#მოგზაურობა

მოგზაურის დღიური: მარია ზოიძის „ჩემი ინდოეთი“

გაზიარება:

ბავშვობიდან მოყოლებული ვოცნებობდი ინდოეთში მოგზაურობაზე. თუმცა, საკმარისი იყო ამის შესახებ ვინმესთან აღმენიშნა, რომ ერთი და იმავე კომენტარების კორიანტელი მოემართებოდა ჩემკენ: სიბინძურე, სიღარიბე, აუტანელი სუნი და დაავადებები. იმასაც ხშირად მეუბნებოდნენ, რომ იქ წასული უკან ცოცხალი ვერ დავბრუნდებოდი. მაგრამ მე მუდამ ჩემი ინდოეთი მქონდა წარმოდგენილი: თვალისმომჭრელი ფერებით, მდიდარი ისტორიით, კულტურით, საოცრად სევდიანი თვალებით, ყველაფრის მიუხედავად მომღიმარი სახეებითა და სრული თავისუფლებით. 

ჩემი ინდოეთის საძებნელად ჯერ კიდევ მსოფლიო პანდემიის დაწყებამდე გავეშურე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მოლოდინები გამართლდა.

ინდოეთი ეს არის ქვეყანა მუზეუმი, სადაც ბევრ უნიკალურ მასალას აღმოაჩენთ, იპოვით თქვენს წილ ბედნიერებას და თუ იმის შანსიც მოგეცემათ, რომ ქვეყნის საუკეთესო გიდი გაგიძღვეთ წინ, მაშინ თქვენი მოგზაურობა დაუვიწყარ თავგადასავალში გადაიზრდება.

ნივთები, რომლებიც მოგზაურობისას დაგჭირდებათ:

პირველ ყოვლისა, გირჩევთ, აუციელებლად თან იქონიოთ ბახილები, რადგან ტაძრების უმრავლესობაში ფეხსაცმლით შესვლა აკრძალულია.

მეორე მხრივ კი, ერთგულ მეგზურად იქციეთ პირველადი სამედიცინო საშუალებები - ხანგძლივი მოგზაურობისას მე ხმა დავკარგე და ყელის საშუალებები დამჭირდა.

რელიგია

რელიგიური მრავალფეროვნება და ტოლერანტობა ინდოეთში ნამდვილად დამკვიდრებულია. ადამიანებს ნამდვილად უყვართ და სწამთ რელიგიის, ისინი უდიდესი რწმენით ასრულებენ ყველა წესსა და რიტუალს, მათ შორის 21 კილომეტრის ფეხშიშველი გავლას წმინდა ადგილამდე. ყოველდღიურად, ტაძრები უზრუნველყოფენ ადამიანების დაპურებას, ხშირად ტაძარში დაპურებული ადამიანები გამოდიან და თავიანთ საჭმელს ღარიბებს უნაწილებენ.

აქ ყველაზე მთავარი, რასაც ერთმანეთს უზიარებენ სიყვარულია, ხოლო სადაც სიყვარულია, იქ სხვა ყველაფერი უმნიშვნელო ხდება ჩემთვის.

ვაჭრობის მაგია

თავისი უნიკალური ნივთებით ინდოეთის ბაზარი თქვენს მონუსხვას აუცილებლად შეძლებს. თუმცა, მალევე აღმოაჩენთ ერთ უცნაურ ფაქტს - ამ ქვეყანაში ვაჭრობის დაუჯერებელი ხერხი აქვთ. როდესაც ნივთის საფასურად 1500 რუპიას გისახელებენ, ვაჭრობის ბოლოს ამ ნივთს 400 რუპიად ყიდულობ, თუმცა არასდროს იცი რა იყო მისი რეალური ღირებულება. მარტივად რომ გითხრათ, ინდოეთის ბაზარში ყველა შემთხვევაში მოტყუებული დარჩებით.

 ტრანსპორტი

შორ მანძილზე გადასაადგილებლად სასურველია იქირაოთ ავტომობილი. თუმცა, ქალაქში შეგიძლიათ საყვარელი პაწაწუნა რიკშათი, იგივე ტუკტუკით იმოძრაოთ. აქვე გეტყვით კიდევ ერთი ნივთს, რომელიც აუცილებლად თან უნდა იქონიოთ - ყურის საცობები, რადგან მგზავრობისას ავტომობილების სიგნალი, უბრალოდ დაუსრულებლად ისმის.

ჩემი ინდოეთი არის ადამიანის თვალებში დანახული ისტორიები, ნათელი ფერები, სიყვარული ბუნებისა და ყოველი არსების მიმართ. პატივისცემა, თავისუფლება, მინიმალური - მაგრამ ბედნიერი ცხოვრება, ექსტრემალური ისტორიები, ულევი ენერგია და ბევრი თავგადასავალი, მე კიდევ ბევრჯერ ვეწვევი ინდოეთს!

ფოტოები: მარია ზოიძე

ზევით