბუკნარისთვის

მზ: 8 თვეა რაც ეს პროცესი მიმდინარეობს მოსახლეობის ჩართულობა ჯგუფის შექმნის დღიდან თვის ბოლოს უკვე განხორციელდა, რა თქმა უნდა, უმეტესად ახალგაზრდები ვართ ვინც თავდაუზოგავად ვშრომობთ, თუმცა ბავშვებს გვერდიდან ვერ ვიშორებთ ხოლო უფროსი თაობა რაც შეუძლია ყველაფრით გვეხმარება.

პატარ-პატარა ნაბიჯები

მზ: მსურს უახლოეს კვირებში პარკში პატარა ღია ბიბლიოთეკა გავაკეთო ბავშვებისათვის, ძველი მაცივარი გამოვიტანო, მოვხატო და აიღე, წაიკითხე და დააბრუნეს პრინციპით. ასევე, ვგეგმავთ სანაპირო ზოლზე საქანელების დამატებას, მინდა, რომ სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები ჩამოვიყვანო ბუკნარში, რათა ბავშვებს სამოტივაციო ტრენინგები ჩაუტარონ, ისინი ჩვენს სამიზნე სეგმენტს წარმოადგენენ, მეტი განათლება უკეთესობისკენ ცვლილებას გულისხმობს.

ბავშვები ხედავენ, ბავშვები იმეორებენ უტყუარი თქმულება ყოფილა

ზევით